"ნიუპოსტთან" საუბარში კაპანაძე აცხადებს, რომ შესაძლოა გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაშიც, თუმცა ისეთი სიმძლავრით არა, როგორც უკრაინის შემთხვევაში:
„რუსეთი რომ ჩაერია და შანტაჟის შედეგად შეაცვლევინა უკრაინას გადაწყვეტილება ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით, ეს ნათლად ჩანს თუნდაც უკრაინის პრეზიდენტის განცხადებიდან. არავის ეჭვი აღარ ეპარება ამაში, თუნდაც კარლ ბილდტისა და რუსეთის საელჩოს წარმომადგენლის შელაპარაკებაც ვნახეთ ვაშინგტონის ერთ-ერთ შეხვედრაზე. რუსეთი ამბობდა, რომ მას არავითარი გავლენა არ მოუხდენია ამ გადაწყვეტილებაზე და ბილდტმა კი უპასუხა, რომ მაშინ უკრაინის წარმომადგენლები ტყუიანო.
ნათლად ჩანს, რუსეთის მხრიდან ზეწოლა. თუ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩვენ შეიძლება რაიმე პროვოკაციის წინაშე აღმოვჩნდეთ, სრულიად ვეთანხმები, ფაქტია, რომ საქართველოსაც ექნება მსგავსი პრობლემა. შესაძლოა იგივე დოზით, იგივე ტაქტიკა არ გამოიყენოს ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა ჩვენს მიმართ, მაგრამ არსებობს ორი ტაქტიკა.
ჩვენთან მიმართებაში საბედნიეროდ ისეთი ბერკეტები აღარ აქვს რუსეთს, როგორიც ჰქონდა უკრაინასთან მიმართებაში, ყველაფერი რასაც იქ ცდის, ჩვენ გავლილი გვაქვს უკვე, ჩვენ გავიარეთ ეკონომიკური ემბარგოც, გავიარეთ ვაჭრობასთან დაკავშირებული შეზღუდვებიც, ენერგეტიკული ემბარგოც, ხალხის დეპორტაციაც, ომიც და დევნილების გამოყრაც, ამიტომ დიდი ინსტრუმენტები აღარ არსებობს.
ერთადერთი რაც შეიძლება განაგრძოს, მარტივი მაგრამ ძალიან მტკივნეული ინციდენტების სერია საოკუპაციო საზღვართან. მაგრამ ალბათ მეორე ტაქტიკა, რომელსაც აირჩევს იქნება დაყვავების ტაქტიკა, იქნებ ჩვენ ურთიერთობები დავალაგოთ და თქვენ ამით რაღაცას მიიღებთ სანაცვლოდო, ნებისმიერ შემთხვევაში წნეხი იქნება, ერთადერთი სწორი გზა აქ არის ის, რომ გადახვევის გარეშე გავაგრძელოთ სვლა ევროპული კურსისკენ.
ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, მოხდება პარაფირება, არ მგონია, რომ რამე შეიცვალოს ჩვენგან გამომდინარე“, - განაცხადა "ნიუპოსტთან" საუბრისას სერგი კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






