ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთში დაახლოებით 50 ჰექტარი მიწის ფართობი ე.წ. საზღვარს იქით დარჩება. იმის გასააზრებლად, რომ მოსახლოებას საკუთარი მიწის ნაკვეთებში გადაადგილება აღარ შეეძლებათ, რუსმა მესაზღვრეებმა ამჯერად უფრო ცივილური ფორმა არჩიეს და აბრა დაამონტაჟეს.


გამაფრთხილებელი წარწერა ქართულ, ინგლისურ, ოსურ და რუსულ ენაზე იკითხება. ე.წ. ახალი საზღვრის ახლოს დაახლოებით 30 ოჯახი ცხოვრობს. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მოსახლეობას შიში გაუჩინა.
ღოღეთში პირველად ე.წ. საზღვარი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაჩნდა. რუსი სამხედროების მიერ გაკეთებული ე.წ. საზღვრის გამო მოსახლეობას საკუთარი მიწის ნაკვეთებზე უარის თქმამ მაშინაც მოუწია.
,,ნიუპოსტთან“ საუბრისას ღოღეთის მკვიდრი ნიკოლოზ შათირიშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოკუპანტები მათ საკუთარ ნაკვეთებში გადაადგილების უფლებას არ მისცემენ, სოფელი მოსახლეობისაგან დაიცლება:
,,ჩვენ მოსავლის იმედად ვცხოვრობთ, ჯერ ისედაც გაჭირვებულები ვართ და ახლა ჩვენი ბაღებიც რომ წაგვართვან, მერე რა გავაკეთოთ?! გადმოსულან რუსები შეიარაღებულები და ეს ტრაფარეტები დაუყენებიათ - ამის იქით გადასვლა არ შეიძლებაო, ჩვენი ტერიტორიააო.
მაგათი საიდან არის? მთელი სოფელი, უხსოვარი დროიდან ამ მიუწებს ვამუშავებთ... მაგრამ მაგათთან რას გავხდებით, თუ უნდათ, საზღვარს შუა სოფელში გაგვივლებენ".
ქარელის რაონის სოფელ ღოღეთში რუსმა სამხედროებმა გამაფრთხილებელი ნიშანი 2 დღის წინ დაამონტაჟეს, თუმცა ისინი ამ ტერიტორიაზე ჯერჯერობით არ პატრულირებენ. უცნობია ისიც, თუ რა შედეგებს გამოიღებს მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
გიორგი ახალკაცი, სპეციალურად „ნიუპოსტისთვის“. ავტორის ფოტოები.
მასალის გამოყენების პირობები






