,,ნიუპოსტი" ,,დენსუს ჯგუფის" დასკვნასთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ სასამართლოს მთავარი მიზანი ჭეშმარიტების დადგენა უნდა იყოს, რისთვისაც პროკურატურა ვალდებულია ყველა ფაქტი გამოიძიოს და შეისწავლოს. ,,თუკი პროკურატურა არ შეისწავლის ყველა ფაქტს, მაშინ ის არის ტენდენციური და გამოძიებაც, შესაბამისად, არასამართლიანი", - მიიჩნევს შაშკინი.
_ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები და როგორც შინგანა საქმეთა სამინისტროს, ასევე თავდაცვის სამინისტროს კუთხით არსებობს თანამშრომლობა ბევრ საკითხებში. ერთ-ერთი სახეობა არის თანამშრომლობა ამერიკულ კერძო კომპანიებთან, რომლებიც მუშაობენ შინაგან საქმეთა ან თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით. ეს კერძო კომპანიები არიან დაკომპლექტებული ყოფილი პოლიციის თანამშრომლებით, ან FBI-ს, იგივე მწვანე ბერეტები ან დელტას ყოფილი მებრძოლებით თუ ეს არის თავდაცვის სამინისტროს კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის კერძო კომპანიები, მათ აქვთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ეხმარება შს სამინისტროს არის ,,დენსუსი", ეს კომპანია მუშაობდა ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროსაც და მუშაობას აგრძელებს დღესაც. როდესაც მოხდა 26 მაისის უკანონო აქციის დაშლა, მაშინვე სახელმწიფო დეპარტამენტმა შეუკვეთა ანალიზი ამ კომნპანიას 26 მაისის აქციის შესახებ. გამომდინარე პარტნიორობიდან, სახელმწიფო დეპარტამენტისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, ჰქონოდა ინფორმაცია, ის სამწუხარო მსხვერპლი, რომელიც მოჰყვა ამ დაშლას, იყო დაგეგმვის ბრალი, ეს იყო შეგნებულად გაკეთებული თუ იყო სხვა კონკრეტული პრობლემები. როცა ასეთი აქცია სრულდება მსხვერპლით, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხდება სიტუაციის ანალიზი. ამ კომპანიამ შესწავლა, გააკეთა კვლევა, დადო ანალიზი, სადაც პირდაპირ წერია, რომ დაგეგმარება იყო აბსოლუტურად სწორი.
_როგორც თქვენ განმარტეთ, საუბარია სპეცოპერაციის დაგეგმვაზე ანუ, ის რასაც ვანო მერაბიშვილს ედავებიან, რამაც მსხვერპლი გამოიწვია, ,,დენსუს გუპის" დასკვნის თანახმად მერაბიშვილის ბრალეულობა არ იკვეთება, მაგრამ რაც შეეხება ძალის გადამეტებას, რამდენადაც ცნობილია, ამაზეც არის კომპანიის დასკვნაში საუბარი...
_ფაქტია, მაშინდელ მინისტრს მერაბიშვილს ხომ ვერ შეედავებიან იმაზე, რომ თავად უშუალოდ გადაამეტა ძალას, ანუ ედავებიან იმას, რომ დაგეგმარება იყო არასწორი, რამაც გამოიწვია მსხვერპლი. ამერიკულმა კომპანიამ კი თქვა, რომ ოპერაციის დაგეგმვა იყო სწორი, რაც ევალებოდა შს მინისტრს, ყველაგფერი გაკეთდა სწორად. სამწუხაროდ მსხვერპლი იყო განპირობებული რამდენიმე ფაქტორით, ერთ-ერთი იყო ის, რომ საუბედუროდ დაშლის დროს იყო დარღვევები, დასკვნაშიც არის მითითებული, რომ რამდენიმე პოლიციელმა დაშლის დროს დაარღვია კანონი და მოხდა ძალის გადამეტება. მაგრამ ამ დასკვნაშივე ძალიან ხაზგასმით წერია, რომ ოპერაციის დაგეგმვა იყო აბსოლუტურად სწორი.
_თავად ამერიკული რამდენად სამართლიანად მიიჩნევდა 26 მაისი აქციის დაშლას?
_არავის ეჭვიც კი არ ჰქონია თავად ამ ოპერაციის ლეგიტიმურობაში, დღესაც ვანო მერაბიშვილს არ ედავებიან იმაზე, თუ რატომ დაშალა, პრკურატურა ედავება უფლებამოსილების გადაჭარბებაზე, რის გამოც იყო მსხვერპლი და კონკრეტული ადამიანის უფლებები დაირღვა.

_პროკურატურა თავის განცხადებაში ამბობს, რომ ის არ მიიღებს ამ დასკვნას პროცედურული დარღვევების გამო...
_,,დენსუსის" დასკვნა უკვე დიდი ხანია დევს. როცა დაიწყო საქმის გამოძიება, პროკურატურა არც დაინტერესებულა ამ ანგარიშით. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების პროცესში ადვოკატები მიუთითებდნენ, რომ არსებობს ასეთი დასკვნა. პროკურატურამ საერთოდ უარი განაცხადა ამ დასკვნის გადათარგმნაზეც კი. ადვოკატებმა ეს დასკვნა გადათარგმნეს და ჩადეს საქმეში, როგორც მტკიცებულება. პროკურატურა დაობს იმაზე, რომ თურმე ადვოკატებს არ აქვთ მითითებული, თუ რომელი ექსპერტის მიერ არის დაწერილი ეს დასკვნა...
