„წამებისა და არაადამიანური მოპყრობის“ უცნაური ფაქტი დაფიქსირდა საპატიმროში – არსებული ინფორმაციით ყოფილი ოფიცრები და მათი უფროსი პატიმრებს უწყვეტად ასმენინებდნენ ახალ საბავშვო სიმღერას – “Baby Shark“–ს . ამის გამო ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
21 წლის გრეგორი კორნელ ბატლერ–უმცროსს, 21 წლის კრისტიან ჩარლზ მაილზსა და 50 წლის კრისტოფერ რეიმონდ ჰენდერშოტს აღნიშნულში სდებენ ბრალს. შემთხვევა გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში ხდებოდა ოკლაჰომას ოლქის ციხეში. მათ წინააღმდეგ ციხის ადმინისტრაციამ „პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის“ კუთხით დაიწყო საქმის წარმოება.
როგორც ცნობილია, ოფიცრები პატიმრებს ხელბორკილებს ზურგსუკან შეკრულ ხელებზე უკეთებდნენ და აიძულებდნენ ასე მდგარიყვნენ საათობით და ამ სიმღერისთვის ესმინათ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ პატიმრები მომხდარის გამო განიცდიდნენ დიდ ემოციურ და ფსიქოლოგიურ სტრესს.
მსგავსი ფაქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად არ ფიქსირდება, 2003 წელს ერაყელი ტყვეების „საწამებლადაც“ იყენებდნენ საბავშვო სიმღერებს.
მასალის გამოყენების პირობები






