საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით ჭელაში მინარეთი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით აღადგინეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზურაბიშვილმა დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განუცხადა.
"მინარეთი ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით აღდგა. არ ვიცი ბაღათურიას ივანიშვილი შეიძლება "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ჰგონია, ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გვექნებოდა, თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მინარეთის აღმართვა სწორი გადაწყვეტილება იყო და თავის დროზე მისი იმ ფორმით დემონტაჟი საჭირო არ იყო", - აცხადებს ზურაბიშვილი.
ადიგენის რაიონის საკრებულომ სოფელ ჭელაში მინარეთის ხელახლა დადგმის გადაწყვეტილება მიიღო. საკრებულოს წევრები ორ განცხადებას განიხილავდნენ. მუსულმანი მრევლი მინარეთის აღდგენას ითხოვდა, სხვები კი ეწინააღმდეგებოდნენ. საბოლოოდ საკრებულომ მინარეთის აღმართვის ნებართვა გასცა, რასაც სოფელ ჭელაში მცხოვრები მართლმადიდებლების პროტესტი მოყვა.
ადგილობრივთა განცხადებით, ადგიგენის საკრებულოში უმრავლესობას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს. მათ კი სურთ, რომ რელიგურ ნიადაგზე რაიონში ვითარება კვლავ დაიძაბოს.
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მინარეთი ადიგენში დღეს აღმართეს.
ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარე წლის აგვისტოში განხორციელდა. ამის მიზეზად მინარეთის უკანონო მონტაჟი დასახელდა.
მასალის გამოყენების პირობები






