ამ ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში კოვიდ-19 -თან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ქვეყნის ხელისუფლება ყოველ მომდევნო დღეს ინფიცირებულთა რაოდენობის სულ უფრო და უფრო მზარდ (სარეკორდო) რაოდენობის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. უკვე სრულიად ნათლად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ თავიდანვე მოქმედების არასწორი სტრატეგია აირჩია და სიტუაციის მკვეთრ გაუარესებას ახლა მოსახლეობას აბრალებს. ამასთან დაკავშირებით „დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ გააკეთა შემდეგი განცხადება:
„ მიმდინარე წლის გაზაფხულზე ხელისუფლებამ კოვიდ-19 -ის პანდემიის შესაჩერებლად ყოვლად გაუაზრებელი რადიკალური აკრძალვებით ქვეყნის ისედაც გაძვალტყავებული ეკონომიკა სულ გააჩერა, რითაც ხალხი დიდ გასაჭირში ჩააგდო, თუმცა ისინი დღემდე იხტიბარს არ იტეხდნენ და მაინც სიამაყით აცხადებდნენ, რომ მოსახლეობა დაიცვეს ვირუსის გავრცელებისგან.
ახლა, შემოდგომის დასაწყისში, უცბად „აღმოაჩინეს“, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბი საოცარი სისწრაფით იზრდება და მისი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. საოცარი კი ალბათ უფრო ისაა, რომ არავის უჩნდება კითხვა: თუ ვირუსის გავრცელების შეჩერება შეუძლებელი იყო, მაშინ ეკონომიკა მაინც რისთვის დავანგრიეთ?!
რამდენიმე დღის წინ პრემიერმა გახარიამ „დაგვამშვიდა“ და თან სიამაყით გვამცნო, რომ მთავრობას არ შეუწყვეტია მუშაობა და თუ გაზაფხულზე დღეში მხოლოდ 300 PCR ტესტს ატარებდნენ, ახლა დღეში თურმე 8000 ტესტი ტარდება და ა.შ. რა დიდი მედიკოსობა ან მათემატიკოსობა უნდა იმის მიხვედრას, რომ თუ დღეში 300 ტესტზე მეტს არ ჩაატარებ, მაშინ გამოვლენილ ინფიცირებულთა რაოდენობა ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე მასობრივი ტესტირების ჩატარების შემთხვევაში (გამოვლენილთა მაქსიმალური რაოდენობა ცხადია ვერაფრით ვერ იქნება ჩატარებული ტესტების რაოდენობაზე მეტი). პრემიერის ეს „წამოცდენა“ იმას ნიშნავს, რომ გაზაფხულზეც და შემოდგომაზეც ვირუსის მატარებელი ადამიანების რიცხვი სინამდვილეში ძალიან დიდი იყო, მაგრამ მაშინ ამაზე არ ამახვილებდნენ ყურადღებას, ვითომ არ ესმოდათ რაში იყო პრობლემის არსი, რადგან ასე აწყობდათ. მოსახლეობას სიცხეს უზომავდნენ, მხოლოდ გართულებულ შემთხვევებზე ხდებოდა რეაგირება და ხელისუფლებისთვის სასურველი სტატისტიკის შექმნა! ასე შეიქმნა კოვიდ-19 -თან წარმატებით მებრძოლი ხელისუფლების მითი!
დღეს უკვე სავსებით ნათელია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება კორონა ვირუსის საფრთხის მანიპულირებით კვლავ ცდილობს აპოკალიფსის დახატვას და მოსახლეობის დაშინებას, რათა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველს თავი მოაჩვენოს ერთადერთ მხსნელად და ეს ფაქტორი გამოიყენოს ძალაუფლების საბოლოოდ მიტაცებისთვის!
თუ მათ ეს ყველაფერი გაუვათ და მოახერხებენ ძალაუფლების ასეთი თაღლითური გზით შენარჩუნებას, მაშინ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ქვეყანა წარმოუდგენლად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. ქვეყანა წავა საერთაშორისო იზოლაციისკენ, ეკონომიკა კიდევ უფრო დაეცემა, უცხოური ინვესტიციები კიდევ უფრო მკვეთრად შემცირდება, ლარი გაუფასურდება, ფასები და ტარიფები განაგრძობს კატასტროფულ ზრდას და ა.შ.
ასე რომ, ივანიშვილის ხელისუფლების ეს მცდელობა, სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი მეთოდებით მიიტაცოს ხელისუფლება, რა თქმა უნდა სინამდვილეში ბევრად უფრო დიდი საფრთხის მატარებელია, ვიდრე კოვიდ-19 ინფექცია, რომლის დამაზიანებელი მსოფლიო სტატისტიკა, კომპეტენტური ექსპერტების შეფასებით, ისედაც აშკარად გაზვიადებულია!
ვფიქრობ ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა და ქვეყნის მთელმა საზოგადოებამ დროული რეაქცია უნდა გააკეთონ ხელისუფლების ამ თაღლითურ მცდელობაზე და მაქსიმალური ფოკუსირება მოახდინონ ივანიშვილის ხელისუფლების მზაკვრული სქემის გასანეიტრალებლად!
ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ქვეყნის გადარჩენის ფორმულა დღეს ძალიან მარტივია: „ყველანი მივდივართ არჩევნებზე და არცერთი ხმა ივანიშვილის პრორუსულ, დამანგრეველ ხელისუფლებას!“
მასალის გამოყენების პირობები






