ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, რომელიც სახელმწიფო ქონების მითვისებაშია ბრალდებული, ხოლო მის მფლობელობაში არსებული კომპანიები დაყადაღებულია, „ნიუპოსტთან“ მის პრობლემებსა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგმარეობაზე საუბრობს.
ცეზარ ჩოჩელის განმარტებით, მას აქვს გარკვეული გეგმები, ახალი საწარმოების შექმნასთან დაკავშირებით, რომელთა განხორციელებასაც აუცილებლად აპირებს:
- ბატონო ცეზარ, როგორ აისახა თქვენს მიმართ დაწყებული სამართლებრივი დავა თუ დევნა თქვენს ბიზნესზე, თუნდაც უცხოურ წამყვან კომპანიებთან ურთიერთობაში?
- ყველაზე ცუდი, რაც მოხდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს იყო ამ წარმოებებისა და ქონებების დაყადაღება, რამაც ფაქტობრივად გააჩერა ბიზნესის განვითარების პროცესი. შეუძლებელი გახდა ამ ეტაპზე ახალი პროექტების დაწყება, იმიტომ, რომ ის მიწები და ქონებები რაც უზრუნველყოფაში უნდა წასულიყო, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, სადაც უნდა აშენებულიყო ახალი წარმოება, მათ შორის იყო ჩიფსების ქარხანა, ის ტერიტორია დაყადაღდა და აქედან გამომდინარე, პროექტი გაჩერდა.
რაც შეეხება მთლიანობაში უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობას, ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა. იმიტომ, რომ ფაქტობრივად ერთია, როცა სისხლის სამართლებრივი დევნა მიდის ერთ-ერთი პარტნიორის მიმართ და მეორეა არსებული, ყველა წარმოება და ქონება, რომელიც ჯგუფს უკავშირდება, დაყადაღებული რომ არის.
შედეგად, უცხოელ პარტნიორებში უკვე ჩნდება უნდობლობის მომენტი. აქედან გამომდინარე, საკმაოდ სერიოზული პრობლემა შეიქმნა. არანაკლებ სერიოზული პრობლემა შეიქმნა ექსპორტის თვალსაზრისითაც. მეზობელი ქვეყნები, რომ ხედავენ შიგნით პრობლემებია, მათთან ურთიერთობა უკვე გართულებულია, შესაბამისად საკმაოდ არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩნდით.
- როგორ ახერხებთ ამ პირობებში მუშაობას და იმას, რომ საწარმოები მაინც გამართულად მუშაობენ, რეკლამებიც გადის და თანამშრომელთა ანაზღაურებას დროულად გასცემთ?
- ჯერჯერობით ძალიან რთულ პირობებში ვართ, უკვე ერთი წელია ამ პირობებში ვიმყოფებით. ეს ყოველივე სტრუქტურულად რომ არ ყოფილიყო ძალიან მაღალ დონეზე აწყობილი და ორგანიზებული, აქამდე უკვე ჩამოშლილი იქნებოდა ყველა ქარხანა.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მძიმე პირობებში ვართ, უფრო მეტი ენთუზიაზმით და მონდომებით ვცდილობთ, რომ ეს კომპანიები არ გაჩერდეს და შესაბამისად ტემპი მოვუმატეთ, შედეგიც შესაბამისია. წელს „ზედაზენი“ ალბათ იქნება საქართველოში ერთ-ერთი ის წარმატებული კომპანია, რომელსაც აქვს 50%-იანი ზრდა. ამ წარმოების ზრდის ხარჯზე ვინარჩუნებთ თანამშრომლებს, მაგრამ თანამშრომლების გარკვეული ნაწილის შემცირება მაინც მოგვიწია. ფაქტობრივად შემოსავალი ის რაოდენობა აღარ არის, იმის ხარჯზე, რომ ბაზარზე პირველი წლის შესულები ვიყავით შარშან, წელს არის მეორე წელი, სამუშაოდ უფრო მეტი რესურსი გვქონდა, მაგრამ სხვა კომპანიებში უფრო მეტი პრობლემა არსებობს.