_დიახ, პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია: ,,მოწმის სახით დასაკითხ პირთა სიაში არ შეიყვანეს ანგარიშის შემდგენი, რაც მხარეებს მისცემდა საშუალებას მიეღოთ განმარტებები დასკვნასთან დაკავშირებით".
_კიდევ დავაზუსტებ, რომ აღნიშნულმა კერძო კომპანიამ ეს დასკვნა მოამზადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეკვეთით, სადაც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ვანო მერაბიშვილის ბრალეულობა არ არსებობს და დაგეგმილი ოპერაცია იყო სწორი. პროკურატურა დაობს პროცედურულ დარღვევებზე, რაც რეალურად არ არის, მაგრამ მე ვსვამ კითხვას, ასეც რომ იყოს, საერთოდ ნებისმიერი სასამართლო საქმის დროს მთავარი არის ჭეშმარიტების დადგენა, გასაგებია რომ პროკურატურა არის ბრალდების მხარე, მაგრამ იგივე ბრალდების მხარე, ისევე როგორც დაცვის მახარე, პირველ რიგში უნდა იყოს დაინტერესებული ჭეშმარიტების დადგენით, ამას იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე ასწავლიან სტუდენტებს. აქაც ჩნდება ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა - თუ ყველას უნდა ჭეშმარიტების დადგენა, მაშინ რატომ აკეთებს პროკურატურა ყველაფერს იმისათვის, რომ ეს დასკვნა არ იყოს მიღებული მტკიცებულების სახით? რატომ თავად არ მოითხოვა გამოძიების პროცესში? ეს პროკურატურის ვალდებულება, დაადგინოს ყველანაირი გარემოება (ეს უკვე ცოტა მეგოვიანებით, მესამე კურსზე ისწავლება), ყველა ფაქტი შეისწავლოს და თუკი პროკურატურა არ შეისწავლის ყველა ფაქტს, მაშინ ის არის ტენდენციური და გამოძიებაც, შესაბამისად, არასამართლიანი.
_პროკურატურა რამდენად ითვალისწინებს ნინო ბურჯანაძის პოზიციას, როცა ის აცხადებს, რომ 26 მაისი აქცია იყო კანონიერი და რომ მოხდა აქციის არასამართლიანად დაშლა?
_აქაც საინტერესო ფაქტთან გვაქვს საქმე, პროკურატურაში ბრალდების მტკიცებულების სახით არის არასამთავრობო ორგანიზაციების გაუგებარი დასკვნები და ჩვენ ვიცით რამდენად ,,ობიექტურია" ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში და ვინ დგას მათ უკან... აი, ამ არასამთავრობოთა დასკვნებს იშველიებს პროკურატურა, როგორც მტკიცებულებად და ამავდროულად უარს ამბობს ოფიციალური პარტნიორი სახელმწიფოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთითა და დაფინანსებით მომზადებულ დასკვნაზე.
გასაგებია, რომ თუკი ეს დასკვნა ჩაიდება საქმეში, განხილვასაც კი აზრი არ ექნება, იმიტომ რომ თეთრზე შავით წერია, რომ არანაირი შეცდომები დაგეგმარების პროცესში არ იყო. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, თერაპევტმა პაციენტს დიაგნოზი დაუსვას სწორი, ქირურგთან გაუშვას ოპერაციისთვის, ხოლო ოპერაციაზე პაციენტის გარდაცვალების გამო, მოსთხოვო არა ქირურგს პასუხი, არამედ თერაპევტს - დიაგნოზი არასწორი იყოო... გარდა ამისა, არავინ არ საუბრობს იმ პოლიციელზე, რომელიც აქციის ორგანიზატორთა ესკორტმა იმსხვერპლა და რომელსაც ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი დარჩა...
მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავს, თუ რატომ არ იღებს ამერიკული კომპანია ,,დენსუს გრუპის" დასკვნას ვანო მერაბიშვილის საქმეში, როგორც მტკიცებულებას, ამის მიზეზად პორკურატურა პროცედურულ დარღვევებს ასახელებს: "ივანე მერაბიშვილის ბრალდების საქმეზე, დაცვის მხარის მიერ კანონის არსებითი დარღვევით სასამართლოსათვის წარდგენილ დენსუსის ჯგუფის ანგარიშთან დაკავშირებით, ბრალდების მხარე განმარტავს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ დოკუმენტი დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც შექმნა იგი.
ივანე მერაბიშვილის დაცვის მხარემ, უგულვებელყო ზემოაღნიშნული მოთხოვნა და კანონის არსებითი დარღვევით წარადგინა სასამართლოში დენსუსის ჯგუფის ანგარიში. კერძოდ, მათ მოწმის სახით დასაკითხ პირთა სიაში არ შეიყვანეს ანგარიშის შემდგენი, რაც მხარეებს მისცემდა საშუალებას მიეღოთ განმარტებები დასკვნასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა კანონის არსებითი დარღვევით წარმოდგენილი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობაზე.
ამავდროულად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის განცხადება, თითქოსდა, დენსუსის ჯგუფის ანგარიში გამამართლებელი მტკიცებულებაა, ვინაიდან საქმეში არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს ივანე მერაბიშვილისათვის წარდგენილ ბრალდებას, ხოლო დაცვის მხარის განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






