შავი ზღვის 27 თებერვალს ნატომ შავი ზღვის აკვატორიაში მრავალეროვნული საზღვაო სწავლება "პოსეიდონი-2021" დაიწყო, რომელიც 6 მარტამდე გასტანს.
სწავლების მიმდინარეობის პარალელურად საზღვარგარეთის, მათ შორის თურქულ მედიაშ გაჩნდა ინფორმაცია, რომ თურქეთი შესაძლოა რუსეთის მოწინააღმდეგე გახდეს, რადგან სწავლების ერთერთი მიზანი უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთის შეკავებაა. გამოცემა Milliyet წერს, რომ ანკარა მზადაა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტს სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინოს.
ოფიციალურ ანკარას ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ "პოსეიდონი-2021" მიზანი შავ ზღვაზე მშვიდობისა და ხომალდების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფაა, თუმცა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, სწორედ ამაში სდებს ბრალს რუსეთს, რომელიც შავ ზღვას "პირად საკუთრებად" თვლის.
ოფიციალური მონაცემებით სწავლებაში რუმინეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, თურქეთისა და აშშ-ის 700-მდე სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს მონაწილეობა ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე. სწავლებაში ჩართულია სხვადასხვა რანგის 13 სამხედრო ხომალდი, 9 თვითმფრინავი, წყალქვეშა რობოტი და პიროტექნიკით დატვირთული ერთი ავტომობილი.
ბოლო მომენტში სწავლებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ბულგარეთმა, რადგან მის სამხედრო ხომალდზე კორონბავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა და გემი პორტიდან არ გასულა.
სწავლების მიზანი ევროპის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შავ ზღვაში ნატოს ყოფნის გაძლიერებაა, რაც რუსეთის გაღიზიანებას იწვევს.

მასალის გამოყენების პირობები






