„ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდრეს ფონ რასმუსენის და „დემოკრატიების ალიანსის“ შემოთავაზებულ დოკუმენტს „არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის საერთაშორიოსო პრინციპებს “ უერთდება და მისი გუნდის სახელით ბატონ რასმუსენს და მის ორგანიზაციას ამ ინიციატივისთვის მადლობას უხდის.
,,პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ „არჩევნებში კეთილსინდისიერი საერთაშორისო პრინციპების“ იდეისა და შემოთავაზებისათვის, ასევე იმ უწყვეტი ყურადღებისა და დახმარებისთვის, რომელსაც ქართული, დემოკრატიის განვითარების მიმართ იჩენთ.
ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით დასაფასებელია ამ ურთულეს, პანდემიურ წინასაარჩევნო პერიოდში.
როგორც 2003 წლის ,,ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი ლიდერი, ძალიან კარგად ვაცნობიერებ თავისუფალი არჩევნებისა და დემოკატიის ფასს.
დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის ოცდამეათე წლის თავზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიაროს და შედეგად პოზიტიური ცვლილებები მივიღოთ.
ასევე მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ წარსულის გამოცდილება და ქვეყანას არასტაბილურობა და დაძაბულობა თავიდან ავაცილოთ.
ჩვენი ორგანიზაციების მიზანია 2020 წლის არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და დაცული გაყალბებისგან, დეზინფორმაციისგან, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისგან, დაშინებისგან, მორალური და ფინანსური ზეწოლისგან. დაარსების დღიდან ჩვენი პარტია - „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა,“ ამ ყველაფრის მსხვერპლი არაერთგზის ყოფილა.
ჩვენს გუნდში არაერთი ყოფილი პოლიტიკური პატიმარია, რომელნიც მხოლოდ 2013 წელს გათავისუფლდნენ. მათი აქტიური ჩართულობა ამ არჩევნებში განსაკუთრებული მოტივაცია იქნება და დიდ როლს ითამაშებს ამ შეთანხმების შესრულებაში.
ჩვენმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ უკვე რამდენიმე დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომლის მიზანიც საქართველოში დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა. ბოლო ასეთი დოკუმენტი „ IRI”-ის ხელშეწყობით შედგა.
როგორც „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ჩემი გუნდის სახელით დიდი ენთუზიაზმით და იმედით ვუერთდები და ხელს ვაწერ ამ შეთანხმებას .
პატივისცემით, ნინო ბურჯანაძე - „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე.
მასალის გამოყენების პირობები






