რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის თქმით, მის მოწამვლაში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა მასთან სატელეფონო საუბარში ჩადენილი დანაშაული აღიარა.
ნავალნიმ განაცხადა, რომ იგი რუსეთის ფსბ-ს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერს, კონსტანტინე კუდრიავცევს ტელეფონით დაუკავშირდა და საკუთარი თავი ისე წარადგინა, რომ იგი თითქოს რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის თანაშემწე ყოფილიყო. ტელეფონზე საურის განმავლობაში, ნავალნიმ კუდრიავცევს ჰკითხა, თუ რატომ განიცადა ნავალნის მკვლელობამ კრახი. ამის შესახებ წერს CNN-ი.
ფსბ-ს ოფიცერმა აღნიშნა, რომ მოწამვლის ოპერაცია იდეალურად იყო დაგეგმილი, თუმცა ოპერაციის ჩავარდნა რამდენიმე მიზეზით ახსნა. მისი აზრით, ნავალნი ცოცხალი ვერ გადარჩებოდა რომ არა თვითმფრინავის პილოტის საგანგებო დაშვება ქალაქ ომსკში.
კუდრიავცევმა ნავალნისთან საუბრის დროს მთელი ოპერაციის მსვლელობის დეტალებზე ისაუბრა და სხვა თანამშრომლებიც დაასახელა. მისი თქმით, საწამლავი ნავალნის საცვლებში იყო დამალული.
CNN-ის ჟურნალისტები დაუკავშირდნენ ტოქსიკოლოგს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა, რომ თუ ნოვიჩოკი განთავსებული იყო საცვლებში, იგი ორგანიზმში კანიდან შეჟონავდა -შეიწოვებოდა, რომლის შემდეგაც მსხვერპლს დაეწყებოდა ჭარბი ოფლიანობა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა როგორც ჩანს, ნერვული აგენტის მყარი ფორმა გამოიყენეს და არა სითხე ან გელი, როგორც ეს ადრე გაერთიანებულ სამეფოში ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობისას მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






