გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში „ცესკოს“ მიერ წინასაარჩევნოდ შემუშავებულ ქცევის კოდექსს „ოცნებისგან“ დამოუკიდებლად მოაწერეს ხელი.
როგორც ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, გაერთიანებული ოპოზიციის თანამშრომლობა ოლიგარქის რეჟიმის დასამარცხებლად გრძელდება და წინასაარჩევნო ქცევის კოდექსის გარშემო მმართველი პარტიის გარეშე კიდევ ერთხელ ერთიანდებიან:
"გრძელდება ქართული ოპოზიციის უპრეცედენტო თანამშრომლობა ოლიგარქიული რეჟიმის დემოკრატიულად შესაცვლელად. დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ „ქცევის კოდექსს“ მმართველი პარტიის გარეშე, რადგან მათთან ერთად რაიმე ვალდებულების აღება ნიშნავს მგელთან კომუნიკეს დადებას, რომ ის ვეგეტარიანელი გახდება და ხორცს არ შეჭამს. ჩვენ დღეს შევასრულეთ დიდი ვაჟა ფშაველას დანაბარები "ბილწთ არ შავეკვრი ზავით". არასდროს ზავით არ შევეკვრებით ძალას,რომლის მიზანია ქვეყნის დაქსაქსვა, განადგურება. მინდა უდიდესი მადლობა მოვახსენო აქ წარმოდგენილ ქართულ პოლიტიკურ ელიტას, ოპოზიციას, ქართული პოლიტიკა ისაა, რაც ამ ფორმატში ხდება და ამას მთელი მსოფლიოში აღიარებს. ვერანაირმა ძალამ პოზიცია ვერც ერთ პარტიას და ლიდერს ვერ შეაცვლევინა იმ გზაზე, რომელსაც მივყვევით. ეს არის გამარჯვებისა და ქვეყნის ხსნის გზა", - განაცხადა ნათელაშვილმა.
პოლიტიკური ქცევის კოდექსი პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად შევიმუშავეთ. ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია, დავუმტკიცოთ მათ, რომ ჩვენ მხოლოდ დემოკრატიული თამაშის წესებით ვიხელმძღვანელებთ საარჩევნოდ. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ის ყველა შეთანხმებას არღვევს. ოპოზიციის წარმომადგენლები კი, ერთობლივი ძალისხმევით, არ მივცემთ შესაძლებლობას "ოცნებას", არჩევნები მოიპაროს - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიების ქცევის კოდექსი 12 სექტემბერს გაასაჯაროვა, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს პარტიების მხრიდან სამართლიანობის პრინციპების დაცვას, დიალოგსა და ურთიერთთანამშრომლობას.
მასალის გამოყენების პირობები






