გორში 14 წლის გოგონას მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებით "პატრიოტთა ალიანსის" ახალგაზრდული ფრთის წევრი, 24 წლის მამაკაცია დაკავებული.
მოზარდი გოგონას დედის ინფორმაციით, მისი შვილის ტელეფონში უხამსი შინაარსის ესემესები ამოიკითხა და ვითარების გასარკვევად პარტიის ოფისში მივიდა, ამის შემდეგ კი პოლიციაში იჩვლა:
"შემთხვევით გავიგე ამის შესახებ. მივყევი ჩემს შვილს ამ ოფისში, არასრულწლოვნები, ჩემი შვილის ტოლა ბავშვები იმყოფებოდნენ, რამაც დამაეჭვა. გავესაუბრე და ამ პიროვნებამ მითხრა, რომ იყო ფსიქოლოგი. რაღაც დეტალებმა დამაეჭვა, შემდეგ შევამოწმე ჩემი შვილის ტელეფონი, სადაც გამოკვეთილი იყო, რომ არ იყო ეს ჩვეულებრივი უფროსის და არასრულწლოვნის მიმოწერა, რაღაც უხერხული ესემესები იყო. შევხვდი პირადად ამ პიროვნებას, მოტყუებით, ვითომ ჩემი შვილი ხვდებოდა და მივიყვანე პოლიციაში" - განაცხადა გოგონას დედამ.
დაკავებულის უფლებადამცველის თამარ თედლიაშვილის მტკიცებით, მოკლეტექსტური შეტყობინებების შინაარსი არა უხამსი, არამედ სასიყვარულო იყო და ის მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობას ამაში ვერ ხედავს:
"მიმოწერა, რომელიც საქმეშია, სუფთა სათუთი მიმოწერაა ორ ადამიანს შორის. შესაძლებელია ადამიანი სკოლის მერხიდან გიყვარდეს, 0 კლასიდან, როცა ჯერ ბავშვები ხართ. ბრალს არ აღიარებს და იმედი მაქვს, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგება საქმის არსებითად განხილვის დროს", - განაცხადა თედლიაშვილმა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 5-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები