პარტია ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი წინასაარჩევნო კამპანიას დროებით წყვეტს. მიზეზი პარტიის დამფუძნებელი წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის კორონავირუსით ინფიცირებაა.
პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,ყველა ის პირი, რომელსაც 6 სექტემბრის შემდეგ, ლევან გოგიჩაიშვილთან ჰქონდა კონტაქტი, იზოლირებულია. მათივე ინფორმაციით, პარტიის თითოეულ წევრს ტესირება უახლოეს დღეებში ჩაუტარდება.
ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი აცხადებს, რომ ღონისძიებებში, რომლებიც 6 სექტემბერს ქუთაისსა და გუშინ, 8 სექტემბერს თბილისში ჩატარდა, ლევან გოგიჩაიშვილი არ მონაწილეობდა.
"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თითოეულ რეკომენდაციას თანმიმდევრულად შეასრულებს პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ თითოეული წარმომადგენელი. ეპიდემიოლოგიური სამსახური უკვე ჩართულია, თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ყველა ის პირი, რომელთაც უშუალოდ ჰქონდათ კონტაქტი ლევან გოგიჩაიშვილთან 6 სექტემბრის შემდგომ პერიოდში. ასევე , უახლოეს დღეებში ჩაუტარდება ტესტირება გუნდის თითოეულ წევრს.
უპირველესყოვლისა, ჩვენთვის, ყველასთვის უმნიშვნელოვანესია ლევან გოგიჩაიშვილისა და მისი მეღლის, ვიკა ბუკიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზოგადოებას აქტიურად მივაწვდით სიახლეებს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.
რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, ჩვენი პარტია ბუნებრივია პაუზას იღებს, რადგან უპირველესი არის ჩვენი საზოგადოებისა და გარშემომყოფი პირების ჯანმრთელობა და მათი კეთილდღეობა". - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






