დიმიტრი შაშკინმა გააუქმა პედაგოგის ყველა დამცავი ნორმა.“ - განაცხადა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავჯდომარემ მაია კობახიძემ საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტთან“ ინტერვიუში.
_ქალბატონო მაია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახა კუკავას და მისი მოადგილის ალექსანდრე შალამბერიძეს ხელმძღვანელობით შეიქმნა ორგანიზაცია „სოლიდარობა 2“, რომელიც თავისი ფუნქციით განათლების პროფკავშირებს უტოლდება. ეს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებაა?
_მინდა შევეხო განათლების პროფკავშირის წინააღმდეგ განხორციელებულ კამპანიას, რომელიც ემსახურება მხოლოდამხოლოდ განათლების პროფკავშირის დისკრედიტაციას და მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გაურკვეველი ორგანიზაციის ავტორიტეტის ამაღლებას. ამ ორგანიზაციას დაარქვეს „სოლიდარობა 2“, რომელიც არის პედაგოგთა და მშობელთა ასოციაცია. მინდა განვმარტო, რომ პროფკავშირი არ იქმნება პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ეწინააღმდეგება პროფკავშირების ფუნდამენტალურ ღირებულებებს, რომლის თანახმად პროფკავშირი უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, აპოლიტიკური ორგანიზაცია. მნიშვნელობა არ აქვს ეს პოლიტიკური პარტია იქნება, პოზიცია, ოპოზიცია- პროფკავშირი არის დამოუკიდებელი დემოკრატიული წარმომადგენლობითი, აპოლიტიკური ორგანიზაცია. პროფკავშირი არის საერთო პროფესიული ნიშნის ქვეშ მოქცეული დასაქმებულთა გაერთიანება. რა თქმა უნდა, პედაგოგები არიან ერთი პროფესიის მქონე ადამიანები, მაგრამ მშობლები სხვადასხვა პროფესიული ნიშნით გაერთიანებული ადამიანები არიან.
ამდენად, ორგანიზაცია „სოლიდარობა 2“ არის პედაგოგთა და მშობელთა ასოციაცია და ამით არღვევს კანონის მოთხოვნებს. საზოგადოების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა დაუშვებელია და სკოლა უნდა იყოს აპოლიტიკური, დეცენტრალიზებული ორგანო, რომელიც უნდა ჩამოცილდეს პოლიტიკას. ჩემი აზრით, ბატონი კახა კუკავა და „სოლიდარობა 2“ -ს ხელმძღვანელი ალექსანდრე შალამბერიძე, რომლებიც არიან პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს ლიდერები, აქტიურად მუშაობენ პედაგოგთა საზოგადოების პოლიტიკური ნიშნით დაყოფაზე.
_ორგანიზაცია „სოლიდარობა 2“ -ის ლიდერებს პროფკავშირში თავიანთი კანდიდატების ჩანაცვლება უცდიათ? თუ პროფკავშირის შიგნით პროვოკატორი თანამშრომლები უკვე არსებობენ?
_“ სოლიდარობა 2“-მა უკვე გააკეთა არაობიექტური და არაკონსტრუქციული განცხადება. მათ მოითხოვეს ყრილობის თავიდან მოწვევა და ჩემი თანამდებობიდან გადადგომა. რა თქმა უნდა, ეს არ არის შალამბერიძის გადასაწყვეტი და „სოლიდარობა 2“-ის, ამ გაურკვეველი და არაკანონიერი ორგანიზაციის. ჩვენი წესდების მიხედვით, ყრილობის მოწვევა და არჩევნების ჩატარება მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის წევრების პრეროგატივაა. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი არის მსოფლიოში ავტორიტეტული ორგანიზაციების წევრი. განათლების სისტემაში დასაქმებულთა პროფკავშირის, განათლების ინტერნაციონალის და ასეთი ტიპის ორგანიზაციის დისკრედიტაციითა და სხვადასხვა ორგანიზაციების მიმართ განხორციელებული პროვოკაციებით, „სოლიდარობა 2“ ვერასოდეს ვერ შეძლებს ჩამოაყალიბოს დემოკრატიული ღირებულებების მქონე ორგანიზაცია.
