ანდრეი ილარიონოვის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგტექსტს (რომელიც ავტორის ნებართვით ქვეყნდება და რომელიც მარინა თოფურიძემ თარგმნა), ანალიზს სკანდალურ დასკვნამდე მივყავართ:
რუსულ მხარეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიზნად ჰქონდა დასახული, ყველანაირი გზებითა და საშუალებით მიეღოთ სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეთა გვამები, რათა შემდეგ გაემართლებინათ ფართომასშტაბიანი აგრესია რუსეთის მხრიდან, საქართველოს მისამართით.
ბლოგტექსტში მოყვანილი მოწმეების ჩვენების ანალიზი ცხადყოფს, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები, თავდაპირველად, სწორედ მაშინ დაიღუპნენ, როცა ქართველი ქვეითი სამხედროები ახლომახლო ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ, ამავე დროს, „სამშვიდოებოები“ „ზემო ქალაქში“ რჩებოდნენ ინტენსიური დაბომბვის პირობებში, ხოლო მას შემდეგ, რაც დამხმარე რუსული ძალა მოვიდა, მათ მოულოდნელად მიიღეს ბრძანება ბაზის დატოვების შესახებ – უკვე იმ დროს, როცა ჰყავდათ გარდაცვლილი რუსი მშვიდობისმყოფელები და ამის შესახებ პირველი ინფორმაციაც უკვე გაჩნდა.
ვინ, რომელი სამხედრო ძალის წარმომადგენელი იყო ის სნაიპერი, რომლის ტყვიამაც რუსი „სამშვიდობო“ ჯარისკაცი იმსხვერპლა? რატომ არის ოფიციალურ დოკუმენტებში ამ ოფიცრის დაღუპვის მიზეზად მითითებული არა სნაიპერული გასროლა, არამედ „ჭურვების ნამსხვრევები“? ვინ ბომბავდა ცხინვალსა და „ზემო ქალაქის“ ბაზას სამხედრო ავიაციის მეშვეობით, თუკი 8–10 აგვისტოს ქართულ სამხედრო ავიაციას არ განუხორციელებია არცერთი საბრძოლო გაფრენა?
ჟურნალისტ ალექსანდრე ვიქტოროვის მიერ ჩაწერილი ინტერვიუების გაშიფვრით, კონკრეტული ციტატების მოყვანითა და ამ ციტატების ანალიზის შემდეგ ა. ილარიონოვი თვითონ სვამს შეკითხვებს და კონკრეტულ ციტატებზე დაყრდნობით თავადვე პასუხობს მათ:
–
ეს ინტერვიუები ა. ვიქტოროვმა იმ ადამიანებისგან აიღო, რომლებიც 2008 წლის 7-9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის არა უბრალოდ საომარი მოქმედებების არეალში, არამედ, უშუალოდ ე.წ. სამშვიდობოთა ზემო ქალაქში - ანუ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების მხრიდან თავის მართლების მცდელობის თვალსაზრისით საკვანძო ადგილას იმყოფებოდნენ. სხვა სიტყვებით, ეს - მოწმეთა ჩვენებებია, უშუალოდ მოვლენათა ეპიცენტრიდან მიღებული.
ჩვენებები ქართული ძალების წინააღმდეგ მებრძოლ რუსეთის სამშვიდობო ბატალიონში მივლენილ რუს სამხედრო ექიმებს ეკუთვნით. საქართველოსა და ქართული ჯარის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას რუსი სამხედრო ექიმები არც მალავენ. ამდენად, შეუძლებელია ამ მოწმეებს საქართველოსადმი, ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისა და მ. სააკაშვილისადმი ზედმეტად პოზიტიური დამოკიდებულება და ფაქტების რაიმე სახით მათ სასარგებლოდ დამახინჯება დავაბრალოთ.
თავად ეს ინტერვიუები ჩაწერა ალექსანდრე ვიქტოროვმა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამხრეთ ოსეთში НТВ-ს სამხედრო კორესპონდენტად მსახურობდა. ის არ მალავს კონფლიქტის მხარეების მიმართსაკუთარ დამოკიდებულებას - ქართულისადმი - უარყოფითს და რუსული და სამხრეთოსურისადმი - დადებითს. ეს დამოკიდებულება იკითხება მისი ბლოგის მასალებშიც და ფილმშიც „2008 წლის აგვისტოში“, რომლის პროდიუსერიც გახლდათ, მის კომენტარებშიც „Эхо Москвы“-ს ეთერში ამ ტექსტის ავტორთან შეხვედრისას და მას შემდეგაც. ვიქტოროვის ეს პოზიცია მის მასალებს კიდევ უფრო ფასეულს ხდის, რადგან მათ რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა მიმართ დადებითი მიკერძოებულობის ეჭვისაგან ათავისუფლებს.
ა. ვიქტოროვის მიერ საერთო სათაურით - „მშვიდობისმყოფელები. მწუხარე აგვისტო“- შეკრებილი ინტერვიუები რუს სამხედრო ექიმებთან - სასარგებლო მასალაა, საქართველოს, ქართული ძალებისა და მ. სააკაშვილის მისამართით ყოველგვარ კომპლიმენტურობას მოკლებული.
დასაწყისისათვის, ეს მასალა მასში აღძრული ძირითადი საკითხების მიხედვით გავარჩიოთ.
შემდეგ კი - ამ და სხვა დოკუმენტების საფუძველზე - 7-9 აგვისტოს მოვლენების სურათი აღვადგინოთ.
1. როდის და რატომ მოხვდა რუს მედიკოსთა ჯგუფი სამხრეთ ოსეთში?
ალექსანდრ კონოვალოვი: სამხრეთ ოსეთში ზუსტად 14 ივლისს მოვხვდით... და აქ წამოსვლამდე დაახლოებით ათი დღით ადრე სამედიცინო რაზმში დაიწყო საუბარი მივლინებაზე მოცემულ რეგიონში. მაგრამ განმარტავდნენ, რომ ეს არა ცხინვალი, არამედ ვლადიკავკაზი იქნებოდა... ცხინვალის თაობაზე კი უკვე დაახლოებით 5 დღით ადრე გავიგეთ. სამივლინებო მოწმობაში მითითებული გვქონდა, რომ მივემგზავრებით სწორედ ქალაქ ცხინვალში სამშვიდობო ძალების მეთაურის განკარგულებაში. ნაყიდი იქნა ბილეთები და 14 ივლისს ჩამოვედით. რატომ დამამახსოვრდა ეს დღე? რადგან ოფიციალურად ითვლება, რომ 14 ივლისი - ჩვენი სამშვიდობო ძალების შესვლის დღეა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე... რაზმიდან (220 МОСН-სპეციალური დანიშნულების სამედიცინო რაზმი) მივლინებაში სამნი ვიყავით - მე - ანესთეზიოლოგი, მაიორი დიმიტრი ზუბოკი - ტრავმატოლოგი და კრისტინა ლიტოვკა - საოპერაციო მედდა. მე ანესთეზიოლოგი მედდაც მემსახურებოდა, ჯგუფის უფროსად მუცლის ღრუს ქირურგი გვყავდა, ბურდენკოს სახ. ჰოსპიტლიდან.
დიმიტრი ზუბოკი: რამდენადაც ვხვდები, ამ კონფლიქტის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი და 14 ივლისს ცხინვალში მიგვავლინეს. იგრძნობოდა და, მგონი, თავად ოსურმა მოსახლეობამაც იცოდა, რომ აგვისტოში ომი დაიწყება. ისინი მზად იყვნენ ამისათვის, მორალურადაც და ფსიქოლოგიურადაც...
ანდრეი ილარიონოვი: ამრიგად, 2008 წლის 4-5 ივლისს სპეციალური დანიშნულების 220-ე სამედიცინო რაზმში (МОСН) (ბაზირების ადგილი -ა.ა.ვიშნევსკის სახელობის მე-3 კლინიკური ჰოსპიტალი, მოსკოვის ოლქის კრასნოგორსკის რაიონი) დაიწყო საუბრები მისი სამხედრო მოსამსახურეების მივლინების შესახებ კავკასიაში, თავდაპირველად - ვლადიკავკაზში, 10 ივლისიდან კი - ცხინვალში. МОСН-ი სპეციალდება პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაზე, უწინარეს ყოვლისა, საბრძოლო მოქმედებების ზონებში:
დიმიტრი ზუბოკის კომენტარებიდან გამომდინარე, ფაქტი, რომ აგვისტოში ომი იქნება, მინიმუმ, ივლისის შუა რიცხვებიდან არ იყო საიდუმლო არც ოსებისთვის და არც რუსი სამხედრო ექიმებისათვის. შედარებისთვის: ქართველებმა ომის გარდაუვალობა 7 აგვისტოს გააცნობიერეს.
2. როდის დაიწყო ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები?
დიმიტრი ზუბოკი: საბრძოლო მოქმედებები კი სადღაც 6 აგვისტოს დაიწყო, მახსოვს ჯერ ისევ ცხინვალის საავადმყოფოში ვმუშაობდით, ჩვენს კოლეგებს ვუწევდით დახმარებას. ამ „კეთილდღეობის“ ფონზე, 6-ში დაჭრილებმა დაიწყეს შემოსვლა. ნატყვიარები, ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები...
ალექსანდრ კონოვალოვი: ომი, ასე ვთქვათ, უკვე 17 წლის განმავლობაში მიდიოდა, ამიტომ რაღაც წვრილმანი სროლები, არ ვიტყვი, რომ ვინმეს ახარებდა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, ხალხი ამას მიეჩვია, განსაკუთრებულ ყურადღებას არავინ აქცევდა. აგვისტოს პირველი რიცხვებიდან კი, სადღაც 4-5 რიცხვში, სიტუაცია გამძაფრდა, უფრო მასირებული სროლები დაიწყო... სწორედ 6-დან 7-მდე, საავადმყოფოში ბოლოჯერ რომ ვიყავით, ხალხიალაპარაკდა, რომ „რაღაც ისე არ არის, რაღაც მწიფდება“, არავის უნდოდა დაჯერება, რომ ეს ყოველივე ომში გადაიზრდებოდა... ვითვლიდით, 6-7 აგვისტოს 40-მდე დაჭრილი შემოვიდა...
ანდრეი ილარიონოვი: მასშტაბური საომარი მოქმედებების დაწყების თარიღად ბევრი თვითმხილველი და რუსეთ-საქართველოს ომის არაანგაჟირებული მკვლევარი, ამ პუბლიკაციის ავტორის ჩათვლით, სწორედ 6 ავისტოს ასახელებს. მათგან განსხვავებით ჰ. ტალიავინი თავის მოხსენებაში სხვა (თითქმის ორი დღით გვიანდელ)თარიღზე საუბრობს: „2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამით საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის საარტილერიო დაბომბვამ დასაბამი მისცა მსხვილმასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტს საქართველოში“.
3. როდის წავიდა კ. ლიტოვკა ვლადიკავკაზში გადასახვევი მასალების ჩამოსატანად?
კრისტინა ლიტოვკა: მივლინებით ცხინვალში რომ ჩამოვედი, ბატალიონის მედპუნქტში ყველაფერი „მინიმუმზე“ დამხვდა და მედიკამენტებისა და ხელსაწყოების ამ ნაკრებით რეალური სამედიცინო დახმარების გაწევა (რამე რომ მომხდარიყო) სრულიად შეუძლებელი იქნებოდა. არ იყო სრულიად ელემენტარული: დიდი ოპერაციებისათვის საჭირო ხელსაწყოების შესანახად აუცილებელი კარადები. გადასახვევი მასალა იყო, მაგრამ მე რომ მჭირდება, ისეთი - არა. ასევე ძაფები... ჩვენ ჩავედით ვლადიკავკაზში (5-6 აგვისტოს), ეს ყველაფერი გამოვიწერეთ, რადგან ბატალიონში პრაქტიკულად არაფერი გვქონდა სამუშაოდ.
ანდრეი ილარიონოვი: ამრიგად, ცხინვალში, სამშვიდობო ძალების ბატალიონში (МСБ) ჩასულმა 220 МОСН-ის სამხედრო მოსამსახურეებმა იქ ელემენტარული მედიკამენტებისა და იარაღის ნაკლებობა აღმოაჩინეს. მათ ეს 14 ივლისს აღმოაჩინეს, მაგრამ გადასახვევი მასალისა და ძაფებისთვის (14 ივლისს, სამხედრო მედიკოსების ჩამოსვლის მომენტისთვის რომელთა ნაკლებობაზეც არაფერია ნათქვამი ინტერვიუში) ვლადიკავკაზში მივლინებით ისინი მხოლოდ 5 აგვისტოსმიემგზავრებიან. უკვე მომდევნო დღეს კი, 6 აგვისტოს, როგორც მოწმეები თავად აღნიშნავენ, „საბრძოლო მოქმედებები დაიწყო“. უნდა ვაღიაროთ: 220 МОСН-ში ძალზე გამჭრიახი მედდები და სამხედრო მედიკოსები მსახურობენ.
4. როდის და რატომ დატოვეს რუსმა მედიკოსებმა ცხინვალის საავადმყოფო და დაბრუნდნენ ზემო ქალაქში?
დიმიტრი ზუბოკი: აი, 7 რიცხვში კი უკვე სამშვიდობო ბატალიონში წასვლა გადავწყვიტეთ დასასვენებლად. აქამდე ჭაპანს ვეწეოდით...
ანდრეი ილარიონოვი: ისმის კითხვა, რატომ გადაწყვიტეს მედიკოსებმა „დასვენება“? მით უმეტეს სიტუაციაში, რომელზეც მოწმე ალექსანდრ კონოვალოვი ამბობს შემდეგს:
ალექსანდრ კონოვალოვი: 6-7 რიცხვში სადილობამდე ვეხმარებოდით. როცა მივდიოდით, მეტმა დაჭრილმა დაიწყო შემოსვლა, მაგრამ ამას უკვე ადგილობრივი ექიმები ებრძოდნენ. ძირითადად, ნამსხვრევებით გამოწვეული ჭრილობები გვხვდებოდა, მაგრამ იყო ნატყვიარებიც.
ანდრეი ილარიონოვი: უჩვეულოა, დამეთანხმეთ. მეტი და მეტი დაჭრილი შემოდის, ნამსხვრევებით გამოწვეული ჭრილობებითა და ნატყვიარებით, „ხალხი ალაპარაკდა, რომ „რაღაც ისე არ არის, რაღაც მწიფდება““, კონფლიქტის ზონაში სპეციალურად „პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად“ ჩამოსულმა რუსმა სამხედრო ექიმებმა კი „დასვენება“ გადაწყვიტეს და დაჭრილების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ბრძოლა ადგილობრივ ექიმებს შეატოვეს. რატომ?
ალექსანდრ კონოვალოვი განმარტავს, რამდენად „დასასვენებლად“ გაემგზავრნენ სამხედრო ექიმები და ვინ გასცა ბრძანება ამ „დასვენების“ თაობაზე.
ალექსანდრ კონოვალოვი: 7-ში, სადღაც სადილობისკენ შემოვიდა ბატალიონის მეთაურის ზარი, რომ „სიტუაცია მწვავდება“. სამშვიდობო ბატალიონის ტერიტორიაზე გამოცხადება მოგვთხოვეს, რადგან ბატალიონის განლაგებაში მხოლოდ უმცროსი სამედიცინო პერსონალი იყო დარჩენილი. ყველა ექიმი სამოქალაქო საავადმყოფოებში იმყოფებოდა. 7 რიცხვში დღის 3-4 საათისთვის ჩვენ ბატალიონში დავბრუნდით.
ანდრეი ილარიონოვი: ამრიგად, მოწმე დიმიტრი ზუბოკის მიერ ჟურნალისტისათვის მიწოდებული „დასვენების“ ვერსიის საფარქვეშ,სამშვიდობო ბატალიონის მეთაურმა კ. ტიმერმანმა ექიმებს ზემო ქალაქში განთავსებული ბატალიონის ტერიტორიაზე გამოცხადება უბრძანა.
4, 5, 6 და 7 აგვისტოს დილას კონფლიქტის ზონაში სამხრეთ ოსებსა და ქართველებს შორის ინტენსიური ორმხრივი ცეცხლის მიუხედავად 7 აგვისტოს შუადღემდე ტიმერმანი არ შეშფოთებულა იმის თაობაზე, რომ მისი ექიმები ზედა ქალაქის ფარგლებს გარეთ არიან და რომ ბატალიონის ტერიტორიაზე „მხოლოდ უმცროსი სამედიცინო პერსონალია“ დარჩენილი. 7 აგვისტოს შუადღისთვის კი ეს ფაქტი ტიმერმანის შეშფოთებას იწვევს და ის მედიკოსებს დაუყოვნებლივ ბატალიონის ტერიტორიაზე გამოცხადებას უბრძანებს. რატომ?ასეთი რა გაიგო ტიმერმანმა არა უგვიანეს 7 აგვისტოს შუადღისა, რამაც სამშვიდობო ბატალიონში სამხედრო ექიმების გამოძახება აიძულა?
5. როდის უბრძანა ტიმერმანმა სამშვიდობო ძალების ბატალიონს გაეხსნათ ცეცხლი?
დიმიტრი ზუბოკი: საღამოს დასასვენებლად გამოვედით, მგონი, ის-ის იყო, საღამოს ჩაი დავლიეთ. უცებ ვხედავ, სამეურნეო სამსახურის უფროსი მორბის, უკვე ჩაფხუტსა და ტყვიაგაუმტარ ჟილეტში. გასაგები გახდა, რომ რაღაც ხდებოდა. მასთან მივედით და ვკითხეთ, „ეს რა ფუსფუსი გაქვთ ატეხილი?“ მან გვიპასუხა, „თქვენ, ბიჭებო, რაღაც ზედმეტად მოშვებულხართ, ბრძანებაა გაცემული ცეცხლის გახსნაზე, გამანადგურებელი ცეცხლის“.
ანდრეი ილარიონოვი: ციტატაში მითითებული არ არის ზუსტი დრო, როდის გასცა ტიმერმანმა „ბრძანებაცეცხლის გახსნაზე, გამანადგურებელი ცეცხლის“. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „საღამოს ჩაის“ დრო - ეს არის დროის მონაკვეთი 19.00-სა და 23.00-ს შორის. უნდა აღვნიშნოთ, რომ ვინაიდან მოწმე არაფერს გვატყობინებს ამ დროს ცხინვალის მიმართულებით სროლების თაობაზე და მის მეხსიერებაში ყველაზე მკაფიო სურათად „სამეურნეო სამსახურის უფროსი“ შემორჩა, „ჩაფხუტსა და ტყვიაგაუმტარ ჟილეტში“, შესაბამისად, სამშვიდობო ძალების ბატალიონისთვის ტიმერმანს „ბრძანება ცეცხლის გახსნაზე, გამანადგურებელი ცეცხლის“ დანამდვილებით ქართული მხარის მიერ ცხინვალის დაბომბვამდე გაუცია, რომელიც, როგორც ვიცით, 7 აგვისტოს 23.35-ზე დაიწყო.
ამრიგად, ტიმერმანის მიერ „ცეცხლის გახსნაზე, გამანადგურებელი ცეცხლის“ გახსნაზე ბრძანების გაცემის სავარაუდოდრო - დროის მონაკვეთია 19.00-სა და 23.00-ს შორის, ანუ მინიმუმ ნახევარი საათით ადრე მ. სააკაშვილის მიერ ცხინვალის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლის გახსნის ბრძანების გაცემამდე.
6. ვის უბრძანა კ. ტიმერმანმა „ცეცხლის გახსნა, გამანადგურებელი ცეცხლის გახსნა“?
ალექსანდრ ვიქტოროვი: ვინ უბრძანა და ვის?
დიმიტრი ზუბოკი:სამშვიდობო ჯარს. რადგან ქვემოთ, ქალაქში განლაგებულ პირველ ბატალიონს უკვე ესროლეს, მეორეს კი „გამანადგურებელი ცეცხლი“-ო - უთხრეს.
ანდრეი ილარიონოვი: „პირველი ბატალიონი“ - რუსი სამხედროების ტერმინოლოგიით, სამშვიდობო ძალების ჩრდილო-ოსური (დე-ფაქტო: სამხრეთ-ოსური) ბატალიონია, „მეორე ბატალიონი“ - რუსული. შესაბამისად, სამშვიდობო ძალების ბატალიონის მეთაურმა კ. ტიმერმანმა სამშვიდობო ბატალიონის მისადმი დაქვემდებარებულ სამხედრო მოსამსახურეებს უბრძანა გაეხსნათ „გამანადგურებელი ცეცხლი“ ცეცხლის გახსნის თაობაზე მ. სააკაშვილის მიერ ბრძანების გაცემამდე, ქართული ჯარის მიერ ცხინვალის მიმართულებით ცეცხლის გახსნამდე, ქართული ჯარის ცხინვალში შესვლამდე.
და, რაღა თქმა უნდა, მშვიდობისმყოფელის სტატუსისა და დაგომისის ხელშეკრულების დარღვევით, გამანადგურებელი ცეცხლის გახსნის ბრძანება გაიცა სამშვიდობო ჯარის მისამართით.
7. ვინ და რა პოზიციებს ესროდა 7 აგვისტოს 22-23 საათზე?
ალექსანდრ კონოვალოვი: სროლა 7-დან 8 აგვისტოს დაიწყო. მაშინ სამედიცინო პუნქტში ვიყავით, ხმაზეც კი მივხვდი, რომ სროლა უკვე სწორედ საარტილერიო დანადგარებიდან და „Град“-ებიდან წავიდა. ჩვენთან მეგობარი სტომატოლოგი იყო და მასთან ერთად გავედი სანახავად. „ზემო ქალაქი“ რატომ ჰქვია? იმიტომ, რომ ის ამაღლებაზეა და ღობესთან რომ მიხვალ, რომლითაც ბატალიონია გარშემორტყმული, ცხინვალს ზემოდან გადაჰყურებ, ისე ჩანს, როგორც ხელისგულზე. მივედით კიდეც (სადღაც 10-ის მერე იყო, უფრო 11-ისკენ) და ვუყურებდით, როგორ მონაცვლეობით, სადღაც 30-40 წუთის ხანგრძლივობით ესროდნენ ქალაქს - მცირე შეყოვნება, - და ისევ ცეცხლი. დაიწყო მასირებული დაბომბვა, ესროდნენ საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, ეს გარკვევით ჩანს.
ანდრეი ილარიონოვი: როგორც ცნობილია, დე-ფაქტო 18.00-ზე დაწყებული და მ. სააკაშვილის მიერ ტელევიზიით 19.10-ზე გამოცხადებული ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის შემდეგ ქართულმა ჯარმა ცხინვალის მიმართულებით სროლა 7 აგვისტოს 23.35-ზე განაახლა. მაშ, ცხინვალის მიმართულებით ვის მიერ გახსნილ ცეცხლს ხედავდნენ ალექსანდრ კონოვალოვი და მისი მეგობარი სტომატოლოგი 7 აგვისტოს „10-ის მერე, უფრო 11 საათისკენ“? მოწმე ალექსანდრ კონოვალოვის ჩვენება სრულად ემთხვევა ქართველი სამხედროების, ცხინვალისა და ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართული ანკლავის სოფლების მცხოვრებთა ჩვენებებს იმის თაობაზე, რომ 7 აგვისტოს დაახლოებით 22.30-დან სამხრეთ-ოსურმა ნაწილებმა დაიწყეს სროლა ქართული სოფლების - ფრისის, თამარაშენისა და ქურთას მიმართულებით. ცხინვალის ქუჩები და სახლები ისე გადადის თამარაშენის ქუჩებსა და სახლებში, რომ ზემო ქალაქის ტერიტორიიდან, მით უფრო ღამის საათებში, შეუძლებელია გაარჩიო ცხინვალს ესვრიან, თუ თამარაშენს. ამრიგად, რუსმა სამხედრო ექიმებმა ალექსანდრ კონოვალოვმა და სტომატოლოგმა 7 აგვისტოს 22-23 საათზე სამხრეთ-ოსების მიერ ქართული სოფლების, კერძოდ, თამარაშენის მიმართულებით (საარტილერიო დანადგარებიდან და „Град“-ებიდან) გახსნილი ცეცხლი დაინახეს.

8. რა იარაღიდან ესროდა ქართული ჯარი ცხინვალს 7-დან 8 აგვისტოს ღამით?
ალექსანდრ კონოვალოვი: სროლა 7-დან 8 აგვისტოს დაიწყო. მაშინ სამედიცინო პუნქტში ვიყავით, ხმაზეც კი მივხვდი, რომ სროლა უკვე სწორედ საარტილერიო დანადგარებიდან და „Град“-ებიდან წავიდა... სიბნელეში - სარაკეტო ზალპი, ცეცხლი - ეს ყველაფერი ძალიან ჩანს. რასაც ვხედავდით, ისროდნენ სოფელ ზემო ნიქოზიდან, რომელიც ზუსტად ჩვენს მოპირდაპირედ, მინდვრის გადაღმა მდებარეობს, ანუ, იქიდან ისროდნენ.
ანდრეი ილარიონოვი: მოწმე ალექსანდრ კონოვალოვის ჩვენებები ზედმიწევნით ემთხვევა ქართველი სამხედროების ჩვენებებს, რომლებმაც აჩვენეს, რომ სროლებს ცხინვალში 12 სამხედრო სამიზნის მიმართულებით „Град“-ებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან „Дана“აწარმოებდნენ. ქართველი სამხედროები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ცხინვალში ამ სამიზნეების წინააღმდეგ ნაღმმტყორცნები არ გამოუყენებიათ. დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტებიც ადასტურებენ, რომ იმ ტიპის შეტევითი ოპერაციის წინ, რომელსაც ქართული ნაწილები ცხინვალში 8 აგვისტოს ღამით და დილას ატარებდნენ, ნაღმმტყორცნების გამოყენებას აზრი არ ჰქონდა.
9. როდის გასცა კ. ტიმერმანმა მეორე ბრძანება გამანადგურებელი ცეცხლის გახსნაზე?
ალექსანდრ კონოვალოვი: შემდეგ, დილის ოთხი საათის მიდამოში (ჩვენ სამედიცინო პუნქტში ვიყავით) განგაში გამოცხადდა და ბატალიონის მეთაურის ბრძანებით ჩვენ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები მივიღეთ, მივიღეთ ავტომატები, ჩაფხუტები და აღვიჭურვეთ. სადღაც ამავე დროს იყო საუბარი ბატალიონის მეთაურთან, რომელმაც გვაგრძნობინა, რომ უკვე გაცემულია ბრძანება „საჭიროების შემთხვევაში, გამანადგურებელი ცეცხლის გახსნის“ თაობაზე. ჩვენ მწყობრში დაგვაყენეს.
ანდრეი ილარიონოვი: ამრიგად, მეორე ბრძანება „გამანადგურებელი ცეცხლის გახსნის“ თაობაზე გაცემული იყო კ. ტიმერმანის მიერ, ჯერ ერთი, დილის დაახლოებით 4 საათზე, და მეორეც, სამედიცინო პერსონალის მისამართით. ამასთანავე, ბრძანებას თან მოჰყვა პირადი შემადგენლობის დაწყობა და ტყვიაგამტარი ჟილეტების, ჩაფხუტებისა და იარაღის (!) დარიგება, მათ შორის სამხედრო ექიმებისთვისაც (!), რამაც სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები ავტომატურად კომბატანტებად და ქართული ძალების იერიშის ლეგალურ სამიზნეებად აქცია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის ზემო ქალაქში სამშვიდობო ძალების ბატალიონი ქართული ჯარის ცეცხლქვეშ არ იმყოფებოდა.

10. ვინ და როდის დაუწყო სროლა ზემო ქალაქს?
ალექსანდრ კონოვალოვი: ჯერ მსუბუქი იარაღიდან გვესროდნენ, მაგრამ ისე, მეტწილად გვაშინებდნენ, სავარაუდოდ. ეს სადღაც 5.50-ზე დაიწყო და 15-20 წუთის შემდეგ - დასჭექა! ჩვენგან (სამედიცინო პუნქტიდან) მარცხნივ ყაზარმა იდგა, ყაზარმის მესამე სართულზე კი - ქვით ამოშენებული სადამკვირვებლო კოშკი, და იქ იდგა ოსი დამკვირვებელი და ჩვენი მებრძოლი - დამკვირვებელი-მშვიდობისმყოფელი. და აი, პირველი ზალპი, რომლის შემდეგაც ყველაფერი დაიწყო, წამოვიდნენ პირველი დაჭრილები...პირველი მძიმედ დაჭრილი, რომელიც სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ თანრიგიდან „ტვირთი 300“ „ტვირთ 200“-ში გადავიდა, ოსი დამკვირვებელი იყო. იყო გასროლა ტანკიდან ქართული ტერიტორიის მხრიდან, სოფელ ზემო ნიქოზიდან, დამიზნებით, ამ სადამკვირვებლო კოშკის მიმართულებით. მოიყვანეს ჩვენი მეომარიც, საშუალო სიმძიმის დაჭრილი (ნამსხვრევით გამოწვეული ჭრილობით კიდურისა), ის მოშორებით, სახურავზე იდგა... და ოს ბოევიკს ჰქონდა ტრავმა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი.
ანდრეი ილარიონოვი: მოწმე ალექსანდრ კონოვალოვი (მსგავსად სხვა ბევრი მოწმისა) აჩვენებს, რომ სამშვიდობო ძალების ბატალიონის განლაგებას ჯერ - დილის 5.50-ზე - მსუბუქი იარაღიდან ესროდნენ, შემდეგ კი - 15-20 წუთში (ალექსანდრ კონოვალოვის თქმით) - გაისმა ქართული ტანკიდან გასროლის ხმა. ძიებამ ადრევე ზუსტად დაადგინა ქართული ტანკიდან პირველი გასროლის დრო - ეს დილის 6.20-ია (ან, მ. კულახმეტოვის ჩვენებით, - დილის 6.25). ამრიგად, ქართული ტანკიდან განხორციელებულ გასროლამდე დაახლოებით 30-35 წუთით ადრე (ან, ალექსანდრ კონოვალოვის აზრით, 15-20 წუთით ადრე) სამშვიდობო ძალების ბატალიონს მსუბუქი იარაღიდან ესროდნენ. საყურადღებოა, რომ ტანკის კუთვნილების ზუსტი დასახელებისგან (ქართული) განსხვავებით, მოწმე ალექსანდრ კონოვალოვს არ დაუზუსტებია მსუბუქი იარაღიდან სროლის წყაროს კუთვნილება.
ისმის ბუნებრივი შეკითხვა:
სახელდობრ ვინ გაუხსნა მშვიდობისმყოფელთა განლაგებას ზემო ქალაქში თავდაპირველი ცეცხლი მსუბუქი იარაღიდან 7 აგვისტოს დილის 5.50-ზე?
ეს შეკითხვა განსაკუთრებულ ჟღერადობას დიმიტრი ზუბოკის ჩვენებების ჭრილში იძენს.
ალექსანდრ ვიქტოროვი: იყო ქვეითი ჯარი, ქართული?
დიმიტრი ზუბოკი: 8-ში არ იყო, 9-ში იყო. ჯერ ხომ წინასწარ უნდა დაბომბო, „ლამაზად“, შემდეგ კი მიხვიდე და გადარჩენილები გაანადგურო.
