ყოფილი პოლიციელი ზაზა ჭაია ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მას ურჩევს, პიროვნების სესახებ ინფორმაციის გავრცელების დროს ყოფილი ან მიმდინარე თანამდებობის შესახებ სწორი ინფორმაცია მიუთითოს. ზაზა ჭაია წერს:
„გაზეთ „ქრონიკა +“ – ში, რომლის მიმართ პატივისცემას აქვე ვადასტურებ, 2013 წლის 26 ნოემბერს გამოქვეყნდა ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილის სტატია, რომელშიც ავტორი წერს: „.. ის ასევე ბავშვობის მეგობარია, მთაწმინდის ყოფილი პოლიციის უფროსის, ჭაიასი, რომელმაც არაერთი ოპოზიციური მიტინგი დაარბია...“ სარედაქციო მინაწერში ავტორი ასევე აცხადებს, რომ „ამ სტატიით გადაჭრით არაფერს ვამტკიცებთ, ანუ, ინფორმაციას მტკიცებითი ფორმა არ გააჩნია“ , მინდა განვაცხადო, რომ სტატიაში დასახელებულ პირთა პირადი საკითხია, გამოეხმაურებიან თუ არა მათზე გავრცელებულ ინფორმაციებს. რაც შემეხება მე, ვაცხადებ, რომ მართლაც მტკიცებით ფორმაში გავრცელებული ინფორმაცია ჩემს თაობაზე, არის უბრალოდ ტყუილი, და ისეთივე ტყუილი, თითქოს მე ოდესმე ვყოფილვარ „მთაწმინდის პოლიციის უფროსი“. ვიდრე სტატიის ავტორი არ წარმოადგენს ან სასამართლო გადაწყვეტილებას, ან საგამოძიებო სამსახურის მიერ ამა თუ იმ სახით, დადასტურებულ ბრალეულობას ჩემს მიმართ, მთელი 22 წლის განმავლობაში ორგანოში მუშაობის დროს, „არაერთი ოპოზიციური მიტინგის დარბევის“ შესახებ, აღნიშნულ პუბლიკაციას ჩემთან მიმართებაში ტყუილს ვუწოდებ. ხოლო სტატიის ავტორს ვურჩევ, ვიდრე პიროვნებაზე რაიმე ინფორმაციას გაავრცელებს, მის ყოფილ თუ მიმდინარე თანამდებობრივ მდგომარეობაზე მაინც დაწეროს სიმართლე“.
მასალის გამოყენების პირობები






