მოსკოვისა და სრულიად რუსთა კათოლიკოს-პატრიარქი კირილი, შესაძლოა, უახლოეს ხანებში საქართველოში მეგობრული ვიზიტით ჩამოვიდეს.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოდან რუსეთში მოწვევა უკვე გაიგზავნა, ხოლო რუსეთის პატრიარქი მას დათანხმდა, პორტალი politico.ge ავრცელებს.
ამავე პორტალის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი პატრიარქ კირილის საქართველოში ვიზიტის ზუსტი თარიღი. რუსი პატრიარქის ვიზიტი, პორტალის ცნობით, ერთგავრ ტრადიციას დაეფუძნება, რის მიხედვითაც ახლადარჩეული პატრიარქი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მეზობელ სახელმწიფოებში მოგზაურობს.
პატრიარქი კირილი არჩევის შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა, სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულების გამო. politico.ge წერს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს მაღთლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირების გახშირებული ვიზიტები მოსკოვში სწორედ რუსეთის პატრიარქის საქართველოში ვიზიტის მომზადებას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის ეთერში, ინტერვიუს დროს, საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პატრიარქ კირილს ქართველ და რუს ხალხებს შორის „სულიერი კავშირის“ შენაჩუნებისთვის და მხარდაჭერისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