ჩვენი ორგანიზაციის შიგნით არის შექმნილი პროფკავშირის ლიდერთა მცირე ჯგუფი. ესენი არიან საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების თავჯდომარეები. ქალბატონი ეკა ჩერქეზიშვილი ამ გუნდის ორგანიზატორია, რომელიც დღეს პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მასწავლებელთა პროფესილი განვითარების ეროვნული სქემის მენეჯერია. ეს მცირე ჯგუფი არის ყოფილი ხელისუფლების დიმიტრი შაშკინის მიერ მართული გუნდი და ისინი პროფკავშირის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ორი წლის განმავლობაში მან ეფექტურად გამოიყენა. ამას ნიღბავდნენ, როგორც შიდა დაპირისპირებას, რეალურად კი ამ გუნდის ერთადერთი მოთხოვნა იყო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ყოფილიყო არა არჩეული პედაგოგი, არამედ ბატონი დიმიტრი მიერ დანიშნული პირი. ეს ორგანიზაციას დაუკარგავდა დამოუკიდებლობას, ორგანიზაცია გადაიქცეოდა ფორმალურ ორგანიზაციად, ისეთივედ როგორიც იყო „სინდიკატი“. საერთაშორისო ორგანიზაციები ასეთ ორგანიზაციებს უწოდებენ „ყვითელ პროფკავშირებს“. სწორედ ყვარელის რაიონის თავჯდომარე არის ჩვენი ორგანიზაციის ერთერთი იმ გუნდის წევრი, რომელიც უკვე აქტიურად იბრძვის პროფკავშირების წინააღმდეგ. მას მიაკითხა ერთერთმა პედაგოგმა და დარჩა გაწბილებული მისი პასუხით. თავჯდომარემ პედაგოგი გაისტუმრა დახმარებაზე უარის თქმით, რადგან პროფკავშირები, ისი თმით, აღარ არსებობდა. პედაგოგებს აბნევდნენ და ემუქრებოდნენ იმით, რომ თუ იქნებოდნენ პროფკავშირის წევრები, დაატოვებინებდნენ სამსახურებს. ეს მცირედი გუნდი, ყოფილი ხელისუფლებისგან მართული, ავრცელებდა ათასგვარ დეზინფორმაციას და ათასგვარ პროვოკაციულ ქმედებებს ეწეოდნენ. ასეთივე სიტუაციაში აღმოჩნდა თელავის პედაგოგი, ეკა ჯანდიერი, რომელმაც მიაკითხა თელავის რაიონული გამგეობის თავჯმდომარეს და მან უპასუხა რომ პროფკავშირი აღარ არსებობს. ქალბატონი ეკა ჯანდიერი უსამართლობის მსხვერპლი პედაგოგია, რომელიც მოვიდა ჩვენს ორგანიზაციაში და სარჩელი შევატანინეთ სასამართლოში. ის რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენციაზე გამოვიდა და მადლობა გადაგვიხადა გაწეული მუშაობისათვის. ამის შემდეგ, ქალბატონ ეკას ტელეფონით დაუკავშირდა ლია ნიკოლაიშვილი და სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენა. ასეთი ადამიანები სხვადასხვა გზით ცდილობენ დამკვიდრებას ისევ და ისევ სიყალბით, პროვოკაციით, ჩემს წინააღმდეგ და მთლიანად პროფკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული უსამართლო კამპანიით, ჩვენი ორგანიზაციის დისკრედიტაციით მცდელობით. ქალბატონმა ეკა ჩერქეზიშვილმა ,ქალბატონმა მაია ჩახნაშვილმა,ხათუნა არველაძემ , სიუკაევა სოფიომ პროფკავშირის წინააღმდეგ გამართული ბრძოლის გამო, დიმიტრი შაშკინისგან საპასუხისმგებლო თანამდებობები მიიღეს.
ამ გუნდს გამოეცალა დასაყრდენი პროფკავშირში, აგრეთვე გამოეცალა დასაყრდენი ყოფილი ხელისუფლების სახით. ახლა თავი შეაფარეს ალექსანდრე შალამბერიძეს და ერთობლივად მართავენ პრესკონფერენციებს განათლების პროფკავშირების დისკრედიტაციის მცდელობის მიზნით და უკვე პიროვნულ შეურაცხყოფებზე გადადიან.
