საზოგადოება მისალოც ტექსტებს ყოფილი პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ტოვებს. მათი უმრავლესობა სააკაშვილს მადლობას უხდის და დაბრუნებას უსურვებს.
საინტერესო ფაქტია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, რომლებიც სააკაშვილს ვარდების რევოლუციის იუბილეს ულოცავს, მას კვლავ პრეზიდენტს უწოდებს.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
"ბატონო პრეზიდენტო, სხვანაირად არ შემიძლია მოგმართოთ, თქვენ ხართ ჩემი პრეზიდენტი, ძალიან მიხარია რომ ეს გვერდი არსებობს და შეგვიძლია გავიგოთ თქვენგან ახალი ამბები".
"ჩემო პრეზიდენტო. მინდა, პირველ რიგში თქვენ მოგილოცოთ ვარდების რევოლუციის 10 წლისთავი, რადგან ვფიქრობ, სწორედ თქვენ ხართ ამ მოვლენების სულისჩამდგმელი.თქვენს გარეშე არაფერი გამოვიდოდა. გისურვებთ წარმატებებს სამშობლოს კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. გქონდეთ ჩვენი იმედი..."
"გიორგობას გილოცავთ, ჩემო პრეზიდენტო! გფარავდეთ დიდი მხედარი თქვენს დიად საქმეში!"
"ბატონო პრეზიდენტო! მიშა, გილოცავთ ვარდების რევოლუციის 10 წლისთავს! მადლობა იმ ბედნიერი წუთებისთვის, შევარდნაძის საბჭოური ეპოქის დასრულებისთვის და იმ დიდი პროგრესისთვის, რომლის ფუძემდებელი თქვენ ხართ. გვიყვარხართ და გელოდებით!"
"დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო ყველაფრისთვის, იმედია მალე დაგვიბრუნდებით..."
აღსანიშნავია ერთი განსხვავებული კომენტარი რომელიც სააკაშვილის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს.
"ასეთი ბედნიერი ახალი წელი არ მქონია 9 წელია უკვე. ლუკმა აღარ გადადიოდა ყელში ისეთ კოშმარში ვიცხოვრეთ. დამთავრდა ეს კოშმარი ბატონებო, მე მცხვენია რომ საქართველომ ამდენი ხანი აიტანა ისეთი სამარცხვინო პრეზიდენტი როგორიც სააკაშვილი იყო".
2003 წლის 22 ნოემბერს, 16:00 საათზე, 2 ნოემბრის არჩევნების შედეგებით დაკომპლექტებული პარლამენტის სხდომაზე რომელსაც მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც ესწრებოდა, დაახლოებით 16:15 საათზე მომიტინგეები, რომელთაც წინ მიხეილ სააკაშვილი მიუძღოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ.
პირადმა დაცვამ შევარდნაძე საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან გაიყვანა.
პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის შენობების დაკავების შემდეგ, მომიტინგეები კრწანისის სამთავრობო რეზიდენციისკენ დაიძრნენ.
კვირას, 23 ნოემბერს ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2 ნოემბრის არჩევნების შედეგები გააუქმა.
2004 წლის იანვარ-მარტში ჩატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა.
ვარდების რევოლუციის ათი წლის აღსანიშნავად, დღეს დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი: რიყის პარკში ღონისძიება, 18:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორთა განცხადებით გაიმართება ფოტოგამოფენა, მხატვრების აქცია, ყვავილების გამოფენა და ბოლოს კონცერტი.
მშვიდობის ხიდზე ფოტო-აქცია "თავისუფლება ვანოს" გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები






