ბრაზილიაში ჩატარებული კლინიკური ცდების შედეგად დადგინდა, რომ ჩინური ფარმაცევტული კომპანია Sinovac Biotech-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საშუალო ეფექტურობა 60 %-ზე დაბალია. ამის შესახებ რუსული მედია ბრაზილიურ საინფორმაციო პორტალზე დაყრდნობით წერს. ეს ინფორმაცია დაადასტურა ორმა წყარომ, რომელთაც გააჩნიათ წვდომა საო-პაოლოს ბუტანტანის ინსტიტუტთან.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინის მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესში ჩასართავად მინიმალური ეფექტურობის აუცილებელი მოთხოვნები დააკმაყოფილა- პრეპარატმა ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში 50 %-ზე მეტი ეფექტურობა აჩვენა.
ბუტანტანის ბიოსამედიცინო ცენტრი, რომელიც თანამშრომლობს კომპანია Sinovac-თან ვაქცინის წარმოებაში, კატეგორიულად უარყოფს ზემოხსენებულ განცხადებებს და წმინდა სპეკულაციას უწოდებს მას.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჩატარებული ანალიზებით დადგინდა, რომ ჩინური ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში 78 %-ით ეფექტურია.
მასალის გამოყენების პირობები






