„მივესალმები საქართველოში NDI-ის ახალი დირექტორის ბატონი ალან გილამის დანიშვნას და მას წარმატებას ვუსურვებ“. - აცხადებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელსაც დღეს პირველი შეხვედრა ჰქონდა „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) ახალ დირექტორთან.
როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ბატონი ალან გილამი დაინტერესდა, თუ როგორი იყო ნინო ბურჯანაძის ხედვა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, ასევე თუ რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას და თავად ნინო ბურჯანაძეს, როგორი იქნება მისი საარჩევნო კამპანია და რა მესიჯებით აპირებს „ერთიანი საქართველო“ ამომრჩეველთან შეხვედრას.
ნინო ბურჯანაძემ ალან გილამს განუმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 2020 წლის არჩევნების დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარება და ამისთვის რაოდენ აუცილებელია NDI-ისთან აქტიური თანამშრომლობა.
ორივე მხარემ წუხილი გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ დამკვირვებლები ფიზიკურად ვერ ჩამოდიან საქართველოში, თუმცა ნინო ბურჯანაძე მიესალმა თანამშრომლობის დისტანციურ მუშობის ფორმასაც. ალან გილამმა ხაზი გაუსვა, რომ ხშირად იქნება ზუმ - კონფერენციები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, რათა NDI -ის ოფისი მუდმივად საქმის კურსში იყოს არჩევნების პროცესებთან დაკავშირებით.
ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის მიერ შექმნილი ხმების დაცვის შტაბი აქტიურად იმუშავებს და ხელისუფლებას არ მისცემს შედეგების გაყალბების საშუალებას.
პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მზაობა გამოთქვა, რომ უმოკლეს ვადაში NDI-ის გადაეცეს „ერთიანი საქართველოს“ ამომრჩეველთან სამუშაო შეხვედრის გრაფიკი, რათა NDI-ის წარმომადგენლები ყურადღებით დააკვირდნენ პროცესს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს წარმატება უსურვეს და შეთანხმდნენ, რომ მათი თანამშრომლობა აქტიურ ხასიათს მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






