ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა არჩილ გაგნიძემ სასამართლო პროცესზე პროკურორებს მიმართა და განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებამ მოკლულის ოჯახი ტყუილში დააჯერა. მისი განმარტებით, მაშინ, როცა ოჯახმა პროცესზე მას მკვლელი უწოდა, იმ დღეს თავადაც მოკვდა:
"რაც სიმართლე იყო, ის ვუთხარი გამოძიებას და დავაფუქსირე ჩვენებაში. გამომძიებელს რომ უნდოდა ის მეღიარებინა, რაც არ ჩამიდენია, ფეხებით რომ დამკიდონ და დენზე შემაერთონ, არ ვიტყვი. ტყუილში დააჯერეთ შაქარაშვილის ოჯახი და პროცესზე მკვლელი მეძახა. მეც მოვკვდი იმ დღეს და თქვენი ბრალია, რომ გიორგის დედას და საზოგადოებას შეუქმენით იმის განცდა, რომ მართლა მე მოვკალი გიორგი შაქარაშვილი.
აქ იქნება, თუ მერე, დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს და მერე რა პასუხს გამცემთ? როგორ ვცემდი პატარა ბავშვს და მერე ცოცხალ ადამიანს წყალში როგორ გადავაგდები. ამას არაკაციც კი არ გააკეთებდა. 6-დან 10-წლამდე ბავშვების მწვრთნელი ვარ და ჩემი მანქანით მიმყავს ვარჯიშზე და მერე სახლებში ვარიგებ",- განაცხადა გაგნიძემ.
მასალის გამოყენების პირობები