შესაბამის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ეროვნული კინოცენტრი გაეროს ქალთა ორგანიზაციას სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღების პროცესში ტექნიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენს, ხელი დღეს მოეწერა. მემორანდუმი გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ და ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ გააფორმეს. ერიკა კვაპილოვას განცხადებით, კინო ადამიანებს ამ გლობალურ პრობლემასთან კიდევ უფრო დააახლოვებს: „ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში დოკუმენტურ კინოს უზარმაზარი როლის შესრულება შეუძლია“,- აღნიშნავს ერიკა კვაპილოვა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კინოდოკუმენტალისტებმა საკუთარი ფილმის სინოფსისი კინოცენტრში 15 დეკემბრამდე უნდა წარადგინონ. წარდგენილი სინოფსისების მიხედვით შეირჩევიან კონკურსანტები, რომლებსაც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე 10,11,12 იანვარს ტრენინგები ჩაუტარდებათ. საკონკურსო ნამუშევრების განხილვა 2014 წლის 3 თებერვალს დასრულდება.
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი კონკურსი ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გამოცხადდა, რომელიც 25 ნოემბერს მთელს მსოფლიოში დაიწყო. „შეღებე სამყარო ნარინჯისფრად 16 დღის განმავლობაში“! - ასეთია წელს გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ (UniTE) მთავარი გზავნილი. გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ამ კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს, რომლებიც 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.
გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ (UniTE) მიზანს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენცია და აღკვეთა წარმოადგენს. კამპანია 2008 წელს დაიწყო და მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ქალთა ორგანიზაციებს, ახალგაზრდებს, კერძო სექტორს, მედიასა და მთლიანად გაეროს სისტემას მოუწოდებს, გაერთიანდნენ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის გლობალური პანდემიის წინააღმდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






