ა/ო „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც "ავტობუსების შეცვლის საკითხზე გამოცხადებულ ტენდერში, თბილისის საკრებულო და არასამთავრობო სექტორიც ჩაერთვება, რათა თანხების გამოყენება პოლიტიკური ინტერესებისთვის არ მოხდეს".
ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჭულუხაძემ სააგენტო „პირWელის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება და მზადყოფნას გამოთქვამს აქტიურად ჩაერთოს აღნიშნული ტენდერის მონიტორინგის პროცესში, თუმცა მიიჩნევს, რომ ტენდერის დასრულების შემდგომი მონიტორინგი მისი სამართლიანად ჩატარების სრულ სურათს ვერ მოგვცემს. გამარჯვებული კომპანიების მიერ სატენდერო პირობების სრულფასოვნად შესრულების მონიტორინგის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად სატენდერო დოკუმენტაციის შინაარსი.
წინა ხელისუფლების პირობებში, არსებობდა არაერთი ფაქტი, იმისა, რომ კონკრეტული სატენდერო დოკუმენტაცია სხვა და სხვა ბიზნეს ორგანიზაციების ინტერესებზე იყო მორგებული. შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაციის პირობები არღვევდა კანონს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, რის შედეგადაც, გარკვეულ ბიზნეს ორგანიზაციებს ტენდერში მონაწილეობის საშუალება არ ეძლეოდათ. დავების განხილვის საბჭოში წლების განმავლობაში არაერთი საჩივარია შესული, რომელთა ავტორებიც ხშირ შემთხვევაში აბსურდული საკვალიფიკაციო მოთხოვნების არსებობას ასაჩივრებდნენ. რიგ შემთხვევაში საქმე ეხებოდა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ 10-15 წლიან გამოცდილებას, ტექნიკურ სპეციფიკაციებს, რომლებსაც მხოლოდ კონკრეტული კომპანიები აკმაყოფილებდნენ, სინამდვილეში კი ეს კრიტერიუმები ტენდერის პირობების შესრულების ვერც გარანტორი და ვერც ხელის შემშლელი ფაქტორი ვერ იქნებოდა,“ – განაცხადა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ მაღალდაძემ. მისივე ინფორმაციით, უახლოეს წარსულში სწორედ მსგავსი ტექნიკური მახასიათებლები გახდა დავის საგანი თურქულ „ნიუ ჰოლანდსა“ და ჩეხურ „ზეტორს“ შორის. დავა კომპანიებს შორის სასამართლოში დღემდე გრძელდება.
ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ, რომ თბილისის საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჯგუფმა განახორციელოს სატენდერო დოკუმენტაციით დაყენებული მოთხოვნების აუცილებლობის შესწავლა.მასალის გამოყენების პირობები