მიუხედავად ამისა, ყველა კომპანიამ შეძლო თანამშრომლების ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და შეკვეთების ძირითადი ნაწილის შესრულება. რაც შეეხება ბიზნესის განვითარებას, გაფართოებას, ეს ამ ეტაპზე შეჩერებულია, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უცხოელ პარტნიორებთან. ადრე ჩვენ გავაჟღერეთ ახალი პროექტები და ამ პროექტებთან დაკავშირებითაც, ისინი მზად არიან, რომ დავიწყოთ ეს პროექტები, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს შიგნით პრობლემები. ჩვენს მონაწილეობას ვერ ავსახავთ იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი დაყადაღებულია, ამიტომ ეს პროცესი ჭიანურდება.
- რომელ ახალ პროექტებზეა საუბარი?
- ეს უკვე არაერთხელ გაგვიჟღერებია: ყავის წარმოება, ჩიფსების ქარხანა, სამშენებლო მასალების წარმოება, სხვადასხვა ახალ პროექტებზე ვმუშაობთ. მთლიანობაში, ეს ყველაფერი ამ ეტაპზე მოლაპარაკების დონეზეა, რათა როგორმე დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, რომ აქ არაფერი საშიში არ არის, ეს ყველაფერი დაწყნარდება და გაივლის, მაგრამ ისინი მაინც ეჭვისთვალით უყურებენ ამ ყველაფერს და ამიტომ, ჯერჯერობით გაჩერებულები ვართ. იმედი მაქვს, რომ რამდენიმე ხანში გაირკვევა. ასე არ შეიძლება, ერთი წელია ერთი და იმავე მდგომარეობაში ვართ.
- ბატონო ცეზარ, ელით თუ არა, რომ თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდეს სამართლებრივი დევნ, აქედან გამომდინარე სასამართლო პროცესიც?
- იმედი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენი ჯგუფის მიმართ ის მიდგომა და დამოკიდებულება შეიცვლება, რაც იყო მთელი ერთი წლის განმავლობაში სახეზე. ძირითადი ბრალი, რისი გულისთვისაც, ახლა დაყადაღებულია ქარხანა, ეს არის შპალის ქარხნის შეძენა. სადაც, პროკურატურა დაობდა, რომ თურმე 13 მილიონად კი არა, არამედ 19 მილიონად უნდა გაყიდულიყო. ეს 19 მილიონი გაზარდეს ხელოვნურად.
დანადგარები რომელიც 1999 წელს ღირდა მილიონ-ნახევარი დოლარი, 2013 წელს იგივე დანადგარები, ცამეტწლიანი ცვეთის შემდეგ შეაფასეს 3,5 მილიონ დოლარად. ერთი რამ ვიცოდი, დაძველების შემდეგ ფასი ედებოდა კონიაკს და რაღაც ანტიკვარიატს. ეს დანადგარები არც კონიაკის კატეგორიაში გადის და არც ანტიკვარიატის, აქედან გამომდინარე, ალბათ რეალურად უნდა დაფიქრდნენ, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი. ვის ინტერესებში შედიოდა, ექსპერტიზამ დამოუკიდებლად დადო დასკვნა, ვინმეს ხელშეწყობით მოხდა, რატომ ხდებოდა სპეციალურად ფასების გაზრდა და იმის გამო, რომ ეს ფასები გაზარდეს, აიყვანეს 19 მილიონზე.
დღეს ვის შეუძლია, რომ დაამტკიცოს და თქვას, რომ 1,5 მილიონიანი დანადგარი 13 წლის შემდეგ ორნახევარჯერ ძვირი ღირს, ვიდრე პირვანდელი ღირებულება. დღეს ანალოგიური დანადგარები, სულ ახალი, ისევ მილიონ-ნახევარი ღირს. სწორედ ამიტომ, შეთხზეს, რომ თითქოს ვიღაცასთან ვიყავით გარიგებაში, თითქოს გვქონდა მოლაპარაკებები ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, ამ დროს ეკონომიკის მინისტრი ტელევიზიით გამოდის, პირობებსაც ახმაურებს, ფასსაც ახმაურებს, ქარხნის მდგომარეობაზეც საუბრობს და მოუწოდებს ინვესტორებს რომ მონაწილეობა მიიღონ. ერთი მხრიდან მედავებიან, რომ გარიგებაში ვიყავი და ფასი ხელოვნურად იქნა დაწეული, მეორე მხრივ წინააღმდეგობაში მოდის ის დამოკიდებულება ფასთან რაც თავიანთ დოკუმენტებშია დაფიქსირებული, ფასი 1999 წლიდან 2013 წლამდე როგორ შეიძლება, რომ საწარმოო დანადგარს გაეზარდოს და გაუორმაგდეს.
