გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მათი განცხადებით, ბიძინა სტურუამ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო და განაჩენი მტკიცებულებებზე არ დაუფუძნებია.
"მოლოდინი იყო გამამრთლებელი განაჩენის, ვინაიდან არ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის არანაირი სამართლებრივი საფუძველი. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა, ბიძინა სტურუამ ვერ გაუძლო ზეწოლას. ამას ემატება ისიც, რომ სტურუა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია და ახლა თუ არა, შემდეგი დანიშვნის დროს მას დაუფასებენ ამ გადაწყვეტილებას. მივალთ სტრასბურგამდე, არ გვაქვს ილუზია, რომ აქ რომელიმე ინსტანცია საქმეს სამართლიანად გადაწყვეტს. ამოვწურავთ ყველა ინსტანციას და შემდეგ მივმართავთ სტრასბურგს" - განაცხადა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.
"სასამართლომ აირჩია მონობის გზა, პირდაპირ ვეტყვი მოსამართლე სტურუას, რომ ის არის მონა. ჩვენ ერთადერთი, გვაქვს ევროპული სასამართლოს იმედი და გვჯერა, რომ დადგინდება ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა.
აქ არის სასჯელზე ლაპარაკი, საქმეში არ იყო არანაირი მტკიცებულება არათუ იმისა, რომ დანაშაული ბრალდებულებმა ჩაიდინეს, არამედ იმისაც კი, რომ მათი მხრიდან გიორგი შაქარაშვილზე ძალადობას ჰქონდა ადგილი" - განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.
"მოსამართლე არანაირი მტკიცებულებას არ დაყრდნობია. ეს იყო ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება, საუკუნის სამარცხვინო გადაწყვეტილება, რცხვენოდეს ბიძინა სტურუას" - აღნიშნა ვახო ჩიქოვანის უფლებადამცველმა ლელა გოგოლაძემ.
შეგახსენებთ, რომ მხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
მასალის გამოყენების პირობები