„სოლიდარობა უკრაინელ ხალხს“ ამ ლოზუნგით დღეს თბილისში, საღამოს 18:00 საათზე მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზება სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარეობს.
დღევანდელ აქციაზე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გააპროტესტებს ივანა მელაიც. მომღერალი უკვე ექვსი თვეა, თბილისში იმყოფება და სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს.
„უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა, ჩვენ გავიარეთ „შავი პარასკევი“, „სისხლიანი შაბათი“ და „ბრწყინვალე კვირა“, მე ვფიქრობ, რომ ხალხის აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია, „სისხლიანი შაბათის“ შემდეგ ხალხი არ შეეგუება მოქმედი პრეზიდენტისა და მთავრობის პოსტზე დარჩენას.
პრეზიდენტ იანუკოვიჩის მთავრობის ბრძანებით, „ბერკუტმა“ უმოწყალოდ სცემა სტუდენტები, აქციის მონაწილეები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, ამ საშინელების დროს კი ერთი სტუდენტი გოგონა გარდაიცვალა. ეს კოშმარია და უნდა დასრულდეს.
ის, რაც უკრაინაში ხდება, ჩემი ოჯახისთვისაც ძალიან ძნელია, რადგან მოქმედმა ხელისუფლებამ ჩვენ ყველაფერი წაგვართვა. მე არ შემიძლია უკრაინაში დავბრუნდე, ეს ძალიან მძიმეა ჩემთვის, ვიქნები აქტიური, მიუხედვაად იმისა, რომ ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან საშიშია.
თუ მე არ შემიძლია ჩავიდე უკრაინაში, ევრომოედანზე, დავდგები თბილისში პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, ქართველ ხალხთან ერთად და იმედი მაქვს, დღევანდელ აქციაზე საქართველოში მცხოვრები უკრაინელებიც მოვლენ და ერთად გავაპროტესტებთ იმას, რაც უკრაინაში ხდება“, - განაცხადა მომღერალმა.
მასალის გამოყენების პირობები