ანდრეი ილარიონოვი: ანუ, მოწმე ადასტურებს, რომ 8 აგვისტოს ზემო ქალაქის სიახლოვეს ქართული ქვეითი ჯარი არ ყოფილა. მისი ეს ჩვენება დასტურდება ქართველი სამხედროების ჩვენებებით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დილის 5-6 საათისთვის ქართულმა ქვეითმა ნაწილებმა გვერდი აუარეს ზემო ქალაქს და ამ დროისათვის ცხინვალის ცენტრალურ კვარტლებში შევიდნენ. ამდენად, ზემოთ დასმული შეკითხვა უფრო დაზუსტებულ ფორმულირებას იძენს:
თუ 7 აგვისტოს დილის 5.50-ზე ზემო ქალაქის სიახლოვეს ქართული ქვეითი ჯარი არ ყოფილა, მაშინ ვინ ესროდა მსუბუქი იარაღიდან სამშვიდობო ძალების ბატალიონის განლაგებას?
მოწმე დიმიტრი ზუბოკი ადასტურებს ალექსანდრ კონოვალოვის ჩვენებას მსუბუქი იარაღიდან სროლის თაობაზე, მაგრამ დამატებით აღნიშნავს, რომ სროლა ნაღმმტყორცნებიდანაც ხორციელდებოდა.
დიმიტრი ზუბოკი:სადღაც დილის 7 საათისთვის. ნაღმმტყორცნებიდან გვესროდნენ, ღობის გასწვრივ, შემდეგ კი სროლა მსუბუქი იარაღიდან დაიწყო. სროლა ერთდროულად დაიწყეს. მომენტიც დამამახსოვრდა, სამედიცინო პუნქტიდან გავედი, სწორედ პირველი დაჭრილები მოიყვანეს და ამ დროს მოხდა აფეთქება, როცა ტანკიდან ნასროლი ჭურვი უკვე მესამე სართულზე შეფრინდა. მერე კედელმა დაიწყო ნგრევა, ნელ-ნელა იშლებოდა. მაშინ გამოჩნდნენ პირველი მოკლულები - სროლის დაწყებიდან 15-20 წუთის შემდეგ. აქ მივხვდი, რომ საქმე სახუმაროდ აღარ გვქონდა.
ანდრეი ილარიონოვი: მითითებულმა დრომ - „დილის 7-მა საათმა“ - თავიდან შეიძლება დაგვაბნიოს, მაგრამ დიმიტრი ზუბოკის მიერ აღწერილი ეპიზოდის დეტალები ეჭვს არ ტოვებს, რომ საუბარი ერთსა და იმავე მოვლენას ეხება - ზემო ქალაქის მიმართულებით სროლის დაწყებას (5.50-ზე), რომელსაც ქართული ტანკიდან გასროლა მოჰყვა (6.20-6.25-ზე). არასრული დამთხვევა სხვადასხვა მოწმის მიერ ამა თუ იმ მოვლენის დროის დასახელებისას - სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით, საბრძოლო მოქმედებების პირობებში.
ამრიგად, დაახლოებით დილის 5 საათსა და 50 წუთზე, დაიწყო სროლა ნაღმმტყორცნებიდან. ესროდნენ ტერიტორიას იმ „ღობის გასწვრივ“, რომელიც გარს ეკრა ზემო ქალაქში სამშვიდობო ძალების ბატალიონის განლაგებას. ამას მოჰყვა სროლა მსუბუქი იარაღიდანაც. ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ 7-დან 8 აგვისტოს ღამით ცხინვალის მიმართულებით სროლისას ქართულ ნაწილებს ნაღმმტყორცნები არ გამოუყენებიათ, ზემო ქალაქის მახლობლად კი ქართული ქვეითი ჯარი 8 აგვისტოს საერთოდ არ ყოფილა. ამასთან, ესროდნენ ტერიტორიას „ღობის გასწვრივ“, შესაბამისად, ზემო ქალაქის უშუალო სიახლოვეს. მაგრამ, არც დიმიტრი ზუბოკს, არც ალქსანდრ კონოვალოვს და არც სხვა რომელიმე მოწმეს, სამშვიდობო ძალების ბატალიონის არც ერთ სამხედრო მოსამსახურესაც კი არასდროს განუცხადებია 8 აგვისტოს დილით ზემო ქალაქის უშუალო სიახლოვეს ქართული ქვეითი ნაწილების გამოჩენის თაობაზე.
კიდევ ერთხელ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ სხვა უამრავ შემთხვევაში მოწმეები ზუსტად უთითებენ, რომ ცეცხლი ქართული ჯარის მხრიდან გაიხსნა. ამ ეპიზოდში კი მოწმე ალქსანდრ კონოვალოვიცა და მოწმე დიმიტრი ზუბოკიც მხოლოდ და მხოლოდ უპირო ფორმულირებებს იყენებენ: „ჯერ მსუბუქი იარაღიდან გვესროდნენ, მაგრამ ისე, მეტწილად გვაშინებდნენ, სავარაუდოდ“; „ნაღმმტყორცნებიდან გვესროდნენ, ღობის გასწვრივ, შემდეგ კი სროლა მსუბუქი იარაღიდან დაიწყო. სროლა ერთდროულად დაიწყეს“. ამავე დროს, პირველ ციტატაში ხაზგასმულია, აქცენტი კეთდება დაწყებული სროლის ერთგვარ „არასერიოზულობაზე“: „მაგრამ ისე, მეტწილად გვაშინებდნენ, სავარაუდოდ“. ასეთ შემთხვევაში ზემოთ დასმული შეკითხვა კიდევ ერთ, დაზუსტებულ ფორმულირებას იძენს:
თუ ზემო ქალაქის რაიონში 8 აგვისტოს არ იყო ქართული ქვეითი ჯარი,
თუ 8 აგვისტოს ქართულ ნაწილებს არ უსვრიათ ცხინვალისთვის ნაღმმტყორცნებიდან,
მაშინ ვინ გახსნა ცეცხლი 8 აგვისტოს დილის 5.50-ზე:
- რა იარაღიდან? - ნაღმმტყორცნებიდან და მსუბუქი იარაღიდან,
- როგორ? - თავიდან „უფრო გვაშინებდნენ, სავარაუდოდ“,
- სად? – ზემო ქალაქის „ღობის გასწვრივ“ და ზემო ქალაქში სამშვიდობო ძალების ბატალიონის განლაგების მიმართულებით?
ოდნავ მოგვიანებით, 9 აგვისტოს მოვლენებზე საუბრისას, ალექსანდრ კონოვალოვი გვატყობინებს, თუ რა ტიპის იარაღით სარგებლობდნენ ზემო ქალაქში განლაგებული სამშვიდობო ძალების ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები და მათთან ერთად მყოფი სპეცრაზმელები.
ალექსანდრ კონოვალოვი: ისე, თავს მსუბუქი იარაღითაც ვიცავდით, როცა ქართულმა სპეცრაზმმადაიწყო მოახლოება, და ნაღმსატყორცნი დანადგარებითაც, ეს უკვე მაშინ, როცა ჩვენი მიმართულებით მასირებული ცეცხლი იხსნებოდა.
11. ვინ მოკლა ზემო ქალაქის მეორე დაღუპული?
ალექსანდრ კონოვალოვი: მეორე „ტვირთი 200“ კი, რომელიც მოიყვანეს (ის სნაიპერის ტყვიით იყო მოკლული), მისი გვარი არ ვიცი... ეს მეორე მოკლული იყო, სადაზვერვო ოცეულის მეთაური.
ალექსანდრ ვიქტოროვი: მშვიდობისმყოფელი?
ალექსანდრ კონოვალოვი: დიახ, ჩვენი სამშვიდობო ბატალიონიდან, ოცმეთაური, ახალგაზრდა ბიჭი, უფროსი ლეიტენანტი. მოიყვანეს, ის-ის იყო, შემოყვანა დაიწყეს, ხელში როგორც კი ავიყვანეთ, მოიჩვარა, იმპროვიზირებულ საოპერაციო მაგიდაზე დავაწვინეთ. სხეულის დათვალიერებისას ვნახე, რომ შემავალი ჭრილობა კისრის მხრიდან ჰქონდა, სავარაუდოდ გარბოდა, ყაზარმიდან სამედიცინო პუნქტისკენ გადმორბოდა, გამომავალი ჭრილობა კი - ზურგის მხარეს, სადღაც მეშვიდე მალის არეში. ანუ, ეს ნამდვილად სნაიპერის ტყვია იყო. და გასაგები გახდა, რომ ყველაფერი გაცილებით სერიოზულია.
ანდრეი ილარიონოვი: პირველი მოკლულისაგან (ოსი სამხედრო მოსამსახურე ო. გალავანოვი) განსხვავებით, რომელიც ქართული ტანკიდან გასროლის შედეგად დაიღუპა, მეორე - სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. თანაც, ალექსანდრ კონოვალოვი ორჯერ იმეორებს ჩვენებას სნაიპერის ტყვიისაგან დაღუპვის თაობაზე. მეტიც, საკუთარ დასკვნას ის დაღუპულის ჭრილობების აღწერით ასაბუთებს. იმასაც ადასტურებს, რომ სადაზვერვო ოცეულის მეთაური მაშინ დაიღუპა, როცა ზემო ქალაქის ტერიტორიის შიგნით იმყოფებოდა - როცა „ყაზარმიდან სამედიცინო პუნქტისკენ გადმორბოდა“. და ბოლოს, მოწმე ისევ ვერ ბედავს იმ სნაიპერის ნაციონალური კუთვნილების დასახელებას, რომელმაც მშვიდობისმყოფელი იმსხვერპლა. ისმის კითხვა:
საიდან უნდა გაჩენილიყო და კონკრეტულად ვინ იყო სნაიპერი, რომელმაც შესძლო კისერში ერთი გასროლით (ზემოდან?)მოეკლა სამშვიდობო ბატალიონის ოფიცერი, რომელიც „მთაზე“, „ამაღლებაზე“ მდებარე და ღობით გარშემორტყმული ზემო ქალაქის ტერიტორიაზე გადარბოდა, თუ სამშვიდობო ძალების ბატალიონის სიახლოვეს 8 აგვისტოს არც ერთი ქართველი ქვეითი არ იყო შემჩნეული?
მართალია,ალექსანდრ კონოვალოვი დაღუპულის გვარს არ ასახელებს, მაგრამ ცხადია, რომ ეს სამშვიდობო ძალების ბატალიონის 8 აგვისტოს დილის 8-9 საათზე დაღუპული ერთადერთი ოფიცერი, უფროსი ლეიტენანტი სერგეი შეველიოვია, 135-ე მოტომსროლელი პოლკის სადაზვერვო ოცეულის მეთაური. საყურადღებოა, რომ სხვა წყაროებში (გარდა ექიმ ალექსანდრ კონოვალოვის ჩვენებისა) ს. შეველიოვის გარდაცვალების სხვა მიზეზებია მითითებული, ძირითადად, - „საარტილერიო ჭურვის აფეთქების შედეგად“. შეიძლება გაგებით მოვეკიდოთ სამხედრო ცენზურას, რომელიც ცდილობს მიჩქმალოს სამშვიდობო ბატალიონში სნაიპერის ტყვიებისა და მსროლელ სნაიპერთა არსებობა. მაგრამ რამდენად დასაჯერებელია, რომ სამხედრო ექიმს, რომელსაც დაღუპული ოფიცერი ხელში ჩააკვდა, შეეძლო სნაიპერის ტყვიით მიყენებული ჭრილობა ჭურვის ნამსხვრევით მიყენებულ ჭრილობაში არეოდა?
დასასრულ, ღირს ერთხელაც მოვიყვანოთ 8 აგვისტოს სროლის აღწერილობა, რომელიც სწორედ იმ, მშვიდობისმყოფელთათვის უჩინარი „ქართული ქვეითი ჯარიდან“ მომდინარეობდა, რომელიც ზემო ქალაქს სინამდვილეში მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, 9 აგვისტოს მიადგება.
დიმიტრი ზუბოკი: ხო. შეუძლებელი იყო მუშაობა. გარეთ გახვალ და ტყვია მოგხვდება, ასი პროცენტით.
12. ერიდებოდნენ თუ არა მოწმეები ქართველების, როგორც საბრძოლო მოქმედებების წყაროს იდენტიფიცირებას?
ალექსანდრ კონოვალოვი: იყო გასროლა ტანკიდან ქართული ტერიტორიის მხრიდან, სოფელ ზემო ნიქოზიდან, დამიზნებით, ამ სადამკვირვებლო კოშკის მიმართულებით.
დიმიტრი ზუბოკი: ...მომიჯნავე ტერიტორიაზე მუდმივად იმყოფებოდნენ ქართველი სამხედროები ბინოკლებით, ზემო ნიქოზის მხრიდან. მუდმივად გვითვალთვალებდნენ.
...
დიმიტრი ზუბოკი: ყველა წერტილი მიზანში ჰქონდათ ამოღებული.
ალექსანდრ ვიქტოროვი:ქართველებს თუ ჩვენ?
დიმიტრი ზუბოკი: რა თქმა უნდა, ქართველებს. მათი ტანკები ხან ერთი მხრიდან შემოდიოდნენ, ხან - მეორე, და დამიზნებით გვესროდნენ.
...
ალექსანდრ კონოვალოვი: ქართველი დამკვირვებლები მიხვდნენ, საით გადავედით და უკვე დამიზნებით გვესროდნენ.
ალექსანდრ კონოვალოვი: შემდეგ ქართული ტანკი გამოვიდა პოზიციაზე და პრაქტიკულად მთელი ჩვენი პარკი გაანადგურა.
...
ალექსანდრ კონოვალოვი: ცეცხლს პერიოდულად ვხსნიდით, როცა ქართული სპეცრაზმი გვიახლოვდებოდა. შემდეგ, ცხრაში დილას ჩვენი ტანკები მოვიდნენ. სხვათა შორის, ერთმა ტანკისტმა თავისი საბრძოლო კომპლექტი ბოლომდე გახარჯა, შემდეგ კი პოზიციაზე მაინც გადიოდა, უბრალოდ,ქართულ სპეცრაზმს აშინებდა. ჩვენი მზვერავები მის უკან დგებოდნენ და ფრთხილად გადაადგილდებოდნენ. უბრალოდ, „გადიოდა და აშინებდა“, საბრძოლო ქობინების გარეშე. ისე, თავს მსუბუქი იარაღითაც ვიცავდით, როცა ქართულმა სპეცრაზმმა დაიწყო მოახლოება...
...
დიმიტრი ზუბოკი: ერთი ტანკი კი ჩვენი ყაზარმის შესასვლელში იდგა. იმ დროისათვის ყაზარმის უკანა ნაწილისგან აღარაფერი იყო შერჩენილი და ის ქართველებს არ აძლევდა საშუალებას მეორე მხრიდან შემოევლოთ და ერთადერთი დარჩენილი შესასვლელიც ჩაეხერგათ. სარდაფში სპეცრაზმიც იყო, და, საერთოდ, ვინღა არ იყო... ტანკის მძღოლმა რომ გაიგო, ქართველი ქვეითები მოდიანო...
..
ალექსანდრ კონოვალოვი: შემდეგ ქართული ტანკებიც შემოვიდნენ...
დიმიტრი ზუბოკი: 9-ში დილას ქართულმა მხარემ საარტილერიო სროლები განაახლა... ქართველებმა ყურადღება იქით გადაიტანეს... ქართულმა სპეცრაზმმა შეამჩნია...
ალექსანდრ კონოვალოვი: ...ქართველები მას ტანკებიდან უშენდნენ... ქართული მხარის ძირითადი ყურადღება ამ ბატალიონისკენ იყო მიმართული... ხო, უკან ქართული სპეცრაზმი მოგვდევდა, გვერდით, პარალელურად ქართული ტანკი მოდიოდა. გაგვიმართლა, სავარაუდოდ, ვერ გვხედავდა. მას თავისი საცეცხლე სექტორი ჰქონდა. უკან ქართული სპეცრაზმი მოგდევს, გვერდით ტანკი...
ანდრეი ილარიონოვი: როგორც ჩანს, მოწმეები არ ერიდებიან ქართული ჯარისა და მისი ქმედებების იდენტიფიცირებას - არც ტანკების, ქვეითი ჯარისა თუ სპეცრაზმისა, არც სტაციონარულ და არც მობილურ მდგომარეობაში - მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მოწმეებმა ზუსტად იციან, რომ ეს ნამდვილად ქართული ჯარია. იმ შემთხვევებში კი, როცა მოწმეებმა არ იციან, ან არ არიან დარწმუნებული, ანდა არ უნდათ იმ სამხედრო ნაწილების ნაციონალური კუთვნილების შესახებ საუბარი, რომლებიც მათ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ, ისინი ხაზგასმით უპირო ფრაზებსა და გამოთქმებს იყენებენ.
13. ზემო ქალაქსა და მის შემოგარენში საბრძოლო მოქმედებებში სპეცრაზმელების (მზვერავების) მონაწილეობა.
ალექსანდრ კონოვალოვი: ...ჯერ სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები და მზვერავები წავიდნენ, შემდეგ ბატალიონის მეთაური. 12-ნი თუ 15-ნი გადავედით აბანოს უკან.
დიმიტრი ზუბოკი: სარდაფში სპეცრაზმიც იყო... სწორედ ამ დროს გაჩნდნენ დაჭრილი სპეცრაზმელები - ისინი მოძრაობდნენ - და გაკერვა გვიხდებოდა... კიდევ მახსოვს, შემოცვივდნენ ჩვენი სპეცრაზმელები (მე დაჭრილებთან ვიჯექი), და თქვეს, რომ ქართველი სამხედრო დაიჭირეს...
ალექსანდრ კონოვალოვი: იყო სამი დაღუპული მზვერავი, უბრალოდ, ჩვენთან იმყოფებოდნენ მზვერავებიც, სპეცრაზმელები კრასნოდარიდან. აი მათ ჰყავდათ სამი დაღუპული. ჯამში, 13 კაცი. ჩვენი ჯგუფის უფროსი, სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკი ანტონენკო, ორ რვეულში აღრიცხავდა დაჭრილებს, დაჭრილთა გადაადგილებას, დაღუპულებს. ეს იყო, თუ არ ვცდები, 13 მოკლული: 10 მშვიდობისმყოფელი, 3 მზვერავი.
ალექსანდრ კონოვალოვი: ჩვენი მზვერავები მის უკან დგებოდნენ და ფრთხილად გადაადგილდებოდნენ.
...
ალექსანდრ ვიქტოროვი: თქვენც არ გყოლიათ ტყვედ ქართველი ჯარისკაცები?
დიმიტრი ზუბოკი:კი, ერთი გვყავდა, მერე გაუშვეს, რადგან უკვე ყველა გარბოდა... თავიდან წამოყვანა უნდოდათ... ის ჩვენმა სპეცრაზმმა აიყვანა, ისინი დადიოდნენ იქ ახლომახლო, საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებდნენ... ზოგიერთებს კავშირი ჰქონდათ. სპეცრაზმელებს მუდმივი კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან.
ალექსანდრ ვიქტოროვი: სპეცრაზმი დროზე რომ არ მოსულიყო?
დიმიტრი ზუბოკი:სპეცრაზმი უკვე იქ იყო, ტერიტორიაზე. ჩვენ გაძლიერებულები ვიყავით.
ალექსანდრ ვიქტოროვი: ისინიც, როგორც ჩანს, იქ ტყუილუბრალოდ არ აღმოჩენილად?
დიმიტრი ზუბოკი: დავუფასოთ, ისე კარგად იგერიებდნენ. მახსოვს, 9-ში ვიღაცამ შემოირბინა „ყუმბარმტყორცნისთვის ყუმბარა მომეცით, გამითავდა!“. ერთმანეთს უსიტყვოდ გადავხედეთ...
ანდრეი ილარიონოვი: მოწმე ალექსანდრ კონოვალოვისა და დიმიტრი ზუბოკის ჩვენებები სპეცრაზმელთა მოქმედებების საკმაოდ დეტალურ სურათს იძლევა. ზემო ქალაქში, გარდა უშუალოდ სამშვიდობო ძალების ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებისა (ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის 135-ე მოტომსროლელთა პოლკის მე-18 მოტომსროლელთა ბრიგადა), სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი - კრასნოდარის სპეცდანიშნულების მე-10 ბრიგადის 107-ე რაზმი იმყოფებოდა.
ოფიციალური ლეგენდის თანახმად (და დაგომისის შეთანხმების უხეში დარღვევით), ის მივლენილ იქნა ცხინვალში („სამშვიდობოთა დანამატად“)საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე(სამშვიდობო ძალების ბატალიონის „გასაძლიერებლად“).სპეცრაზმელები და „ჩვეულებრივი მშვიდობისმყოფელები“ გვერდიგვერდიმყოფებოდნენ, და არა - ცალ-ცალკე, რომ გარეშე დამკვირვებლისთვის იოლი არ ყოფილიყო მათი გამორჩევა და შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ ერთნიცა და მეორენიც უბრალო მშვიდობისმყოფელები არიან.
მაგრამ მოწმეთა კომენტარებიდან იოლად ჩანს, რომ, ჯერ ერთი, სპეცრაზმელები არ ექვემდებარეობდნენ სამშვიდობო ძალების ბატალიონის ხელმძღვანელობას, საკუთარი პროგრამით მოქმედებდნენ, სამშვიდობო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებზე უკეთ იყვნენ ეკიპირებულნი, მომზადებულნი, ყველანი - კავშირით უზრუნველყოფილნი, „მუდმივად გადაადგილდებოდნენ“ როგორც ზემო ქალაქის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც „დადიოდნენ იქ ახლომახლო (ზემო ქალაქის ღობის გასწვრივ)“, შესძლეს ქართველი სამხედროს ტყვედ აყვანა, და, რაც მთავარია: „საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებდნენ“ და „ისე კარგად იგერიებდნენ“, რომ ყუმბარების მთელი მარაგი გამოლიეს.
საყურადღებოა, რომ სპეცრაზმელის თხოვნა ყუმბარების გაზიარების თაობაზე დიმიტრი ზუბოკსა და მის კოლეგებში შერეულ გრძნობას იწვევს: ერთის მხრივ, გულწრფელი აღტაცება („ისე კარგად იგერიებდნენ“), და მეორეს მხრივ, აშკარა აღქმა იმისა, რომ სამშვიდობო ბატალიონის მხრიდან (სახელით, დროშით, ეგიდით) საბრძოლო მოქმედებების წარმოებით სპეცრაზმელები, ჯერ ერთი, საბრძოლო მოქმედებების წარმოების წესებს არღვევდნენ, და მეორეც, სამშვიდობო ბატალიონის ჩვეულებრივ სამხედრო მოსამსახურეებს ქართველების მხრიდან საპასუხო შეტევის რეალური საფრთხის ქვეშ აყენებდნენ („ერთმანეთს უსიტყვოდ გადავხედეთ...“). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სპეცრაზმს მსუბუქი იარაღის გარდა შეიარაღებაში ნაღმმტყორცნებიც გააჩნდა.
14. აწარმოებდნენ თუ არა მშვიდობისმყოფელები საბრძოლო მოქმედებებს ქართველების წინააღმდეგ?
ალექსანდრ კონოვალოვი: გადავადგილდებოდით, როცა ტყვიამფრქვევიდან დამცავ ცეცხლს ხსნიდნენ, ჩვენთვის გადარბენის საშუალება რომ მოეცათ... ჩვენი БМП-ები, ცხადია, ცეცხლითვე პასუხობდნენ...
დიმიტრი ზუბოკი: ერთმა ეკიპაჟმა ცხინვალში გასვლა და გზის დამოუკიდებლად გაწმენდა გადაწყვიტა...
ალექსანდრ კონოვალოვი: სამშვიდობოებს ცეცხლს რომ უხსნიდნენ, ისინი თავს სროლით იცავდნენ. ცეცხლს პერიოდულად ვხსნიდით...ისე, თავს მსუბუქი იარაღითაც ვიცავდით... და ნაღმსატყორცნი დანადგარებითაც...
დიმიტრი ზუბოკი: ის ჩვენმა სპეცრაზმმა აიყვანა, ისინი დადიოდნენ იქ ახლომახლო, საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებნენ...
ანდრეი ილარიონოვი: სხვა სიტყვებით, მოწმეები ალექსანდრ კონოვალოვი და დიმიტრი ზუბოკი ჰყვებიან, რომ სამშვიდობო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ქართული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებდნენ, რაც, როგორც მშვიდობისმყოფელთა სტატუსის, ისე დაგომისის შეთანხმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. სწორედ საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში ცდილობს რუსული მხარე ქართული სამშვიდობო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების დადანაშაულებას (თუმცა, ყოველგვარი დადასტურების გარეშე).
15. რატომ შეწყდა 8 აგვისტოს შუადღისთვის საბრძოლო მოქმედებები ზემო ქალაქში, რომლებმაც შედეგად პირად შემადგენლობში დანაკრგები მოიტანა?
ალექსანდრ კონოვალოვი: ძირითადი დანაკარგები ასე, 7 საათიდან 8 რიცხვის დილის 11 საათამდე გვქონდა... შემდეგ კი, უბრალოდ, ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები იყო, დაიჭრნენ როცა დაჭრილები გადმოჰყავგათ, როცა საგუშაგოდან საგუშაგოზე გადარბოდნენ. ძირითადი დანაკარგები, უმთავრესად, დილის ასე, 11-მდე, 12-მდე გვქონდა.
ანდრეი ილარიონოვი: პირველი შეტყობინება ზემო ქალაქში ორი რუსი მშვიდობისმყოფელის დაღუპვის შესახებ რუსული და უცხოური საინფორმაციო სააგენტოების მორბენალ სტრიქონებში 8 აგვისტოს 11.54-ზე გამოჩნდა. ცხადია, რომ რუსულმა სარდლობამაც და რუსულმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამაც ეს ინფორმაცია დაახლოებით ამავე დროს ან ცოტა ადრე მიიღეს. ამ დროისათვის მშვიდობისმყოფელთა გვამების მიღების ამოცანა უკვე შესრულებული იყო.
16. იყო თუ არა დანაკარგები რუს მშვიდობისმყოფელთა ბლოკ-საგუშაგოებზე?
ალექსანდრ ვიქტოროვი: ბატალიონის ფარგლებს გარეთ თუ იყო ვინმე თქვენიანი?
დიმიტრი ზუბოკი: კი, ბლოკ-საგუშაგოები, მაგრამ რაღაცნაირად დროზე წავიდნენ. პოზიციები დატოვეს და წავიდნენ.
ანდრეი ილარიონოვი: კონფლიქტის ზონაში მიმოფანტულ ათეულობით ბლოკ-საგუშაგოზე რუს მშვიდობისმყოფელთა შორის დანაკარგები არ ყოფილა. მათ წინააღმდეგ ქართული ჯარის არც ერთი შეტევა არ ყოფილა დაფიქსირებული.
17. როგორ დაიღუპნენ რუსი მშვიდობისმყოფელები, რომლებიც ჯავშანტექნიკაში აღმოჩნდნენ?
ალექსანდრ კონოვალოვი: ჩვენი БМП-ები, ცხადია, ცეცხლითვე პასუხობდნენ. ორი თუ სამი ეკიპაჟი ცოცხლად დაიწვა, ამ БМП-ებში იყვნენ, სრულ საბრძოლო კომპლექტთან ერთად დაიწვნენ.
ალექსანდრ ვიქტოროვი: და ის БМП-ები, ქართულმა მხარემ რომ ესროლა, რომლებშიც ეკიპაჟები დაიწვნენ?
დიმიტრი ზუბოკი:კი, იყვნენ ასეთი ბიჭები. ერთმა ეკიპაჟმა ცხინვალში გასვლა და გზის დამოუკიდებლად გაწმენდა გადაწყვიტა. როგორც კი ქვევით ჩავიდნენ, პირდაპირი დამიზნებით... იქვე ჩაიწვნენ.
ანდრეი ილარიონოვი: ამრიგად, ჯავშანტექნიკაში დაღუპული ყველა მშვიდობისმყოფელი ქართულ ჯართან საბრძოლო შეტაკების შედეგად დაიღუპა, როცა მათი БМП-ები, მათი განადგურებისა და დაღუპვის აბსოლუტური გარანტიით, ქართულ ტანკებს შეგნებულად დაუპირისპირეს.
18. რა წარმოადგენდა ზემო ქალაქში ქართული ჯარის სამიზნეებს?
ალექსანდრ კონოვალოვი: ჩვენგან (სამედიცინო პუნქტიდან) მარცხნივ ყაზარმა იდგა, ყაზარმის მესამე სართულზე კი - ქვით ამოშენებული სადამკვირვებლო კოშკი, და იქ იდგა ოსი დამკვირვებელი და ჩვენი მებრძოლი - დამკვირვებელი-მშვიდობისმყოფელი. და აი, პირველი ზალპი, რომლის შემდეგაც ყველაფერი დაიწყო, წამოვიდნენ პირველი დაჭრილები... პირველი მძიმედ დაჭრილი, რომელიც სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ თანრიგიდან „ტვირთი 300“ „ტვირთ 200“-ში გადავიდა, ოსი დამკვირვებელი იყო. იყო გასროლა ტანკიდან ქართული ტერიტორიის მხრიდან, სოფელ ზემო ნიქოზიდან, დამიზნებით, ამ სადამკვირვებლო კოშკის მიმართულებით.
ალექსანდრ კონოვალოვი: ...ქართული ტანკი გამოვიდა პოზიციაზე და პრაქტუკულად მთელი ჩვენი პარკი გაანადგურა. ჩვენი БМП-ები, ცხადია, ცეცხლითვე პასუხობდნენ. ორი თუ სამი ეკიპაჟი ცოცხლად დაიწვა, ამ БМП-ებში იყვნენ, სრულ საბრძოლო კომპლექტთან ერთად დაიწვნენ.
დიმიტრი ზუბოკი:ერთმა ეკიპაჟმა ცხინვალში გასვლა და გზის დამოუკიდებლად გაწმენდა გადაწყვიტა. როგორც კი ქვევით ჩავიდნენ, პირდაპირი დამიზნებით...
ალექსანდრ კონოვალოვი: მთელი ავტოპარკიდან მხოლოდ ერთი მანქანა გადაგვირჩა, ე.წ. დაჯავშნული Урал-ი... გვერდით БМП იდგა, ტანკიდან გასროლილი ჭურვისგან მას ცეცხლი წაეკიდა...
ანდრეი ილარიონოვი: ამრიგად, ქართული ჯარისათვის ზემო ქალაქში ძირითადი, მკაფიოდ იდენტიფიცირებული სამიზნე იყო ორი:
- დამკვირვებელი (ოსი) ყაზარმის სახურავზე (ვარ.; მე-3 სართულზე);
- БМП-ები, რომლებიც ქართულ ჯარს ესროდნენ.
ანუ, ქართული შეტევების სამიზნეები იყვნენ ოსი და რუსი სამხედროები, რომლებიც ქართული ჯარის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებდნენ.
როგორც ჩანს, იმ БМП-ების განადგურების შემდეგ, რომლებიც ქართულ ნაწილებს ესროდნენ, ქართველმა ტანკისტებმა „პროფილაქტიკისთვის“ სამშვიდობო ძალთა ბატალიონის ავტოპარკის დიდი ნაწილის განადგურებაც გადაწყვიტეს. ზემო ქალაქის ტერიტორიაზე შეტევისა და განადგურებისათვის ქართული ჯარის სხვა სამიზნეებზე მოწმეები არაფერს იტყობინებიან.

19. უშლიდნენ თუ არა ხელს ქართველები ზემო ქალაქიდან სამშვიდობო ბატალიონის დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების გაყვანას?
ალექსანდრ კონოვალოვი:რვაში,სადღაც, საღამოს ექვსი საათისთვის სამშვიდობო ძალების მეთაურის მიერ ეუთო-სთან იყო მიღწეული შეთანხმება და გაგვიხსნეს დერეფანი. მთელი ავტოპარკიდან მხოლოდ ერთი მანქანა გადაგვირჩა, ე.წ. დაჯავშნული Урал-ი. მსუბუქი იარაღის ტყვიებისგან მაინც იცავს. შევკრიბეთ მძიმედ დაჭრილები, შემდეგ - საშუალო სიმძიმის დაჭრილები, გაგვიმართლა, დაახლოებით 24 ადამიანი იყო და მათთან ერთად თავადაც ჭურვის ნამსხვრევებით დაჭრილი სანინსტრუქტორი, რიგითი შვენცი. ის იყო ამ მანქანის უფროსი. და წავიდნენ ქართული ჯარის მიერ დაკავებული ცხინვალის გავლით, ცეცხლქვეშ.
კრისტინა ლიტოვკა: ... საბუთების მიხედვით, 23 მძიმედ დაჭრილი გვყავდა, მძიმე და საშუალო სიმძიმის, შვენცი იყო 24-ე, ჩვენი რვეულის მიხედვით. ბიჭები გავამგზავრეთ, გზადაგზა ვუკავშირდებოდით. უკვე ღამით, სადღაც, პირველ საათზე, ერთ-ერთმა ჩვენთან დარეკვა მოახერხა და გვითხრა „ყველამ ჩამოვაღწიეთ“! მგონი, ისინი ჯერ ჯავაში ჩავიდნენ, ჯავიდან კი უკვე ვლადიკავკაზში გადაიყვანეს.
ანდრეი ილარიონოვი: მოწმე ალექსანდრ კონოვალოვს შეცდომაში შეჰყავს მსმენელი (მკითხველი), როცა არ ასახელებს დერეფნის გახსნის მთავარ, ფაქტიურად კი ერთადერთ მიზეზს - ქართული სარდლობის საინიციატივო შეთავაზებას ზემო ქალაქიდან დაჭრილებისა და სამოქალაქო პირთა გაყვანაზე. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ რუსეთის სამშვიდობო ბატალიონის დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებით (რომლებიც სულ ცოტა ხნით ადრე ქართული ჯარის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებშიმონაწილეობდნენ) სავსე რუსული სამხედრო სატვირთო ავტომობილი შეუფერხებლად გაივლის ქართველების მიერ დაკავებულ ცხინვალს, იმ ქართული ნაწილების საბრძოლო განლაგებებს, რომლებიც იქ ამ დროს საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებდნენ, და დაზიანებებისა და სირთულეების გარეშე ჩადის ჯავაში, შემდეგ კი ვლადიკავკაზში.
რამდენად შეიძლება სარკისებური სურათის წარმოდგენა? მაგალითად, 11-12 აგვისტოს ქართულ სამხედრო სატვირთო ავტომობილს, დაჭრილი ქართველი მეომრებით, თამარაშენიდან სამხრეთ-ოსური და რუსული ჯარის მიერ დაკავებული ცხინვალი გაევლო, სადაც ეს ჯარები ქართველების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებდნენ, და დაუბრკოლებლად ჩაეღწია ერედვში (ნიქოზში), შემდეგ გორში და, საბოლოოდ, თბილისში?
გასაგებია, რომ ეს რიტორიკული შეკითხვაა.
20. განაგრძობდნენ თუ არა ქართველები სროლას ზემო ქალაქის მიმართულებით 8 აგვისტოს შუადღიდან 9 აგვისტოს დილამდე?
ალექსანდრ კონოვალოვი: - რვაში,სადღაც, საღამოს ექვსი საათისთვის... იყო მიღწეული შეთანხმება და გაგვიხსნეს დერეფანი.
დიმიტრი ზუბოკი: ღამემ თითქოს მშვიდად ჩაიარა, ბატალიონის ტერიტორიაზე გადაადგილებაც დავიწყეთ. წავედი, რაღაც ჩემი ნივთებიც ავიღე, ისე, წვრილმანები... წიგნები ავიღე.
დიმიტრი ზუბოკი: 9-ში დილას ქართულმა მხარემ საარტილერიო სროლები განაახლა.
ანდრეი ილარიონოვი: ამრიგად, თითქმის დღე-ღამის განმავლობაში - 8 აგვისტოს დაახლოებით შუადღიდან 9 აგვისტოს დილამდე - ზემო ქალაქის რაიონში შესამჩნევი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდა და, შესაბამისად, ქართული ჯარი არ ესროდა ზემო ქალაქში სამშვიდობო ძალების ბატალიონის განლაგებას.
21. რატომ განაახლეს ქართველებმა საარტილერიო შეტევა ზემო ქალაქზე 9 აგვისტოს დილას?
ალექსანდრ კონოვალოვი: შემდეგ, ცხრაში დილას ჩვენი ტანკები მოვიდნენ. სხვათა შორის, ერთმა ტანკისტმა თავისი საბრძოლო კომპლექტი ბოლომდე გახარჯა, შემდეგ კი პოზიციაზე მაინც გადიოდა, უბრალოდ ქართულ სპეცრაზმს აშინებდა. ჩვენი მზვერავები მის უკან დგებოდნენ და ფრთხილად გადაადგილდებოდნენ. უბრალოდ, „გადიოდა და აშინებდა“... ისე, თავს მსუბუქი იარაღითაც ვიცავდით... და ნაღმსატყორცნი დანადგარებითაც...
დიმიტრი ზუბოკი: 9 რიცხვიც მნიშვნელოვანია. მაგ დროისათვის 4 ტანკი გამოჩნდა, ჩვენი... ერთი ტანკი კი... ქართველებს არ აძლევდა საშუალებას მეორე მხრიდან შემოევლოთ და ერთადერთი დარჩენილი შესასვლელიც ჩაეხერგათ... ტანკის მძღოლი... ტანკში ჩახტა, გავიდა და, უბრალოდ, მათი დაშინება დაიწყო - „ჯერ ისევ ცოცხლები ვართ, მოგიგერიებთო“...
ანდრეი ილარიონოვი: ქართულმა ნაწილებმა საარტილერიო შეტევა ზემო ქალაქზე 9 აგვისტოს მაშინ განაახლეს, როცა იქ რუსული ტანკები მივიდნენ, რომლებიც ქართულ პოზიციებს უტევდნენ, ერთი კი ყაზარმის შესასვლელთან დადგა. სამშვიდობო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ქართველების წინააღმდეგ მსუბუქ იარაღსა და ნაღმმტყორცნებს იყენებდნენ.

22. ვისი ავიაცია ბომბავდა ცხინვალსა და რუსი სამშვიდობოების ზემო ქალაქს?
ალექსანდრ ვიქტოროვი: გარდა ტანკებისა, 8-ში ქართული ავიაციაც მოქმედებდა?
დიმიტრი ზუბოკი:ვინ ბომბავდა, ძნელი სათქმელია. როცა გარშემო მიწა იწვის და ყველაფერი ფეთქდება, ძნელია გაიგო, ვინ და საით გარბის. აღარც სკალპელის თავი გაქვს და აღარც დახმარების... რვაში, დაბომბვისას... ...და ავიადარტყმა იქნებაო. მაშინ მივხვდით, რომ „Град»-ს სარდაფი კიდევ გაუძლებდა, ავიადარტყმას კი ვერა. საავიაციო ბომბი მთლიანად ხვრეტს შენობას და სარდაფში ფეთქდება.
კრისტინა ლიტოვკა: ...ყველა ფიქრობდა, რომ ახლა წამოვლენ ჩვენი თვითმფრინავები...
ანდრეი ილარიონოვი: 8 აგვისტოს შუაღამიდან 12 აგვისტომდე, მთელი ამ დროის განმავლობაში ქართულმა ავიაციამ ორი ფრენა განახორციელა (ორივე 8 აგვისტოს): ერთი დაზვერვითი - დილის დაახლოებით ექვს საათზე და მეორე - ერთადერთი, როცა (დილის დაახლოებით 7 საათზე) ქართველმა მოიერიშეებმა ჯავა და გუფთის ხიდი დაბომბეს (წარუმატებლად). 8 აგვისტოს დილის დაახლოებით 8 საათისათვის მათი საკუთარ ბაზებზე დაბრუნების შემდეგ ომის დასრულებამდე ქართულ ავიაციას ფრენები აღარ განუხორციელებია. ცხინვალი და მით უფრო ქართული ჯარის პოზიციებიდან,ნიქოზიდან 700 მეტრში განლაგებული ზემო ქალაქი ქართულ ავიაციას არ დაუბომბავს. ისმის კითხვა:
თუ 8 აგვისტოს დილის 8 საათის შემდეგ ქართულ ავიაციას ფრენა არ განუხორციელებია და ცხინვალი და ზემო ქალაქი არ დაუბომბავს, მაშინ ვისი ავიაცია ბომბავდა ქალაქ ცხინვალსა და სამშვიდობოთა ბაზას 8-10 აგვისტოს, ვისი ბომბების ქვეშ იყვნენ მშვიდობისმყოფელები ზემო ქალაქში?
23. გამოიყენეს თუ არა ქართველებმა შესაძლებლობა იერიში მიეტანათ რუს სამშვიდობოებზე, როცა ამ უკანასკნელებმა ზემო ქალაქი დატოვეს?
ალექსანდრ კონოვალოვი: პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლების თქმით, თითქოს ორი თუ სამი ადამიანი გვყავდა დაღუპული, მე არ ვიცი რამდენი დაგვეღუპა, როცა... უკან ვიხევდით. მომენტი გაგვიჩნდა უკან დაგვეხია.
კრისტინა ლიტოვკა: ჩვენ რატომღაც ჯგუფ-ჯგუფად გავდიოდით. ჩვენგან ჯერ ტრავმატოლოგი დიმიტრი ზუბოკი წავიდა, მახსოვს, ის დაჭრილებთან ერთად წავიდა. მე, პრაქტიკულად, ბოლოსწინა მივდიოდი. სიმინდის ყანაში რომ გავრბოდით, საშა კონოვალოვს ვხედავდი. საშინელება იყო, გარბიხარ, სიმინდის ყანა ჯერ არ გაზრდილა, პატა ბუჩქებია მხოლოდ, შენ კი გარბიხარ და ამ დროს გესვრიან.
ალექსანდრ კონოვალოვი: ხო, უკან ქართული სპეცრაზმი მოგვდევდა, გვერდით, პარალელურად ქართული ტანკი მოდიოდა. გაგვიმართლა, სავარაუდოდ, ვერ გვხედავდა. მას თავისი საცეცხლე სექტორი ჰქონდა. უკან ქართული სპეცრაზმი მოგდევს, გვერდით ტანკი - უსიამოვნო შეგრძნებაა.
ანდრეი ილარიონოვი: საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაცია პოზიციების დატოვებისას მსხვერპლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ზემო ქალაქიდან გამოსვლის დროს არც ერთი მშვიდობისმყოფელი არ დაზარალებულა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დრო ტრიალ მინდორზე, ქართული ნაწილების თვალწინ გაატარეს, მეზობელ გზაზე კი ქართული ტანკი მოძრაობდა, რომელიც მათ ხედავდა. საყურადღებოა, რომ მიუხედავად სრული შესაძლებლობისა იერიში მიეტანათ სამშვიდობო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებზე და გაენადგურებინათ ისინი, ქართულ ჯარს ამის მცდელობაც კი არ ჰქონია.
24. რატომ არ დატოვა ტიმერმანმა ზემო ქალაქი 8 აგვისტოს, მაგრამ წავიდა 9 აგვისტოს?
დიმიტრი ზუბოკი: ჩვენ გამუდმებით დახმარების მოლოდინში ვიყავით. კავშირი გვქონდა და გვეუბნებოდნენ: „სადაცაა, სადაცაა“. 8-ში სულ ველოდით... თავდაცვას ვაგრძელებდით.
კრისტინა ლიტოვკა: ...დიმკამ (ზუბოკმა) მითხრა: „კრისტინა, გადაიღე! ეს გამოგვადგება, ეს საჭირო იქნება. ხომ ხედავ, ვერავინ გვეხმარება, კავშირიც არა გვაქვს, არაფერი გვაქვს. არ ვიცით, რა იქნება. რა ხანია ველით დახმარებას, გვეუბნებიან აი-აი ახლა იქნება, მაგრამ არაფერი ჩანს. უამრავი დაჭრილი გვყავს“.
ხალხი თავს იმხნევებდა, ყველა ფიქრობდა, რომ ახლა წამოვლენ ჩვენი თვითმფრინავები, მოვლენ სპეცრაზმელები, მედესანტეები... მაგრამ ამგვარი არაფერი ხდებოდა, მოჭრილები ვიყავით და მარტონი დავრჩით. საინტერესოა, რომ ბოლო მომენტამდე, პირველი გვამების გამოჩენამდე, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ეს კომპიუტერული თამაშია,სადღაც რაღაცას ისვრიან, მაგრამ ეს შენ არ გეხება, თითქოს მონაწილეობ, მაგრამ შენს თავს არ ხდება. შემდეგ კი საქმე სასაცილოდ აღარ გვქონდა, აღარც გასაღიმებლად.
დიმიტრი ზუბოკი: ღამემ თითქოს მშვიდად ჩაიარა, ბატალიონის ტერიტორიაზე გადაადგილებაც დავიწყეთ... 9 რიცხვიც მნიშვნელოვანია. მაგ დროისათვის 4 ტანკი გამოჩნდა, ჩვენი. პირველი, მგონი, იქვე ააფეთქეს. მეორემ ძრავა გადაწვა, ისიც დადგა. მახსოვს, იქიდან საბრძოლო მასალას ტვირთავდნენ. ერთი ტანკი კი ჩვენი ყაზარმის შესასვლელში იდგა. იმ დროისათვის ყაზარმის უკანა ნაწილისგან აღარაფერი იყო შერჩენილი და ის ქართველებს არ აძლევდა საშუალებას მეორე მხრიდან შემოევლოთ და ერთადერთი დარჩენილი შესასვლელიც ჩაეხერგათ... ტანკის მძღოლმა რომ გაიგო, ქართველი ქვეითები მოდიანო (იქ მახლობლად სგპ იყო), ტანკში ჩახტა, გავიდა და, უბრალოდ, მათი დაშინება დაიწყო - „ჯერ ისევ ცოცხლები ვართ, მოგიგერიებთო“...
ალექსანდრ კონოვალოვი: ბატალიონის მეთაურმა გადაწყვეტილება მიიღო ბატალიონის უკანდახევის თაობაზე...
ანდრეი ილარიონოვი: განა აღწერილი სიტუაცია უცნაურად არ გეჩვენებათ? 8 აგვისტოს, რუსული არმიის ძირითადი ნაწილისგან მოჭრილი ტიმერმანი სამშვიდობო ძალების ბატალიონს არა მარტო ტოვებს ზემო ქალაქში, არამედ თავის დაქვემდებარებაში მყოფთ ქართული ნაწილების მისამართით „გამანადგურებელი ცეცხლის გახსნასაც“ უბრძანებს. 8 აგვისტოს მთელი დღე-ღამის განმავლობაში და 9 აგვისტოს შუადღემდე „მშვიდობისმყოფელები“ ესვრიან ქართულ ჯარს და იმავდროულად ელოდებიან დახმარებას - თვითმფრინავებს, მედესანტეებს, დამატებით სპეცრაზმს. მაგრამ დახმარება არა და არ მოდის. მიუხედავად ამისა, ისინი არ ტოვებენ ზემო ქალაქის განლაგებას.

ბოლოს და ბოლოს, 9 აგვისტოს სამშვიდობო ძალთა ბატალიონთან აღწევს რუსული რეგულარული ჯარი, ზემო ქალაქში 4 რუსული ტანკი შემოდის, რომლებმაც „ქართული ნაწილების განდევნა მოახერხეს“. ამასთან, ერთი ტანკი ყაზარმის შესასვლელში დგება, მის უსაფრთხოებას იცავს. და ამ მომენტში, როცა სრულიად ცხადი ხდება, რომ სამშვიდობო ბატალიონისთვის უმძიმესი გამოწვევები უკან დარჩა, რომ უკვე მოვიდნენ რუსული რეგულარული ნაწილები ტანკების თანხლებით, ბატალიონის მეთაური მოულოდნელად ზემო ქალაქის დატოვების ბრძანებას იძლევა, რაც ადრე არ იგეგმებოდა და რაზეც ტიმერმანს თავისი სარდლობისგან ბრძანება არა და არ მიუღია.
ალექსანდრ კონოვალოვი: ...წასვლას ბოლომდე არ ვაპირებდით... ...იყო მომენტი, როცა ჩვენს დასახმარებლად პროხლადნოეს პოლკის ბატალიონი მოდიოდა...
ანდრეი ილარიონოვი: სწორედ იმ დროს, როცა მოდის პროხლადნოეს პოლკი, როცა 4 ტანკი უკვე მოსულია, ტიმერმანი ბატალიონს უბრძანებს დატოვონ ზემო ქალაქის გამაგრებული პოზიციები და სიმინდის ყანის გაშლილ ადგილზე გავიდნენ, სადაც ყველა სამხედრო მოსამსახურის მომენტალური განადგურების საფრთხე არსებობს.
რატომ? რის გამო?
როგორც ჩანს, ამ გამოცანას ისევ დიმიტრი ზუბოკი პასუხობს.
დიმიტრი ზუბოკი: კიდევ მახსოვს, შემოცვივდნენ ჩვენი სპეცრაზმელები (მე დაჭრილებთან ვიჯექი), და თქვეს, რომ ქართველი სამხედრო დაიჭირეს, თითქოს მან ჩვენს ყაზარმასთან მაჩვენებლები დააყენა და ავიადარტყმა იქნებაო. მაშინ მივხვდით, რომ „Град»-ს სარდაფი კიდევ გაუძლებდა, ავიადარტყმას კი ვერა. საავიაციო ბომბი მთლიანად ხვრეტს შენობას და სარდაფში ფეთქდება. მაშინ ბატალიონის მეთაურმა თქვა: „მორჩა, მწვანის გავლით მივდივართ...“ მწვანე... სიმინდის ყანა აღმოჩნდა. მისი გადარბენა დაჭრილებთან ერთად მოგვიხდა.
ანდრეი ილარიონოვი: როგორც ცნობილია, ქართული ავიაციის დარტყმები სამშვიდობოთა პოზიციებზე არც ყოფილა, არც იგეგმებოდა და ვერც განხორციელდებოდა. ქართული ჯარის მთავარ სამიზნეს სამხრეთ-ოსური ნაწილები წარმოადგენდა. 8 აგვისტოს დილის 8 საათის შემდეგ ქართულ ავიაციას არც ერთი ფრენა არ განუხორციელებია. მეტიც, რომც განეხორციელებინა, ნიქოზში ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული სამხედრო ბაზიდან 700 მეტრში განლაგებულ პოზიციებზე ავიადარტყმა სუიციდალური იქნებოდა. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ამ რაიონში უკვე იყვნენ ქართული ტანკები.
ეტყობა, თავისი ჩვენებებით დიმიტრი ზუბოკმა უნებლიეთ გასცა ზემო ქალაქზე ავიადარტყმის ნამდვილი სამზადისი. მაგრამ არა ქართული, არამედ რუსული ავიაციის მხრიდან. რჩება შთაბეჭდილება, რომ შეიტყო რა მოსალოდნელი რეალური საავიაციო დარტყმის შესახებ,სამშვიდობო ძალების ბატალიონის მეთაურმა ტიმერმანმა დაასკვნა, რომ რუსული ავიაციის მიერ ზემო ქალაქის დაბომბვისა და ქართული ტანკებიდან სროლების შედეგები არსებითად განსხვავებული იქნებოდა. და მაშინ, კულახმეტოვის ბრძანების მიუხედავად -არ დაეტოვებინათ ზემო ქალაქი, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ - ტიმერმანმა სამშვიდობო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს სასწრაფოდ, მცირე ჯგუფებად მისი განლაგების დატოვება უბრძანა.
ავტორი: ანდრეი ილარიონოვი.
ქართულად თარგმნა მარინა თოფურიძემ
მასალის გამოყენების პირობები






