თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, როგორც გონიერმა მმართველმა შეძლო ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" მმართველობის 9-წლიან პერიოდში ქვეყნაში არც ომი ყოფილა და საქართვლოს არც ტერიტორიები დაუკარგავს.
თავდაცვის მინისტრის თქმით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ორგანიზებით დაწყებული კამპანია, ქვეყანაში სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის შეცვლის არავითარი შანსი არ არსებობდა.
„ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 8 წლის წინ, დემოკრატიის არავითარი ნიშანწყალი არ შეინიშნებოდა. 8 წლის წინ, ჩვენი ქვეყანა ცხოვრობდა თითქმის უკვე გაფორმებულ დიქტატურაში. ჩვენს მოსახლეობას, რომ არა ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი ორგანიზებით დაწყებული კამპანია, რა თქმა უნდა, სააკაშვილის დიქტატურული რეჟიმის შეცვლის არავითარი შანსი არ ჰქონდა. მე მინდა მივმართო ყველას, დავფიქრდეთ, რა პირობებში ვცხოვრობდით მაშინ. ის საქართველო შევცვალეთ და მთავარი გარდამტეხი ცვლილებები მოხდა 2012 წელს. ჩვენს ხალხთან ერთად შეუძლებელი შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა, რომ ეს დიქტატურა მოეშორებინა ქვეყნის სათავეებიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი საქართველოს არ ჰყოლია.
„გავიხსენოთ როგორი იყო წინა ხელისუფლების დემოკრატიულობა, მედიის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება და ა. შ. დღეს, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით უნდა ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ეყოლება. მთავარი მიღწევები, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობამ მოიტანა ჩვენი ქვეყნისათვის: პირველი ეს არის ჩვენი მოქალაქეების სრული თავისუფლება, რომელიც იყო სანატრელი 2012 წლამდე. მეორე არის მშვიდობა - მშვიდობამ დაისადგურა ქვეყანაში და ასევე, სტაბილურობა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






