რუსთავის N6 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრები მე-18 დღეა, შიმშილობენ. ამის შესახებ "ნიუპოსტს" პატიმრებმა თავად აცნობეს:
„გენპროკურატურაში შევიტანეთ საჩივარი, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ ციხის ადმინისტრაცია ამ საჩივარს ბლოკავს და პროკურატურამდე არ მიდის. ამასთანავე, ციხის ადმინისტრაცია ბლოკავს სატელეფონო ზარებს, ტელეფონები გამორთული გვაქვს და დღის განმავლობაში მხოლოდ 10 წუთი გვეძლევა საუბრის საშუალება“, - აცხადებენ პატიმრები.
შეგახსენებთ, რომ პატიმრებმა დავით ორჟონიამ და ნუკრი ბელქანიამ რამდენიმე დღის წინ თვითდაზიანებები მიიყენეს, მოგვიანებით კი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნეს, რომ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ისინი სარდაფში ჩაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მათივე ინფორმაციით, მოძალადე თანამშრომლები სამსახურებიდან დაითხოვეს, თუმცა, სასჯელაღსრულების სამინისტრო ამ ფაქტს არ ახმაურებს, რათა არ დადასტურდეს პატიმრების ცემის ფაქტების არსებობა.
პატიმრები „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნავენ, რომ საქმის კურსში სახალხო დამცველის აპარატიც ჩააყენეს, მაგრამ შესაბამის ყურადღებას მათ მოთხოვნებს არავინ აქცევს.
მასალის გამოყენების პირობები






