შს სამინისტროს ზუგდიდის სამმართველოს უფროსის მოადგილის, გარდაცვლილ ალექსანდრე დანელიას ოჯახის წევრები გამოძიებას მათ დაკითხვას სთხოვენ. როგორც დანელიას ოჯახის წევრები აცხადებენ, მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვთ და საქმის კურსში გამოძიება უნდა იყოს:
„გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და მტკიცებულებებით გაჯერებული ინფორმაცია მის საეჭვო გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვეჭვობთ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა. იურისტი ვარ და არ მინდა წინასწარ დასკვნები გავაკეთო.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი იმედი არ მაქვს გამოძიების, მსურს, რომ პირველად ინფორმაცია მათ მივაწოდო და მხოლოდ ამის შემდეგ საზოგადოებას. თუ არ მოვლენ და არ დაინტერესდებიან ამ ინფორმაციით, მაშინ გავხდით საჯაროს,“-აცხადებს გარდაცვლილის ძმა გია დანელია.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს და ყველა პირი დაიკითხება. ალექსანდრე დანელია ზუგდიდში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მას გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.
დანელია წარსულში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, ამჟამად ხურჩის ტერაქტში ბრალდებულის, რომან შამათავას მოადგილე იყო. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები






