დღეს თბილისში ებრაულ დღესასწაულს - ხანუქას საზეიმოდ აღნიშნავენ. ღონისძიება რუსთაველის თეატრში გაიმართება და მას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე, ბიზნესმენები, ისრაელის მეგობრები და ოფიციალური დელეგაცია დაესწრება.
პრემიერი მისალოც სიტყვას წარმოთქვამს და ხანუქას სანთელს აანთებს.
საღამოს მასპინძლები ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესი და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა არიან. წელს, 27 ნოემბრიდან 8 დღის განმავლობაში, ისრაელსა და მსოფლიოს ყველა კუთხეში ებრაელი ხალხი და მათი მეგობრები ხანუქას დღესასწაულზე 8 სანთელს ანთებენ.
ხანუქას დღესასწაული ძვ. წ. II საუკუნეში დაწესდა და მცირერიცხოვანი მაქაბელი ებრაელების მტრის ურიცხვ ლაშქარზე გამარჯვებას დაუკავშირდება, რის შემდეგაც ებრაული ტაძარი გაიწმინდა და სატაძრო მსახურება აღდგა.
სწორედ ამიტომ ხანუქა სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე და მცირე ერების დიდ ერებზე გამარჯვების სიმბოლოა.
მასალის გამოყენების პირობები






