ხვალ, 28 ნოემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის წევრები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელებს შეხვდებიან. შეხვედრაზე ისაუბრებენ დახმარებაზე, რომელსაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას გაუწევს. ამ დახმარებას ორგანიზაცია საქართველოს მთავრობის თხოვნის საპასუხოდ განახორციელებს.
დეკემბრის პირველი კვირის განმავლობაში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი დაეხმარება ექვსი მუნიციპალიტეტის 60 სოფელში მცხოვრებ იმ 1,200-მდე ქართულ ოჯახს, რომელიც შიდა ქართლში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს. ორგანიზაციამ 200,000 დოლარზე მეტი გამოყო, ზამთრის პერიოდში, შიდა ქართლის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ყველაზე მოწყვლადი ოჯახების დასახმარებლად. კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, სადაც ბავშვების ასაკი არ აღემატება 18 წელს და მარტოხელა მოხუცებს. თითოეული ოჯახი მიიღებს 300 ლარამდე თანხას, რომელიც პირდაპირ მათ საბანკო ანგარიშებზე დაირიცხება.
მასალის გამოყენების პირობები