მეორე ბრალდებაა ფულის გათეთრება, ერთმა წარმოებამ ბანკიდან სესხი აიღო, მეორე წარმოება ააშენა და ფულის გათეთრებაში ჩაითვალა. მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს და რეალურად დაესვას წერტილი იმას, რომ აქ არავითარ გადაცდომასა და დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.
მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, იმასთან ერთად, რომ ჩვენ ვღებულობთ ზიანს, ზიანს ღებულობს ასევე სახელმწიფო ბიუჯეტი, ამ წარმოებებში დასაქმებული ადამიანები, შედეგი კი არის ის, რომ კომპანიები ფინანსურად ზიანდებიან, ადამიანები სამსახურებს კარგავენ, ბიუჯეტს პრობლემა ექმნება და შემოსავალი აკლდება. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ის პროცესი, როცა რომელიმე მხარე მაინც იგებს. მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შეფასდება დამოკიდებულება ჩვენი ჯგუფის მიმართ რეალობის ფარგლებში, თუ არადა ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, არც ქვეყანას და არც ბიზნესს არაფერ სასიკეთოს არ მისცემს.
- შპალების ქარხანა რა მდგომარეობაშია? კვლავ განაგრძობს წარმოებას?
- შეკვეთები არ არის, თორემ ისე მუშა მდგომარეობაშია. დათხოვნილია თანამშრომლების თითქმის სრული შემადგენლობა, დარჩენილია რამდენიმე ადამიანი. გარდა ამისა, ძალიან ძნელია ქვეყანაში სადაც ყველა უყურებს თუ რა დამოკიდებულება აქვთ სახელმწიფო სტრუქტურებს შენთან და ამ დროს შენთან თანამშრომლობა გააგრძელონ. ამ ყოველივეს შენარჩუნება, წარმოუდგენელი შრომის ფასად ხდება.
თითოეული თანამშრომელი 9 საათზე აქ არის, ნებისმიერ სფეროში, ასეთი სიტუაციაა. ხშირად ვარჩევთ რაღაც საკითხებს, რომ არაფერი არ გამოგვეპაროს. როცა ხედავენ ადამიანები, რომ რაღაც პრობლემებია, ყველა ცდილობს, რომ იქნებ რაღაც სარგებელი ნახოს, ამ ყველაფერს ასი თვალი და გაორმაგებული კონტროლი სჭირდება. როდესაც ყველაფერი კარგად არის და ბიზნესი ამხელა მასშტაბებს ღებულობს, მაშინ სჭირდება ყურადღება და ამ პრობლემების პირობებში, გაცილებით მეტი ყურადღებაა საჭირო ყველა მიმართულებით.
ადრე დამკვეთები ჩვენთან თუ კონსინაციებზე მუშაობდნენ, დღეს ამ მიმართულებით მუშაობაზე უკვე უარს ამბობენ. დღეს ყველაფერს უყურებენ. აქედან გამომდინარე, საკმაოდ სერიოზული პრობლემებია, მაგრამ სანამ შევძლებთ, მანამდე ვიმუშავებთ იმისათვის, რომ დავიჭიროთ ეს კომპანიები, რათა გავუძლოთ არ ზეწოლას. სხვანაირად არ გამოვა, ჩვენ რომ ჩავიქნიოთ ხელი, ეს კომპანიები ერთ კვირაში ჩამოიშლება. იმ დროს, როცა ცალკე ბიუჯეტს აქვს პრობლემა, ცალკე მოსახლეობის დასაქმების პრობლემაა, ასეთი მსხვილი კომპანიების ჩამოშლა, არც ქვეყნის იმიჯს წაადგება, არც ბიზნესის იმიჯს და ჩვენი მხრიდანაც არ იქნება მართებული, რომ შეგვეძლო ბოლომდე მისვლა და არ დავდექით, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ეს კომპანიები გადარჩეს.
- თქვენი აზრი ეკონომიკაში არსებულ სიტუაციაზე: რამ გამოიწვია ზრდის შეჩერება და რა უნდა გაკეთდეს სიტუაციის გამოსასწორებლად?
- საერთოდ საქართველოში ერთი ძალიან ცუდი ტრადიციაა დამკვიდრებული ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, იწყება არჩევნები, დაახლოებით 6 თვით ადრე ბიზნესი იწყებს ინერტულობას, დამთავრდება არჩევნები და ანალოგიური პროცესი მიდის. რამდენჯერაც ხელისუფლება იცვლება, იწყება ბიზნესზე ზეწოლა, გლეხმა იცის, რომ მეწველი ძროხა არ უნდა დაკლას, იმიტომ, რომ ის ოჯახს ინახავს. ხელისუფლებაში პირიქით ხდება, როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, მაშინვე იწყება ბიზნესზე ზეწოლა.
ჩვენს ჯგუფთან დაკავშრებით, პირველი შემოტევა იყო 1994 წელს, მეორე იყო 1997 წელს, 1999 წელს ზღვარს გადავიდნენ, დაგვიკეტეს ქარხანა, აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და ექვსი თვე ვიყავით გაჩერებულები. შემდეგი შემოტევა იყო 2003 წლის ბოლოს, იყო 2007 წელი და ახლაც ანალოგიური ხდება. ყველა ეს პროცესი არჩევნებს ემთხვეოდა. როდესაც დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ ბიზნესი არის თავისუფალი, ბიზნესს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, ჩვენ ვაკეთებთ გამოხმაურებას და ნოემბრიდან ვიწყებთ ინვესტირებას.
პირველი ინვესტირება გავაკეთეთ ნოემბერში, იანვარში დამიჭირეს, გამოსვლის შემდეგ, თებერვლის დასაწყისში გავაკეთეთ ახალი ინვესტიცია, 1,5 მილიონი ჩაიდო, გაზაფხულზე ახალი ბრალი წამიყენეს. ამის მიუხედავად, 3,5 მილიონის ინვესტიცია კიდევ განვახორციელეთ. დღეს ჩვენ მოვუწოდებთ ინვესტორებს, მოდით, ჩადეთ ინვესტიციები. როგორ ფიქრობთ, იმ ადამიანებს, ვინც დღეს უნდა დაიწყოს ბიზნესი, მათ არ უჩნდებათ განცდა, რომ საქართველოში რამდენჯერაც ხელისუფლება იცვლება, იმდენჯერ ბიზნესებს პრობლემა ექმნებათ? სანამ ჩვენი ქვეყანა იქამდე არ მივა, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ბიზნესში ხელის ფათურს, მის დაწიოკებას, მანამდე მუდმივად იქნება ეს პრობლემები. ეს როგორც ქვეყანაში არსებულ ბიზნესმენებს ეხებათ, ასევე ინვესტორებსაც.
დღეს შესაძლოა ვიღაცას ჰგონია, რომ ხვალ უკეთესი იქნება, თუ ჩვენ მიდგომა არ შევცვალეთ ეს პრობლემები მუდმივად იქნება. როდესაც დადგება მომენტი, რომ ადამიანებისთვის მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იქნება ხელისუფლებაში, რომელი პარტია გაიმარჯვებს, ბიზნესმენს აქვს თავისი საქმე და ეს საქმე უნდა აკეთოს, პოლიტიკოსს აქვს თავისი საქმე, რომ ქვეყანა უნდა მართოს, როდესაც ეს ორი ერთმანეთისგან გაიმიჯნება, ბიზნესი გააკეთებს თავის საქმეს და არ იქნება რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის ნებასურვილზე დამოკიდებული, მაშინ აღარ იქნება ეს პრობლემები.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






