2013 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს იმჯამინდელი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული C ჰეპატიტის უფასო მკურნალობა საქართველოში გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ამის მიზეზი ის გახდა, რომ შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტენდერი კომისიამ უარყოფითი შედეგით დასრულებულად გამოაცხადა.
შესაბამისად, ინფექციური დაავადებების მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, C ჰეპატიტით დაავადებულთა უზრუნველსაყოფად პეგილირებული ინტერფერონის (პეგინტერფერონი ალფა) და რიბავირინის ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
გაურკვეველი ვადით გადაიდო C ჰეპატიტით დაავადებული რიგითი მოქალაქეებისათვის ძვირადღირებული მედიკამენტების გაიაფების პერსპექტივაც, რაც ტენდერის დასრულებას უნდა მოჰყოლოდა.
სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, C ჰეპატიტით დაავადებულთა უზრუნველსაყოფად ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვის საკითხი მთავრობის სხდომაზე გავა და სამომავლოდ, ტენდერი გამარტივებული წესით ჩატარდება.
შესაბამისად, გაურკვეველია რა ვადით გადაიწევს ინფექციური დაავადებების მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პატიმრებისათვის C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების შესყიდვა, ხოლო 10 000-მდე C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქისათვის - გაიაფებული მედიკამენტების შეძენის შესაძლებლობა.
საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები საკმაოდ ძვირი ღირს და ერთეულის ფასი 250 დოლარამდე აღწევს. ტენდერის გამოცხადებამდე და სატენდერო განაცხადების მიღების დასრულების შემდეგაც მთავრობა იმედოვნებდა, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ფასი 70%-ით გაიაფდებოდა როგორც პატიმრებისთვის, ისე რიგითი მოქალაქეებისათვის.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:
"ჩვენ C ჰეპატიტზე მუშაობის გადაწყვეტილება მივიღეთ. მოვახერხეთ ძალიან მცირე ფასებში შეგვეძინა წამალი, რომლის ღირებულებაც ძალიან ძვირია. ეს შეტყობინება მივიღე წუხელ, გვიან სოზარ სუბარისგან. ეს არის რამდენიმეჯერ მძიმე იმ ფასებზე, რაც არსებობს. ასეთ ძვირადღირებულ მკურნალობას უფასოს გავხდით უახლოეს მომავალში“.
მასალის გამოყენების პირობები






