საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, დღეს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის წევრები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს დახმარებაზე, რომელსაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას გაუწევს. ორგანიზაცია ამ დახმარებას საქართველოს მთავრობის თხოვნის საპასუხოდ განახორციელებს.
დეკემბრის პირველი კვირის განმავლობაში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი დაეხმარება ექვსი მუნიციპალიტეტის 60 სოფელში მცხოვრებ იმ 1,200-მდე ქართულ ოჯახს, რომელიც შიდა ქართლში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს. ორგანიზაციამ 200,000 დოლარზე მეტი გამოყო, ზამთრის პერიოდში, შიდა ქართლის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ყველაზე მოწყვლადი ოჯახების დასახმარებლად. კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, სადაც ბავშვების ასაკი არ აღემატება 18 წელს და მარტოხელა მოხუცებისა.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებით სამთავრობო კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა უპირატესობა მიანიჭა შეჭირვებულ პირთა გამოსაზამთრებლად აუცილებელი საჭიროებების ანაზღაურებას. ბენეფიციარების სია შეადგინეს და ორგანიზაციას მიაწოდეს მუნიციპალიტეტმა. თითოეული ოჯახი მიიღებს 300 ლარამდე თანხას, რომელიც პირდაპირ მათ საბანკო ანგარიშებზე დაირიცხება.
„ზამთრი ახლოვდება, ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან მცხოვრები პირები კი ყველაზე მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენენ. საზღვრის გააქტიურებული შემოღობვა ზღუდავს გადაადგილებას და სასიცოცხლოდ აუცილებელ საშუალებებზე წვდომას, რაც ამძიმებს ამ ადამიანების სიტუაციას. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი დიდად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, თუმცა ეს ვერ იქნება საკმარისი. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩავერთოთ ამ დახმარებაში,“ - განაცხადა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი საქართველოში სიმონე ვოლკენი.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ, ამ სოფლების მცხოვრებთა დასახმარებლად, მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციაებთან აწარმოა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს დაეხმარება.
„ისინი გამოეხმაურნენ ჩვენ მოწოდებას დონორების მიმართ და წლის ბოლოსთვის გამონახეს სერიზული რესურსები, რათა მყისიერი დახმარება გაუწიონ მოწყვლად ოჯახებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში,“ - განაცხადა კომისიის თანათავმჯდომარემ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილმა, - „ნებისმიერ შემთავევაში, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება და, როგორც ვიცი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი აპირებს მომავალ წელს უფრო სერიოზული დახმარება გაუწიოს საქართველოს ამ საქმეში.“
კომისიის თანათავმჯდომარის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, ეს არის მიზნობრივი დახმარება, გამყოფი ხაზის მიმებარე სოფლების მცხოვრებთა კონკრეტული კატეგორიებისთვის, რათა მათ სხვადასხვა საოჯახო ნივთებისა და საშუალებების შეძენა შეძლონ.
„მუნიციპალიტეტებს დაევალა, დაეხმარონ, ბანკთან ერთთად, დაეხმარონ გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს ამ პროცეში,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ, -
„მუნიციპალიტეტებივე, სოფლის რწმუნებულების დახმარებით, მიაწვდიან ინფორმაციას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს მათ ანგარიშებზე მთავრობის მიერ გათბობით უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვის თაობაზე. მთავრობის განკარგულებით, ამ საქმისთვის 2 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი გამოიყო. ეს თანხა ჩაირიცხა უკვე მუნიციპალიტეტების შესაბამის ანგარიშებზე და, როგორცკი „ლიბერთი ბანკში“ ამ ოჯახებისთვის ბარათების დამზადების პროცესი დასრულდება, მათ კუთვნილი თანხის გამოტანა შეეძლებათ.“
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის თავმჯდომარეებმა ყურადღება გაამახვილეს, ასევე, ამ სოფლების გაზიფიცირებისა და გამრიცხველიანების საკითხებზე. მათი განცხადებით, მუშაობა ორივე მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობას და სამუშოები დანიშნულ ვადებში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






