დღეს, 12 საათზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა გიორგი ხიზანიშვილმა და ბიუროს თანამშრომლებმა, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს. სისხლის უანგარო დონაციაში ესქპერტიზის ეროვნული ბიუროს 40-მდე თანამშრომელი ჩაერთო.
ჩაბარებული სისხლი ონკოჰემატოლოგიის განყოფილებაში საჭიროებისამებრ სისხლის სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვებს მოხმარდებათ.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში ლეიკემიით, ლიმფური კვანძების სიმსივნითა და სხვადასვხა სახის ანემიით დაავადებული 30 ბავშვი მკურნალობს. ისინი ეტაპობრივად გადიან ქიმიოთერაპიის კურსს. მათ რეაბილიტაციისთვის სისხლი ყოველდღიურად ესაჭიროებათ. აღსანიშნავია, რომ 1 ადამიანის მიერ გაღებული სისხლი 3 ბავშვს ხმარდება.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო პერიოდულად ეხმარება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. გარდა სისხლის გაღებისა, ხშირად სტუმრობს ბავშვთა ონკოჰემატოლოგიის ცენტრს და ბავშვებს სხვადასხვა სახის საჩუქრებს გადასცემს. მსგავსი სახის აქციებში ბიურო მომავალშიც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები






