"ქვეყანას, სადაც ახალგაზრდებს ლოცვის გამო თავს უტეხენ, მომავალი არ აქვს". –ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ადამიანისმოძულეობისა და ირაციონალური შიშის ურჩხულმა კიდევ ერთხელ წამოყო თავი საქართველოში. ქვეყანაში, რომელიც დეკლარირებულად ევროპული ორიენტაციისაა, ახალგაზრდებს თავს უტეხენ ლოცვის გამო.
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპატის სახელით, ბოდიშს ვუხდით ქართველ მუსლიმებს, რომ მათ კიდევ ერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა ღმერთისა და ქრისტიანობის სახელით. ძალიან ვწუხვართ, და ვთხოვთ მათ, რომ თუ შეუძლიათ, იმ ღმერთის სახელით, რომელც მუსლიმებს, ქრისტიანებსა და ებრალებს საერთო გვყავს, კიდევ ერთხელ გვაპატიოთ ეს დანაშაული, რომლიც კიდევ ერთი უკიდურესად სამარცხვინო ლაქაა საქართველოს ინტერრელიგიურ რეალობაში.
ჩვენს ხელისუფლებას მივმართავთ, რომ დაუყოვნებლივ გამოიძიოს და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს არა მარტო ბუკნარში მომხდარ ინციდენტზე, არამედ ყველა იმ ინციდენტზე, რომელიც დღემდე მომხდარა და რომელშიც ხელისუფლებაც ყოფილა პირდაპირ თუ ირიბად ჩარეული.
ისტორია არ გვაპატიებს არც თქვენ და არც ჩვენს კულტურას ფობიების გაღვევიებასა და ხელშეწყობას, თუ მოქმედებით თუ უმოქმედობით.
ჩვენ ასევე მივმართავთ ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც წააქეზეს მუსლიმების წინააღმდეგ: ეს ქვეყანა ყველასია, ამ ქვეყანაში ყველას აქვს თავის რწმენის აღმსარებლობის უფლება, ყველას აქვს უფლება თავისი საკულტო ნაგებობა ისე მოაწყოს და ისე ააშენოს, როგორც ამას მისი რელიგია ითხოვს. საქათველო არ არის დაყოფილი მუსლიმებისა და ქრისტიანების მიწებად. ეს ქვეყანა საქრთველოს მოქალაქეებისაა, მათი რწმენის, ეთნიკური წარმომავლობისა და კულტურის მიუხედავად.
ჩვენ მივმართავთ ასევე იმ სარწმუნოების მესვეურებს, რომელთანაც თავს აიგივებენ სხვადასხვა ჯურის რელიგიური მოძალადეები: დაგმეთ საჯაროდ ძალადობა და ხელს ნუ შეუწყობთ საქართველოს მოქალაქეებს შორის შუღლის გაღვივებას. ეს თქვენი უწმიდესი მოვალეობაა". – წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები