2 ნოემბერს გორგასლის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 31 წლის რევაზ მაჩხაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფეხით მოსიარულე მაჩხაშვილს „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა დაეჯახა, რომელსაც სასულიერო პირი მართავდა – ამის შესახებ ტელეკომპანია „ტვ3“ იტყობინება და ამ თემაზე მომზადებულ სიუჟეტში გარდაცვლილის ოჯახის წევრების პოზიციასთან ერთად, სასულიერო პირის ადვოკატის კომენტარსაც სთავაზობს მაყურებელს.
რევაზ მაჩხაშვილის ოჯახის წევრთა მტკიცებით, სასულიერო პირი ნასვამი იყო:
„მანქანაში უგონოდ მთვრალი მღვდელი ყოფილა და კიდევ მჯდარა ორი ქალი, მრევლი“, – ამბობს ქეთევან მამუკაშვილი, დაღუპულის დედა:
მამა აკაკი კუპრაშვილი იუსტიციის სამინსიტროს ეზოში მდებარე, წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში მსახურობს. ავარია ეკლესიიდან 500 მეტრში მოხდა. დედის თქმით, ტრაგედია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია:
„ამ ეკლესიიდან ეგეთი სიჩქარით როგორ მოდიოდა, რომ ეს ამოდენა ვაჟკაცი ასე ნაწილ–ნაწილ აკუწა“, – აცხადებს დაღუპულის დედა.
ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში ოჯახს მამა აკაკის სახელით უცნობი პირები ესტუმრნენ და, მაჩხაშვილების მტკიცებით, მათ დუმილის ნაცვლად 15 ათასი ლარი შესთავაზეს. ოჯახმა შუამავლები უარით გაისტუმრა.
მამა აკაკი კუპრაშვილი სამი წელია, იუსტიციის სამინისტროს ეზოში არსებული წმინდა თამარის სახელობის ეკლესიის მოძღვარია. ის ადრე მთავარი პროკურატურის ეკონომიკური განყოფილების თანამშრომელი იყო.
აკაკი კუპრაშვილის ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე ამბობს, რომ თანხა მამა აკაკიმ ოჯახს ნამდვილად შესთავაზა, მაგრამ არა დუმილის, არამედ მორალური პრინციპების გათვალისწინებით:
„ეს იყო ის თანხა, რომლითაც თავისუფლად შეიძლებოდა მიცვალებულის გაპატიოსნება, დაკრძალვის ხარჯების დაფარვა, ასევე, ერთგვარი მატერიალური კომპენსაცია მოხდებოდა“.
აღსანიშნავია, რომ მომხდარი ტრაგედიის შესახებ „ნიუპოსტმა“ ნოემბრის პირველ რიცხვებშივე შეიტყო და ინფორმაცია შსს–ს პრესსამსახურში გადაამოწმა, სადაც განუცხადეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა სასულიერო პირის მონაწილეობით, რომელსაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვა, არ მომხდარა.მასალის გამოყენების პირობები






