ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური კოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მიმართავს და მოუწოდებს მათ უზრუნველყონ წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ გარემოში ჩატარება.
როგორც სამადაშვილმა "ნიუპოსტთან" საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის ვინაა მისი მთავარი პოლიტიკური მეტოქე, რომ ამ არჩევნებში დამარცხებულია და სწორედ ამიტომ
მიმართავს ძალადობრივ მეთოდებს.
"ქართული ოცნება დანამდვილებით აგებს არჩევნებს და ეს აისახება სწორედ იმაში, რომ არჩევნებამდე 1 თვით ადრე წინასაარჩევნო კამპანია ძალადობრივ რეჟიმში გადავიდა. ჩვენ ვხედავთ, რომ კომისიებზე, კომისიის წარმომადგენლებზე ზეწოლა ხორციელდება, რათა ოპოზიციის წარმომადგენლებს ნორმალურად მუშაობის საშუალება არ მიეცეთ.
მინდა მივმართო როგორც ქართულ ოცნებას, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას - მათ პირადად ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ შესაძლებლობა მიეცეს ყველა ოპოზიციურ პარტიას და მათ წარმომადგენლებს ნორმალურად იმუშაონ. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებამდე მშვიდ სამუშაო გარემოში მუშაობის საშუალება მოგვეცეს. დარწმუნებულები ვართ ჩვენს გამარჯვებაში და სწორედ ამიტომ არ გვაქვს არანაირი მიზეზი, რომ რაიმე ისეთი ქმედება განვახორციელოთ, რასაც დღეს მმართველი პარტია ჩვენ გვაბრალებს.
არ მიკვირს, რომ მთავარი სამიზნე ჩვენ ვართ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის ვინ არის მისი მთავარი მოწინააღმდეგე. "
მასალის გამოყენების პირობები






