„სანამ კრეატიული ვარ... სანამ ცხოვრებით ვხარობ, არავის აქვს უფლება წარსულს მიმაბაროს“
huffpost.com 90 წლის მწერლის ვარდა იორანის ბლოგს გვთავაზობს, სადაც მოხუცი ქალბატონი იმ მანკიერ დამოკიდებულებაზე საუბრობს, რომელიც კორონავირუსის გამოჩენისას გაჩნდა, კერძოდ კი ფრაზაზე: „ეს მოხუცების დაავადებაა და არაუშავს, ძირითადად მათ კლავს“. „ნიუპოსტმა“ საინტერესო მწერლის წერილი თარგმნა, რომელსაც ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ:
“მეოთხედი საუკუნეა ჩემი ქალაქის საპატიო მოქალაქე ვარ და კვლავ დაკავებული ვარ ქვაზე კვეთით, კითხვითა და წერით. ვსაუბრობ ხუთ ენაზე, ვიყენებ ელექტრონულ ფოსტასა და WhatsApp–ს ფინეთში, ჩინეთში, ნორვეგიაში, ინგლისში, ისრაელში, რუსეთში, ტაილანდსა და აშშ–ში ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. ვხელმძღვანელობ ჩემ მიერ შექმნილ ფონდს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოხუცებს ეხმარება. ვვარჯიშობ დარბაზში და ორგანიზებას ვუკეთებ Zoom–ის საშუალებით ფილოსოფიური კლუბის შეკრებებს, სადაც განსახილველ საკითხთა შორის არის ეთიკა, მიტევება, მრისხანება, შემოქმედებითობა და სხვა მსგავსი თემები.
რა თქმა უნდა პანდემიის გამო ჩემი ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა. Covid-19–მა ყველაფერი ერთი გასროლით გაანადგურა. ჩემი ცხოვრების 90 წლის მანძილზე მრავალი ისტორია გადამხდა თავს, მაგრამ მსგავსი სიტუაცია არასდროს მინახავს. ჩემი ქალიშვილი შეწუხებული იყო იმ ფაქტით, რომ ქალაქში გაცილებით დაუცველი ვიქნებოდი და ჩემზე ზრუნვა უფრო რთული იქნებოდა. შესაბამისად, დავტოვე ბრუკლინი და ახლა პიკსქილში, შტატის ჩრდილოეთით ჩემს ქალიშვილთან, სიძესთან და მოზარდ შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ მოშორებით ყველაფრისგან და გაცილებით უსაფრთხო გარემოში. ჩემი ერთადერთი გასეირნება ნიღბითა და ხელთათმანებით შემოიფარგლება მაშინ, როცა სახლიდან უახლოეს ლაბორატორიამდე სისხლის რეგულარული ანალიზის გასაკეთებლად მივდივარ.
ვინ იცის რა მიმართულებით წაგვიყვანს ეს ცვლილებები. აქამდე რაც ვიხილე, არის ის, რომ კრიზისმა კარგ ადამიანებში საუკეთესო რაღაცები, ცუდ ადამიანებში კი უარესი რაღაცები გამოავლინა. რასაც ვხვდები არის ის, რომ მსოფლიოს სწორ ვექტორზე დასაბრუნებლად საჭიროა ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა და ერთმანეთის თანაგრძნობა.
ადამიანების გარკვეული ნაწილი თანხმდება, რომ თუ მე კორონავირუსმა მომკლაა არაფერია, რადგან მე ხანგრძლივი, სრულფასოვანი ცხოვრებით ვიცხოვრე და კი, მე ნამდვილად სრულფასოვანი ცხოვრებით ვცხოვრობ.
ჩინეთში ებრაულ ოჯახში დავიბადე, რომელმაც რუსეთი ანტისემიტიზმისგან, შიმშილისა და თავდასხმებისგან თავდასაცავად თავშესაფრის მოსაძებნად დატოვა პირველი მსოფლიო ომის დროს. ჩემი ცხოვრების პირველი 20 წელიწადი ჩინეთში გავატარე, მეორე მსოფლიო ომის დროს გავუძელი ჩემი ქალაქის იაპონიის მიერ ოკუპაციას, შემდეგი 30 წელიწადი ისრაელში ვიცხოვრე. ივრითს ვასწავლიდი ემიგრანტ ებრაელ ბავშვებს, ვმუშაობდი BBC–ში და ვიყავი მხატვარ–გრაფიკოსი. დავქორწინდი და ორი ქალიშვილი გავზარდე. საბოლოოდ კი ჩემი ქამრის სამსახურმა 1979 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგვიყვანა. მაშინ 50 წლის ვიყავი და აზრადაც არ მომსვლია, რომ ეს იქნებოდა ჩემი, როგორც მხატვრის პროფესიული თვალსაზრისით განვითარების ხანის დასაწყისი.
70 წლის ასაკში სახელი მოვიხვეჭე როგორც მწერალმა. 82 წლის ასაკში კი არაკომერციული ორგანიზაცია შევქმენი, რომელიც მოხუცებს აქტიურად ეხმარება. გასულ წელს, 89 წლის ასაკში მეორე წიგნი გამოვაქვეყნე და კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი.
მე უმოქმედო არ ვარ და მტკივნეულია ჩემთვის იმის მოსმენა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან ასაკი განსაზღვრავს ღირს თუ არა ვინმეს გადარჩენა. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მეც და ჩემს ახლობლებსაც გვსურს რაც შეიძლება დიდხანს ვიცოცხლო. მსურს წავიდე ჩემი შვილიშვილის გამოსაშვებ საღამოზე და ვნახო თუ რომელ კოლეჯში განაგრძობს სწავლას. მინდა, რომ ჩემი უფროსი შვილიშვილის შვილი მოევლინოს ამ ქვეყანას და გავიცნო ის. მსურს ბედნიერი ცხოვრება განვაგრძო. ისევ ისეთი ინტენსივობით მოგზაურობა აღარ შემიძლია, როგორც ადრე, მაგრამ მსურს ისევ ვიხილო ისრაელი. ის, რომ მე 90 წლის ვარ, არ ნიშნავს იმას, რომ სასწავლი აღარაფერი მაქვს და არ ვფლობ ცოდნას, რომელიც შემიძლია სხვას გავუნაწილო.
ჩვენი ცხოვრება, ოცნებები და პროდუქტიულობა ამოუწურავია. როცა 65 წლისები ვხდებით, არის ასაკი, რომელსაც საზოგადოება „საკმარისად მოხუცს“ უწოდებს. ასაკოვანი ხალხი შეიძლება იყოს პროდუქტიული და მსოფლიოს განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს საკუთარი გამოცდილების საშუალებით.
მე 90 წლის ვარ და ველოდები კარანტინის დასრულებას. სანამ შემოქმედებითი ადამიანი ვარ და გარშემორტყმული ვარ სიყვარულით ოჯახისა და მეგობრების მხრიდან, სანამ ვტკბები ცხოვრებით, არავის აქვს უფლება წარსულს მიმაბაროს“
მასალის გამოყენების პირობები






