ადგილობრივი მაცხოვრებლები „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის სოფლიდან გაძევების მიზნით საპროტესტო აქციასაც მართავენ.
მთავარი თვითმხილველის - ჩაიხანას მეპატრონის ისმაილ ისმაილოვის განცხადებით, გუშინ, საღამოს 15-მდე ავტომობილი მივიდა მის დაწესებულებასთან, შევიდნენ ჩაიხანაში და ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს. როგორც თავად ამბობს, დიდი ხნით ადრე დაგეგმეს, რადგან მოსვლისას ზუსტად იცოდნენ, რას აკეთებდნენ:
„გუშინდელ ინციდენტს თავად შევესწარი, ეს ჩაიხანა და მაღაზია ჩემია. გუშინ, საღამოს აქვე გაჩერდა 15-მდე მანქანა, გადმოვიდნენ იქ მსხდომი პირები, ვითომ ჩაი უნდოდათ და საბოლოოდ, ეს ყველაფერი მოაწყვეს. როგორც ჩანს, წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი. შიგნით არიფ იუსუფოვი იჯდა, როდესაც „ოცნების“ ხალხი შევიდა. ვიღაც ბიჭმა მას სახეში წიხლი ჩაარტყა, შემდეგ გოჩა მიშველიანმა ფეხი ჩაარტყა. „ქართული ოცნების“ მომხრეები ხალხს სასტიკად გაუსწორდნენ. მე დამკითხეს პოლიციაში და რაც ვნახე, ყველაფერი მოვუყევი“ - აცხადებს ისმაილოვი.
„ასე როგორ შეიძლება, ამ ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს? ძალადობით არჩევნები როგორ უნდა ჩაატარონ? მე თვითონ შვიდი წელი სოფლის რწმუნებული ვიყავი, ბევრი არჩევნები ჩამიტარებია და მსგავსი არაფერი მინახავს, აქ მასწავლებლებს და ყველას, ვინც საჯარო სამსახურშია, აშინებენ, ხალხს სიმართლის თქმის ნამდვილად ეშინია“ - განაცხადა მამედ ბაირამოვმა.
შეგახსენებთ, ბოლნისის სოფელ ნახიდორში "ქართული ოცნების" 50-მდე მხარდამჭერი თავს დაესხა "გაერთიანებული ოპოზიციის" აქტივისტებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები






