კახეთის სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები - გავრცელებული ინფორმციით, დაპირისპირებულებს წარსულში ნაცნობობა არ აკავშირებდათ და შესაბამისად, მათ შორის არც კონფლიქტი ყოფილა. ისინი პირველად იყალთოში, სუფრაზე შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც უთანხმოება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო და ინციდენტი მსხვერპლით დასრულდა.
კახეთის პოლიციის მაღალჩინოსანმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, რამდენჯერმე დამიზნებით ესროლა. დაიჭრა კიდევ ერთი პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის უკვე გამოკითხეს გამომძიებლებმა.
თელავის პროკურატურაში იმ დაპირისპირების თვითმხილველები იკითხებიან - დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ. ბრალდებულის ოჯახი კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
"მომხდარის დეტალების შესახებ არაფერი ვიცი, იცნობდნენ, თუ არა ერთმანეთს ეგეც არ ვიცი. წარმოუდგენელი და შოკისმომგვრელია ჩემთვის, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო," - აღნიშნავს ზურაბ საჩიშვილის მეგობარი გიორგი ალადაშვილი.
სარიჩიშვილის ნათესავი აცხადებს, რომ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. მისივე თქმით, გარდაცვლილს კონფლიქტი არავისთან ქონია.
"მე როგორც ვიცი რაღაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. ზურას არასოდეს არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია," - აცხადებს ზურაბ საჩიშვილის ნათესავი აკაკი საჩიშვილი.
დაკავებული პოლიციელი ბრალის ოფიციალურად წარდგენის მოლოდინშია. მისი ადვოკატი, არჩილ ბერიანიძე, ამბობს, რომ დაცვის ქვეშ მყოფთან კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია და არც საქმის მასალებს გასცნობია.შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ერთ-ერთი ადგილობრივის, დავით ლაჩაშვილის, სახლში, დაბადების დღის წვეულების შემდეგ, წუხელ მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