_თქვენ ბრძანეთ, რომ არიან პოლიტიკოსები , რომლებიც ცდილობენ განათლების პროფკავშირების წევრებზე მოახდინონ ზემოქმედება და მიზანმიმართულად იბრძვიან ორგანიზაციის დაშლისთვის. თქვენი თანამშრომლები და პედაგოგები პოლიტიკური ზეწოლისგან როგორ შეიძლება იყვნენ დაცულები? ამ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ რა წინადადებებით მიმართავთ?
_1 ოქტომბრის არჩევნებმა ნათლად დაგვანახა, რომ საქართველს უმრავლესობამ არჩევანი გააკეთა „ქართული ოცნების“ კოალიციაზე, ანუ უარი უთხრა უსამართლობას და ძალადობას. მე არ მიმაჩნია სწორად დავყოთ პედაგოგები პოლიტიკური ნიშნით ან სხვა რაიმე ნიშნით.
შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმადა , დამსაქმებელს აქვს უფლება ახსნა განმარტებისა და მიზეზის გარეშე გაათავისუფლოს დამსაქმებელი. ეს არის ის სამართლებრივი ბაზა, რაც შექმნა ყოფილმა ხელისუფლებამ საჯარო სკოლებში პედაგოგთა წმენდისთვის.
ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პედაგოგი გათავისუფლებულია უკანონოდ. დაუყონებლივ უნდა აღსდგეს პედაგოგის დამცავი ნორმები, სადაც ეწერა, რომ პედაგოგის მუშაობის დროს ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, დირექტორი მიმართავდა მას მოტივირებული წერილით, შემდეგ შედგებოდა დირექტორისა და მასწავლებლის შეხვედრა, დაწესდებოდა გონივრული ვადა, თუ რა ვადაში უნდა გამოასწოროს მასწავლებელმა ეს ხარვეზი. ამ შეხვედრას ესწრებოდა მესამე პირი, რომელიც ადგენდა შეხვედრის ოქმს. თუ პედაგოგი ვერ შეძლებდა ხარვეზის გამოსწორებას, მაშინ დირექტორი გადასცემდა განსახილველად სამეურვეო საბჭოს პედაგოგის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. სწორედ მას შემდეგ, რაც ეს ნორმები გაუქმდა, დირექტორებმა დაიწყეს ხელისუფლებისა და პირადი მიზნების განხორცილებისთვის მასწავლებლების მასიური გათავისუფლებები.
ჩვენ მივმართავთ განათლების მინისტრსს გიორგი მარგველაშვილს დაუყონებლივ აღადგინოს პედაგოგების დამცავი ნორმები. ჩვენი მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დირექტორების თვითნებობას წერტილი დაესმევა.
_“ქართული ოცნების“ წევრები ხელისუფლებაში მოსვლამდე მანდატურების ინსტიტუტის არსებობას ხშირად აკრიტიკებდნენ. განათლების მინისტრის განცხადებით, მანდატურების ინსტიტუტი დარჩება, მაგრამ მას ფუნქცია შეეცვლება. დამოკიდებულების ასე უცებ შეცვლა რამ განაპირობა?
_მანდატურის ინსტიტუტი შეიქმნა დანაშაულის პრევენციის მიზნით, რათა არასრულწლოვანებში არ მომხდარიყო დანაშაული. მანდატურს მიენიჭა გადაჭარბებული უფლებები, რომელიც განისაზღვრა საქართველოს ზოგადი განათლების კანონში. მანდატურის ფუნქცია არის სკოლის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი. მანდატურმა შეითავსა ყველა ის ვალდებულება, რაც დამრიგებელს, პედაგოგს, დირექტორს გააჩნდა და ამით სკოლის იერარქიის ყველაზე მაღალ საფეხურზე მოექცა. მანდატურებს კანონი არ დაურღვევიათ, რადგან ეს უფლებები ზოგადი განათლების შესახებ კანონის საფუძველზე აქვთ მინიჭებული. შემდეგ უკვე 2011 წელს პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა სადაც წერია , რომ მანდატურის ბრძანება სავალდებულოა შესასრულებლად ყველა ფიზიკური პირისათვის. იქ არ არის განმარტებული კონკრეტულად რომელი ფიზიკური პირებისთვის?! მანდატურს უნდა დაუბრუნდეს დაცვის ფუნქცია და მან მხოლოდ კონკრეტული მისია უნდა შეასრულოს სკოლაში ანუ აღკვეთოს დანაშაული არასრულწლოვანებში. პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი, ამოღებულ იქნას კანონიდან მანდატურის გადაჭარბებული უფლება-მოვალეობები და მკაცრად განისაზღვროს დაცვის სამსახურის სისტემა. მანდატურმა მოსწავლეებს ჩვენება არ უნდა ჩამოართვას არასრულწლოვანზე ზეწოლის თავიდან ასაცილებლად.
_ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა პროფკავშირებთან თანამშრომლობის ინიციატივა გამოიჩინა? თუ თქვენ აქტიურობთ განათლების სამინისტროსთან ურთიერთობების დასამყარებლად?
__ მე გავგზავნე ორი წერილი. პირველი იყო მილოცვის წერილი და რა თქმა უნდა თანამშრომლობისთვის გამოვთქვი მზადყოფნა. მეორე წერილი კი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით იყო, სადაც ავღნიშნეთ, რომ ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით კომისიის მუშაობაში, რადგან გვაქვს ძალიან ბევრი უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგების საქმეები. მე ველოდები მინისტრთან შეხვედრას, რადგან ეს არის დემოკრატიული ღირებულებების უმთავრესი კრიტერიუმები-სოციალური დიალოგი. სოციალური დიალოგი არის გარდაუვალი, რომელიც გულისხმობს დასაქმებულთა წარმომადგენელსა და ხელისუფლებას შორის ერთობლივი ქმედებების განსაზღვრას, დიალოგის რეჟიმში პრობლემების გადაწყვეტას. ასევე გვაქვს მომზადებული ჩვენი ინიციატივების სრული პაკეტი, რისი შეცვლაც სავალდებულოა და გვსურს ამ საკითხებზე პირდაპირ ვისაუბროთ. იმედს გამოვთქვამ, რომ ბატონი გიორგი, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენთან თანამშრომლობას დაიწყებს.
_ ქალბატონო მაია, „ნაციონალური მოძრაობის“ ზეწოლაზე და თქვენს საქმიანობაში ჩარევის მცდელობაზე ყურადღებას ხშირად ამახვილებთ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდანაც ხომ არ ყოფილა მცდელობა პროფკავშირების საქმიანობაში ჩარეულიყვნენ ან თქვენზე ზეწოლა მოეხდინათ ?
__არა, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებისგან არ ყოფილა არავითარი ზეწოლა. მე ვარ 4 წლით არჩეული თავჯდომარე, 2014 წლამდე და ჩემს თანამდებობას საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, პროფკავშირის თავჯდომარეობა თანამდებობა არ არის, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა თითოეული წევრის ინტერესებისა და უფლებების დასაცავად. ჩემი მიზანია,ეს როგანიზაცია გაანვითარდეს, იყოს ეფექტური, ყავდეს მოტივირებული წევრები, შეიცვალოს მენტალიტეტი მასწავლებლებს შორის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, ჩვენ დავიწყეთ საერთაშორისო პროექტის განხორციელება. ამ პროექტში ვმონაწილეობთ : საქართველო, ეგვიპტე, ზიმბაბვე, ჰონდურასი . ეს არის ის ოთხი ქვეყანა, სადაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში განსაკუთრებით გამოიკვეთა გაერთიანების თავისუფლების ხელყოფა, ჩარევა პროფკავშირის საქმიანობაში. ეს არის განათლების ინტერნაციონალის პროექტი ამერიკის სახელმწიფოს დეპარტამენტის დაფინანსებით. მისი მიზანია ორგანიზაციული განვითარება და ინსტიტუციონალური გაძლიერება.
ჟანა ასანიძე
საინფორმაციო სააგენტო ნიუპოსტი
მასალის გამოყენების პირობები






