"ჩვენთვის მიუღებელია როგორც კომისიის შექმნის გაურკვეველი ვადით გადადება, ასევე ის მიზეზები, რაც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. კერძოდ კი ის, რომ ქვეყანა, თავისი ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მზად არ არის მსგავსი კომისიის შესაქმნელად.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ შემდეგი:
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს კომისიისა თუ სხვა ანალოგიური ფუნქციის მქონე მექანიზმის მანდატი, შემადგენლობა და სხვ., ცალსახაა, რომ ქვეყანაში წლების განმავლობაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით არსებობდა და დღემდე პრობლემად რჩება უკანონო და დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებებით გამოწვეული უფლებადარღვევის ფაქტები.
მრავალი ადამიანისათვის სათანადო სამართლებრივი მექანიზმის შექმნა სამართლიანობის აღდგენის, მათ შორის უკანონო პატიმრობის დასრულების პრაქტიკულად ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. ამ რეალობის გათვალისწინებით, დაუშვებელია სახელმწიფომ იგნორირება გაუკეთოს აღნიშნულ პრობლემას, მით უმეტეს, რომ ამ პრობლემის არსებობას სახელმწიფო თავად აღიარებს.
გადადებული სამართალი - წართმეული სამართალია. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ უფლებადარღვევის მსხვერპლთათვის ხშირად არსებითი მნიშვნელობა საქმეზე სიმართლის დადგენას აქვს, ხოლო ფინანსური ფაქტორი, რიგ შემთხვევებში, მათთვის მხოლოდ მეორეხარისხოვანია. "
მასალის გამოყენების პირობები






