ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ფოთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ბაჩანა შალიკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - მოსამართლემ, ირაკლი აფშილავამ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სასამართლო პროცესი დისტანციურად გაიმართა.
პროცესზე ბრალდებულის ადვოკატებმა 30 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ბრალდებულის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ისინი დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
"ამ უკანონო გადაწყვეტილების, განჩინებას როგორც კი მივიღებთ, გავასაჩივრებთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ბრალდებული არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და არც ჩვენ ვეთანხმებით", - განაცხადა ადვოკატმა ნუგზარ ტყებუჩავამ.
"უნდა აღვნიშნო, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უკანონო. სასამართლო და პროკურატურა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საერთოდ გასულები არიან სამართლებრივ ჩარჩოდან, აბუჩად იგდებენ ადამიანის უფლებებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღწეული არ არის, არა თუ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რაც აუცილებელია აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებისას, არამედ საერთოდ რაიმე ღირებული ნივთმტკიცებაც მოპოვებული არა აქვთ. სენსაციური იყო როდესაც დავსვით კითხვა პროკურორის მიმართ, როდესაც ვთხოვეთ , რომ ბატონი მოსამართლის წინაშე დაესახელებინა თუნდაც ერთი პირდაპირი ნივთმტკიცება, პროკურორმა განაცხადა,რომ ასეთ ნივთმტკიცებას მოიპოვებენ მომავალში. ანუ, მომავლის იმედზე მოსამართლე უფარდებს პატიმრობას. სასამართლო ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე.სასამართლო დაკავებულია პროკურატურის უკანონო მოთხოვნების რეგისტრაციით. სხვათაშორის, დაკავებული ადრეც იყო ნასამართლევი. 9 წელი მოიხადა სრულიად უდანაშაულოდ ციხეში. შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიერ იქნა გამართლებული“, - განაცხადა ადვოკატმა მარლენ კაზანჩიმ .
შეგახსენებთ, 4 თებერვალს ფოთში, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან საკუთარ ავტომობილში, შვილის თვალწინ ახალგაზრდა მამაკაცი, გურამ ახალაია ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. მკვლელობის ფაქტზე შსს-მ შალვა შალიკაშვილი ცხელ კვალზე დააკავა.მას ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილია, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






