გავლენიანი გამოცემები ერტრნ, რომ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილთა უმეტესობა ტრამპის მხარდამჭერი დემონსტრაციის მონაწილე იყო, რომლებსაც აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა კაპიტოლიუმში შეჭრამდე 2 საათით ადრე თეთრ სახლთან სიტყვით მიმართა. დემონსტრანტები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებენ და დონალდ ტრამპის მსგავსად, აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი არ არის.
თუმცა, მედიაში გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალებში ჩანს, რომ შენობაში შეჭრილ დემონსტრანტთა შორის რამდენიმე პოლიტიკურად აქტიური ულტრამემარჯვენე ჯგუფიც იყო, რომლებიც წლებია პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები არიან. მათ კონსპირაციული თეორიების გავრცელებისა და პროტრამპისტული მიტინგებიში მონაწილეობის მრავალწლიანი ისტორია აქვთ.
მედიაში გავრცელებულ მასალებში ჩანს, რომ კაპიტოლიუმში შეჭრილ მომიტინგეთა შორის პოპულარული ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების წევრებიც იყვნენ, რომლებიც მრავალი წელია სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებენ კონსპირაციულ თეორიებს და პრეზიდენტ ტრამპს უჭერენ მხარს.
გუშინდელი მოვლენების დროს გავრცელებულ ფოტოში კაპიტოლიუმში შეჭრილ მამაკაცს თავზე ბეწვის ქუდი ახურავს და რქები ადგას, ხელში კი ამერიკის დროშა უჭირავს. მისი სახელი ჯეიკ ანჯელია და ის კოსნპირაციული, ულტრამემარჯვენე ჯგუფის, QAnon-ის წარმომადგენელია.

დაჯგუფება QAnon პირველად 2017 წელს, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეიქმნა.
დაჯგუფების წარმომადგენლებს სჯერათ, რომ ოდესღაც დადგება ანგარიშსწორების დღე, როდესაც პოლიტიკური ისთებლიშმენტის წარმომადგენლები, მათ შორის 2016 წელს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი, კანონის წინაშე პასუხს აგებენ და სიკვდილით დაისჯებიან.
თავად ჯეიკ ანჯელის სოციალური ქსელების ანგარიშებზე მრავლადაა ფოტოები, სადაც ანჯელი QAnon-ის მიერ ორგანიზებულ არაერთ პოლიტიკურ და სოციალურ ღონისძიებას ესწრება. Youtube-ის არხზე მას არაერთი ვიდეომიმართვა აქვს გავრცელებული, რომელშიც პოლიტიკური პროცესების შესახებ კონსპირაციულ მოსაზრებებს ავრცელებდა.
ასევე ინტერნეტში გავრცელებულია ვიდეომასალა, რომელშიც ანჯელი ფენიქსში არჩევნების გაყალბების პროტესტის ნიშნად გამართულ დემონსტრაციაზე სიტყვით გამოდის.
მისი პირადი Facebook გვერდზე გვხვდება ექსტრემისტული იდეებისა და კონსპირაციული თეორიების ამსახველი სურათები და პოსტებით.
კიდევ ერთი ულტრამემარჯვენე ჯგუფი, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილ დემონსტრანტთა შორის ამოიცნეს, 2016 წელს ჩამოყალიბებული "ამაყი ბიჭების" (The Proud Boys) წარმომადგენლები იყვნენ.
ორგანიზაცია 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ჩამოყალიბდა და ძირითადად რასისტული და ემიგრანტების საწინააღმდეგო იდეების პროპაგანდირებით არის დაკავებული.

დაჯგუფების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნიკ ოქსმა კაპიტოლიუმის შიგნიდან სელფიც კი გამოაქვეყნა, წარწერით - "მოგესალმებით კაპიტოლიუმიდან lol". მან ასევე შენობაში შეჭრის შემდეგ Twitter-ის პირად გვერდზე ლაივვიდეოც გამოაქვეყნა.
კაპიტოლიუმის შიგნიდან გავრცელებულ კადრებში რამდენიმე ონლაინაქტორიც ჩანს, რომლებსაც სოციალური მედიის პლატფორმებზე მრავალრიცხოვანი მიმდევრები ჰყავთ.
მათ შორის იყო ონლაინმედია აქტორი და "ინფლუენსერი" ტიმ ჯიონეტი, რომელსაც აუდიტორია "Baked Alaska"-ს ფსევდონიმით იცნობს.

მან კაპიტოლიუმის შიგნიდან პირად გვერდზე ლაივსტრიმი ჩართო, რომელშიც დემონსტრანტებს სიტყვით მიმართავდა. ვიდეო ათასობით ადამიანმა ნახა.
გასული წლის ოქტომბერში Youtube-მა მისი ანგარიშიც კი დაბლოკა, მას შემდეგ, რაც ჯიონეტი მის მიერვე გავრცელებულ ვიდეოში მაღაზიის თანამშრომლებს ავიწროებდა და პანდემიის დროს პირბადის გაკეთებაზე დემონსტრაციულად ამბობდა უარს.
შემდეგი ფოტო ნენსი პელოსის კაბინეტში შეჭრილ მამაკაცს ასახავს, რომელმაც წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს წერილი დაუტოვა, სადაც, მისივე თქმით, პელოსი უშვერი სიტყვებით მოიხსენია.

მედიის ცნობით, მამაკაცი არკანზასის შტატის მცხოვრები რიჩარდ ბარნეტია. ბარნეტი ტრამპის აქტიური მხარდამჭერია, თანამშრომლობს იარაღის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან და აქტიურად მონაწილეობს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების არაღიარების მიზნით გამართულ დემონსტრაციებში.
მასალა მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები






