ელვის პრესლი და მისი კადილაკი...
როკ-ენ-როლის მეფე, ელვის პრესლი მხოლოდ მისი მუსიკალური კარიერით არ არის ცნობილი, არამედ ყველამ იცის რომ ლეგენდარულ მუსიკოსს ავტომობილები იზიდავდა. მომღერალს მრავალი სახის ავტომობილი ჰყავდა, მაგრამ მისი გული მხოლოდ ერთ მოდელს, Cadillac-ს ეკუთვნოდა. ბაშვობაში ელვისი დედას არწმუნებდა, რომ როცა იგი გაიზრდებოდა, ორ კადილაკს იყიდდა, ერთს მშობლებისთვის, მეორეს კი თავისთვის. ელვისმა დანაპირები შეასრულა. მუსიკალურ სამყაროში ელვისმა ფეხი 1954 წელს შეადგა. ერთი წლით ადრე კი მისთვის მნიშვნელოვანი რამ მოხდა: კადილაკმა წარმოებაში ამერიკული ოცნების სიმბოლო ჩაუშვა. ეს Eldorado გახლდათ.
1955 წლის მარტში ელვისმა პირველად მოახერხა დიდი ფულის გამომუშავება და პირველი კადილაკიც შეიძინა: დიდი ვარდისფერ-თეთრი სედანი, რომელიც 5,4-ლიტრიანი V8 ტიპის ძრავით იყო აღჭურვილი და რომლის სიმძლავრეც 160 ცხენის ძალას შეადგენდა. ორმოცდაათიანი წლების ამერიკაში სწორედ ეს ავტომობილი ითვლებოდა სიმდიდრისა და დიდების სიმბოლოდ. 1956 წელს, პირველი ალბომის გამოსვლიდან რამდენიმე თვეში, ელვისმა 22 მილიონი ამერიკული დოლარის გამომუშავება შეძლო და ამიტომაც, მან ოთხი კადილაკი შეიძინა. ეს ნაბიჯი კი ელვისმა ასე ახსნა: „რა თქმა უნდა, მე ოთხივე ავტომობილით არ ვმოძრაობ. მაგრამ ეს იმ შემთხვევისთვის, თუ გავკოტრდები, მაშინ გავყიდი მათ და შესაბამის თანხასაც მივიღებ“.
რიგა ჰეივორტი და მისი Lincoln Continental
გასაკვირი არ არის, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი რიგა ჰეივორტი ერთ შეუდარებელ ლინკოლნს მეორეში ცვლიდა. მსახიობი ხუთჯერ იყო დაქორწინებული. ეს მამაკაცები, რა თქმა უნდა, ფინანსურად საკმაოდ გამართულები იყვნენ და თითოეული მათგანი საყვარელ მეორე ნახევარს ზემოთ აღნიშნულ ავტომობილებს ჩუქნიდა.
მსახიობის ნამდვილი სახელი - მარგარეტ კარმენ კანსინო გახლავთ. მსახიობს რომ თავი დავანებოთ, აღსანიშნავია, რომ ლინკოლნი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების საყვარელი მარკაც გახლავთ. ავტომობილის სახელწოდება შეერთებული შტატების მეთექვსმეტე პრეზიდენტის, ლინკოლნის სახელიდან მომდინარეობს. 1920 წლიდან 1990 წლამდე აღნიშნული ავტომობილები ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე გაყიდვადი მოდელები გახლდათ.
კლარკ გეიბლი და მისი Packard Twin-Six
კლარკ გეიბლი, რომელიც „ქარწაღებულებში“ რეტ ბატლერის როლს ასრულებს, აღმერთებდა ავტომობილებს და რა თქმა უნდა, დიდი კოლექციის მფლობელიც გახლდათ. ერთ-ერთი მისი საყვარელი ავტომობილი Packard Twin-Six გახლდათ, რომელიც 12-ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. აღნიშნული მოდელი პირველად 1899 წელს აეწყო. მისი ავტორები ძმები პაკარდები გახლავთ. ეს მოდელი მეოცე საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა.
ოდრი ჰეპბერნი და მისი Ferrari
როგორც აღმოჩნდა, ჰოლივუდის ვარსკვლავს, ოდრი ჰეპბერნს სიჩქარე იზიდავდა. მისი საყვარელი ავტომობილი Ferrari გახლდათ. ყველამ კარგად იცის, რომ ამ მარკის ავტომობილები, მსოფლიოს უსწრაფესი მოდელები გახლავთ.
კომპანია Ferrari 1939 წელს შეიქმნა და მისი ხელმძღვანელი ენცო ფერარი გახლდათ. თავდაპირველად, კომპანია ავტომობილების აღჭურვილობებს აწარმოებდა. პირველი ავტომობილი 1946 წელს გამოჩნდა, ეს იყო მოდელი Ferrari 125, იგი 12-ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი.
სოფი ლორენი და მისი Mercedes SLR
პოპულარობის მწერვალზე სოფი ლორენმა Mercedes SLR არჩია.
ეს ავტომობილი, გამოსვლის დღიდან მოყოლებული, დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ მოდელად. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი ყოველდღიურად განახლებას ექვემდებარება, მისი ფლობის ბედნიერება ნებისმიერ მსურველს არ გააჩნია. ამ მოდელის მთავარი მახასიათებელი ყოველთვის სიმძლავრე და აქედან გამომდინარე, მისი ღირებულება გახლდათ. იმისათვის, რომ ეს ავტომობილი კარგად მართო, კარგი მძღოლიც უნდა იყო!
მასალის გამოყენების პირობები






