ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ზღვისპირა ზოლში, 2 წლის მანძილზე აუქციონზე გაიტანა 107 200. კვ. მეტრი მიწა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტში 357 600 ლარი შევიდა. სინამდვილეში, კვადრატული მეტრის საბაზრო ღირებულება 30-ჯერ მეტია, ვიდრე ის ფასი, რომლითაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაყიდა ეს მიწები. გოგორიშვილის თქმით, ამით სახელმწიფოს 10 მილიონ ლარზე მეტის ზარალი მიადგა. გოგორიშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს ადამიანების ფულის მოპარვის ხარჯზე გამდიდრდეს, ამის შეცვალს კი სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები.
„მაშინ როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, როდესაც უმუშევრობა ახრჩობს ადამიანებს, კატასტროფულად იზრდება ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ქართული ოცნების ხელისუფლება ახერხებს და საკუთარ კეთილდღეობაზე და ფუფუნებაზე ფიქრობს მხოლოდ. ისინი არამარტო ანიავებენ ბიუჯეტის ფულს, არამედ ყველაფერს აკეთებენ, რათა საკუთარი კეთილდღეობისთვის რაც შეიძლება ნაკლები თანხა შევიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
დღეს მინდა შევეხო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიწების გასხვისებას. 2 წლის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საჯარო აუქციონებსა და ელექტრონულ ტენდერებზე მთლიანობაში გასხვისდა ზღვის პირა ზოლში, 107 200 კვ. მიწა. ამის შედეგად, ბიუჯეტმა მიიღო 357 600 ლარი, რაც ნიშნავს, რომ კვადრატული მეტრის ფასი 3.34 ლარი იყო. აქვე მინდა გითხრათ, რომ უმეტესობა ტენდერში თითო ადამიანი მონაწილეობდა და ხშირად ეს პრეტენდენტები ერთი და იგივე პიროვნებები არიან.
იგივე ტერიტორიაზე, კერძო მესაკუთრეები კვადრატულ მეტრს 120 ლარიდან ყიდიან. ასეთი სულ 35 შემთხვევა იყო, ერთ-ერთი მაგალითი კი არის შავი ზღვის არენის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 900 კვ. მიწის გასხვისება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კვადრატულის ფასი 30 თეთრი იყო. ამ აუქციონში კი ერთადერთი პრეტენდენტი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მერაბ წივწივაძე და შესაბამისად, მან შეიძინა ეს მთლიანი მიწა სულ რაღაც 3 911 ლარად.
ის, რომ ამ ტერიტორიაზე ბუზიც ვერ გადაიფერენს ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე, ამაზე ყველა თანხმდება. თუკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მოიქცეოდა კეთილსინდისიერად და და კვადრატული მიწის ფასი არათუ საბაზრო ღირებულება, არამედ 100 ლარი იქნებოდა, მაშინ ოზურგეთის ბიუჯეტში შევიდოდა 10 722 200 ლარი. შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტმა იზარალა 10 მილიონ ლარზე მეტი.
მინდა მივმართო ოზურგეთელებს, წარმოვიდგინოთ რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა ამ თანხით, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიძლება შექმნილიყო, რამდენ სოფელში შეიძლება მოგვარებულიყო სასმელი წყლის პრობლემა, რომელიც მნიშვნელოვანი პრობლემაა ოზურგეთის სოფლის მაცხოვრებლებისათის. ამ თანხით შეიძლება მოგვარებულიყო ინფრასტრუქტურული პრობლემები, გაზრდილიყო ხელფასები.
ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, რომ მოასწროს ქონების დაგროვება. ამ რეგიონში ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია მერაბ ჭანუკვაძე. ის და მისი გარშემომყოფები ინაწილებდნენ სახელმწიფო ქონებას. ეს არის ხალხსი ფულის მოპარვა. ამ ყველაფერს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომელსაც 31 ოქტომბერი აუცილებლად მოიტანს.“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






