ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ღურწკაია ადგილობრივ ტელეკომპანია „ოდიშს“ „ბოიკოტს“ უცხადებს და კომენტარს არ აძლევს.
მაია ღურწკაია, რომელიც თავადაც ყოფილი „ოდიშელია“ აგრესიულად ესაუბრება ტელეკომპანიის ჟურნალისტებს და ბლოკავს მათ დასწრებას არამარტო გამგეობის ეგიდით გამართულ, არამედ ზოგადად, გამგეობის შენობაში გამართულ ნებისმიერ ღონისძიებაზე.
წერილში, რომელიც „ოდიშის“ საინფორმაციო სამსახურმა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას გაუგზავნა, მოყვანილია მაია ღურწკაიას მხრიდან ტელეკომპანიის იგნორირების, ჟურნალისტებთან უხეში ტონით საუბრის კონკრეტული მაგალითები:
„მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „ოდიშს“ ანაკლიის მოსახლეობამ მიმართა , რომ ტელეკომპანიას მათი პრობლემები გაეშუქებინა, საინფორმაციო ჯგუფმა თემაზე სიუჟეტის მომზადება 25.08.2013 დაიწყო, ამ თემაზე ჟურნალისტებმა მეორე მხარის (მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის) ჩაწერა გადაწყვიტეს და პრესსამსახურის ხელმძღვანელს მაია ღურწკაიას მიმართეს, რაზეც ღურწკაიამ ჟურნალისტებს მოსთხოვა, რომ ადგილზე მეორედ, მასთან ერთად წასულიყვნენ.
იმ დროს, როცა მასალა უკვე გადაღებული იყო, მას სურდა, ჟურნალისტს ეჩვენებინა ყველა ის ადამიანი, ვინც პრობლემებზე საუბრობდა და აინტერესებდა, მისი თანდასწრებით თუ „შეძლებდნენ“ ნათქვამის გამეორებას.
ღურწკაია ჟურნალისტს მაკა სამუშიას აგრესიულად ესაუბრებოდა და მუდმივად აპელირებდა იმით, რომ ტელეკომპანია ყოფილი გამგებლის ალექსანდრე ქობალიას მფლობელობაშია და ჯგუფი მის დაკვეთას ასრულებდა. ვახდენთ მისი ნათქვამის ციტირებას: „გოგო მისმინე, დაეტიე და ალიკას გადაეცი, რომ მის დაკვეთილ სიუჟეტზე კომერნტარს არავინ გააკეთებს...“;
„ბოლო ფაქტი 14.11.2013–ში მოხდა, ჩვენი გადამღბი ჯგუფი სხვა ჟურნალისტებთან ერთად მუშაობდა საფეხბურთო კლუბში არსებულ პრობლემებზე, კლუბი გამგეობის ბალანსზეა და ჟურნალისტები გამგეობის მხრიდან აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ითხოვდნენ. როცა ღურწკაიამ სხვა ჟურნალისტებთნ ერთად „ოდიშის“ ჯგუფი ნახა, მან ჟურნალისტ თამუნა ლატარიას განუცხადა, რომ ეს იყო გამონაკლისი „ოდიშისთვის“ და მას „გაუმართლა“, რადგან ჩვენი ტელეკომპანიისთვის გამგეობაში „შეზღუდვები“ არსებობდა“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ამ დავასთან დაკავშირებით აცხადებს:
„რეგიონულ მედიასაშუალებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის გასული წლის განმავლობაში გაუმჯობესებული თანამშრომლობის მიუხედავად, ბოლო დროს, ზუგდიდში განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ, გარკვეულ შემთხვევებში, აღნიშნული ურთიერთობები კვლავაც დაძაბული რჩება“.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული არხის საშუალებით მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ არაერთხელ გადაიცა ცრუ ინფორმაცია, რის გამოც მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, ამ მედიასაშუალებას კომენტარი აღარ მისცეს“.
მაია ღურწკაიამ უარყო ასევე ტელეკომპანიისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტი და მათთვის თემების დაბლოკვის შესახებ არსებული ინფორმაცია.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციული ორგანოა და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ის როგორც საჯარო დაწესებულება აცნობიერებდეს საკუთარ პასუხისმგებლობას, დაუბრკოლებლად და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოს ჟურნალისტების დაშვება ადგილობრივი თვითმმართველობის შენობებში ჩატარებულ ღონისძიებეზე და ასევე, საშუალება მისცეს ჟურნალისტებს კითხვები დაუსვან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ხელისუფლების ორგანოები შერჩევითად არ უნდა უდგებოდნენ მედიის წარმომადგენლებს და ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ მედიის ყველა საშუალებასთან, მიუხედავად მათი სარედაქციო პოლიტიკისა და მფლობელებისა. ჩვენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ვთხოვთ, გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას და ადგილობრივ მაუწყებელთან თანამშრომლობა განაახლოს“, - ნათქვამის წერილში, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა.
ტელეკომპანია „ოდიში“ 1988 წლიდან მაუწყებლობს. იგი პირველი საკაბელო ტელევიზია იყო ყოფილი სსრკ-ს მასშტაბით, შემდეგ კი დეციმეტრული სიხშირით მაუწყებლობაზე გადავიდა. სხვადასხვა დროს იყო „ინტერნიუსის“, ასევე „საქართველოს სატელევიზიო ქსელის“ პარტნიორი ტელევიზია.
ტელევიზიის წილის 100 პროცენტიანი მფლობელი ემა გრიგოლიაა. მისი შვილი - ალექსანდრე ქობალია 2005 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. იგი თანამდებობიდან 2012 წლის დეკემბერში, საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე, გადადგა.
მაია ღურწკაია, რომელიც ამჟამად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია, რამდენიმე წლის განმავლობაში ტელეკომპანია „ოდიშის“ ჟურნალისტი იყო და ტელევიზია მას შემდეგ დატოვა, რაც პირდაპირ ეთერში, სატელევიზიო თოქ-შოუს მიმდინარეობისას, ერთერთმა მაყურებელმა სატელეფონო ჩართვის დროს უცენზუროდ მოიხსენია და არააობიექტურობაში დაადანაშაულა.
მაია ღურწკაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა. მანამდე ის "რესპუბლიკელების" ადგილობრივი ორგანიზაციის პრესსამსახურში მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები






