რუსეთში ქართველ „კანონიერ ქურდს“, თენგიზ გიგიბერიას ასამართლებენ, რომელსაც კრიმინალურ წრეებში თენგო „ფოთინსკის“ სახელით იცნობენ.
მას ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას და „კანონიერ ქურდობას“ ედავებიან, რომელიც რუსეთში 2019 წლის აპრილიდან დასჯად ქმედებად მიიჩნევა.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა იგეგმებოდა, მაგრამ გიგიბერიამ მოსამართლე ტატიანა ფროლოვას პირდაპირ განაჩენის გამოტანის თხოვნით მიმართა:
„პატივცემულო, მე ყველაფერს ვეთანხმები, ვაღიარებ ჩემს დანაშაულს, ყველაფერი მართალია, რასაც პროკურორი ამბობს. 1996 წლიდან კანონიერი ქურდი ვარ… ვაღიარებ ჩემს დანაშაულს, თუ გინდათ, დამსაჯეთ. მე გთხოვ, რომ ყველაფერი სწრაფად გააკეთოთ, ჩემთვის რთულია. არ არის საჭირო მოწმეების გამოძახება, პირდაპირ განაჩენი გამომიტანეთ“, – ციტირებს ქართველი „კანონიერი ქურდის“ სიტყვებს რუსული მედია, რომელიც სასამართლო პროცესს აშუქებს.
გიგიბერიამ ასევე განმარტა, რომ მის სხეულზე არსებული ქურდული სვირინგები ისე გაიკეთა, რომ არ იცოდა მისი მნიშვნელობა – მაგალითად ერთ-ერთი ასეთი სვირინგი იკითება, როგორც – „ციხე ჩემი სახლია“.
ბრალდბეულმა უკომენტაროდ დატოვა კითხვა, რომელიც ციხეში მისი 17-წლიანი პატიმრობის დროს მომხდარ სამართალდარღვევებს უკავშირდება. „კანონიერი ქურდი“ მრავალწლიან სასჯელს ყაჩაღობის, მკვლელობის და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის იხდიდა, სასჯელის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე კი მას ახალი ბრალდებები წარუდგინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ციხეში კიდევ მრავალი წლის გატარება მოუწიოს.
17-წლიანი პატიმრობის განმავლობაში თენგო გიგიბერია ციხეში სხვადასხვა კანონდარღვევისთვის 300-ჯერ ამხილეს.
ნახეთ ვიდეო ↓
Volume 90%
გიგიბერია ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი ერთგვარი გადაცდომებია. მისი თქმით, 2011 წლიდან საკანში მარტო ზის და არ შეუძლია სხვა პატიმრებთან კომუნიკაცია, მათი კონფლიქტების მოგვარება, ვინმეს დაგვირგვინება და საერთო ფონდის განკარგვა.
ბრალდებულმა გამოთქვა ეჭვი, რომ მის წინააღმდეგ ახალი ბრალი კოლონიის ადმინისტრაციის ინცპირირებულია.
მოსამართლე ტატიანა ფროლოვამ ჰკითხა ბრალდებულს, რატომ არ თქვა უარი „კანონიერი ქურდის“ სტატუსზე და როგორ ჩატარდა მისი „დაგვირგვინების“ პროცედურა.
„არ ვიცი, გჯერათ თუ არა. 2019 წლიდან, როგორც კანონი გამოვიდა, ჩემი ფიქრები მიმართული იყო იქითკენ, რომ გავითავისუფლო თავი ამ სტატუსისგან. გულით ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ ჩავერთო რაიმე დანაშაულებრივ ქმედებებში. მყავს ორი პატარა ბავშვი, რომლებიც პირისპირ არასდროს მინახავს. ისინი გაიზარდნენ. უბრალოდ მინდა ავუხსნა, რატომ არ ვიყავი მათთან, რატომ გაიზარდნენ ჩემს გარეშე…
მე ვაპირებდი ამის გაკეთებას [ქურდული სტატუსის შეჩერება], როდესაც თავისუფალებაზე გავიდოდი. ქურდების ნახვა მინდოდა ამ საკითხზე. მინდოდა თავი გამეთავისუფლებინა და ჩემი საქმე სხვა გზით წასულიყო. თუ რაიმე სასწაული მოხდა და გამათავისუფლეთ, სიტყვას გაძლევთ – არ ჩავერიო კრიმინალურ საქმიანობაში და ვიცხოვრებ ჩემს ოჯახთან ერთად. პატივცემულო, მე წესიერი ადამიანი ვარ, ყველა წმინდანს ვფიცავარ“, – მიმართა მოსამართლეს ქართველმა „კანონიერმა ქურდმა“.
აღიარების მიუხედავად, სასამართლო განხილვა გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თენგიზ გიგიბერიას დამატებით 15-წლიანი პატიმრობა ელის.
წუარო: primetime.ge
მასალის გამოყენების პირობები