პოლიციამ თბილისში მძიმე ნარკოდანაშაულისთვის 39 წლის პირი დააკავა, რომლის სახლის ჩხრეკის დროსაც ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა პეპი" ამოიღო.
შსს დაკავების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ნიუპოსტი უცვლელად გთავაზობთ:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა - ამოღებულია ნახევარ კილომდე ნარკოტიკი „ალფა პვპ“
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ს.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები: ნახევარ კილომდე "ალფა პვპ," ასევე, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალება “ალფა პვპ”-ს, შენიღბვის მიზნით, ქალის კოსმეტიკური საშუალებების კოლოფებში ინახავდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს" - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






