შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკრებულოს დეპუტატის, ზურაბ ახმედოვის ავტომანქანის გატაცების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით დაკავებულია 1957 წელს დაბადებული მ.ჟ., რომელიც წარსულში მრავალჯერაა ნასარმათლევი.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თანამზრახველებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ლეთეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ საავტომობილო გზაზე, ყაჩაღურად თავს დაესხა 1983 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს, რომელსაც ბასრი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ყაჩაღურად გასტაცა მისი კუთვნილი, "ტოიოტა ლენდკრუიზერის" მარკის ავტომობილი.
სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ოსიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები" - წერია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს და 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ცნობისთვის, დეპუტატზე თავდასხმა 20 ოქტომბერს მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






