გუშინ გავრცელდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ქართული საზოგადოებისადმი, რომელიც მან პირდაპირ ეთერში გააკეთა უკრაინიდან. საუბარი იყო საქართველოში შექმნილ უმძიმეს პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე და მისი დაძლევის გზებზე. გარდა საერთო პოზიტიური განწყობისა, ამ მიმართვამ საზოგადოების ერთ ნაწილში როგორც სჩანს მაინც რაღაც გაურკვევლობა და ზოგიერთი პოლიტიკოსის არაადეკვატური რეაქციაც კი გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით „დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ გააკეთა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს მესამე პრეზიდენტის - ბატონი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ მკაფიო პასუხი გასცა მისი ჩამოსვლის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის და უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციიდან ქვეყნის გამოყვანის შესახებ ყველა იმ კითხვას, რომელიც დაგროვდა ჩვენს საზოგადოებაში - მის პოლიტიკურ მომხრეებსა თუ მოწინააღმდეგეებში. ამ მიმართვაზე ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილის რეაქციამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა ის ძალიან მძიმე სურათი, ის ანტისახელმწიფოებრივი, მახინჯი სოციალური სტერეოტიპები და კლიშეები, რომელის დამკვიდრებას წლების განმავლობაში ასე თავგამოდებით ცდილობდა და ცდილობს ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება, რუსეთის სპეცსამსახურები, მათი ღია თუ ფარული მოკავშირეები ქართულ პოლიტიკოსებში თუ რიგით მოქალაქეებში.

დღეს, დევნილობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ეფუძნება სწორედ იმ ყალბ კლიშეს, რომელიც რუსეთის „FSB“ -ს აგენტურამ და მისმა მსტოვრებმა სხვადასხვა ბინძური მეთოდებით დაამკვიდრეს საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში. ამ კლიშეს არსი არის ის, რომ თითქოს: „სააკაშვილმა ჩაიდინა ათასი უბედურება, რომ ის სისხლის სამართლის დამნაშავეა, რომ მან დააქცია საქართველო, რომ მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და თუ ის საქართველოში დაბრუნდება მას დააპატიმრებენ რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება, აღდგეს სამართლიანობა და ა.შ.“
ასეთი ყალბი სტერეოტიპის დამკვიდრებას ცდილობს ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება და პუტინის რუსეთი მთელი მსოფლიოს ცივილური სამყაროს ჯანსაღი დამოკიდებულების, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების - ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების, საწინააღმდეგოდ.
სიმართლე კი ის არის, რომ : მთელი მსოფლიოს პროგრესულ, დემოკრატიულ საზოგადოებას მიაჩნია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი არის გმირი, რომელმაც სწრაფი რადიკალური რეფორმებით შეძლო პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სასწაულის მოხდენა - ჩამორჩენილი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკისგან შექმნა სამაგალითო ქვეყანა. უმოკლეს დროში დაამარცხა კორუფცია, ნეპოტიზმი, ორგანიზებული დანაშაული და შექმნა გამართული სახელმწიფო ინსტიტუციები, დააწინაურა ახალგაზრდა, განათლებული კადრები; ქვეყნის ეკონომიკა გაზარდა 4-ჯერ (სახელმწიფო ბიუჯეტი გაზარდა 10-ჯერ), ააშენა და განაახლა ქვეყნის მთელი ინფრასტრუქტურა, შექმნა მძლავრი ტურისტული ინდუსტრია; შექმნა სრულიად ახალი - თანამედროვე ტიპის პოლიცია, NATO -ს სტანდარტების ქართული ჯარი, მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს წონა და ავტორიტეტი საერთაშორისო პოლიტიკაში და საქართველოს დაუმკვიდრა რეგიონული პოლიტიკური ლიდერი-სახელმწიფოს ავტორიტეტი.
ძალიან მოკლე დროში ამ ურთულესი ამოცანების გადაწყვეტა ისეთ ქვეყანაში, სადაც გამეფებული იყო კორუფცია, ნეპოტიზმი, ორგანიზებული დანაშაული და ყვაოდა საბჭოთა კრიმინალურ-ქურდული მენტალიტეტი, რა თქმა უნდა შეუძლებელი იყო იმ პრინციპული და თავგანწირული ბრძოლის გარეშე, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ გამოუცხადა:
· ნომენკლატურულ, ეკონომიკურ მაფიოზურ კლანებს,
· კრიმინალურ - ქურდულ სამყაროს,
· რუსეთის სპეცსამსახურებს.
ამ უმძიმეს ომში საერთო ჯამში მიღწეულ იქნა დიდი გამარჯვება, თუმცა, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, სამწუხაროდ იყო შეცდომებიც და ძალიან დასანანი დანაკარგებიც, რისთვისაც საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მისცა შესაბამისი ახსნა-განმარტება და ბოდიშიც მოუხადა.
ეს არის სიმართლე და ამ სიმართლის ერთადერთი ობიექტური კრიტერიუმი, ერთადერთი სწორი საზომია საქართველოს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში და მის განვითარებაში სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მიღწეული კონკრეტული შედეგები და არა ივანიშვილის უპრინციპო, ხელისუფლების პოპულისტური, ცრუ დაპირებები.
... და მაინც საზოგადოებაში ტრიალებს კითხვა - როდის ჩამოვა მიხეილ სააკაშვილი?! ჩამოვა თუ არა საერთოდ და ამის შესახებ რა გვითხრა მან თავის გუშინდელ ტელემიმართვაში?!
მიხეილ სააკაშვილმა ამ კითხვას გუშინ ვფიქრობ მკაფიოდ და სრულიად ერთმნიშვნელოვნად გასცა პასუხი, თუმცა ზოგიერთმა ჟურნალისტმა თუ პოლიტიკოსმა მისი პასუხი როგორც სჩანს მაინც კარგად ვერ/არ გაიგო.
საკითხის სწორად აღსაქმელად, ვფიქრობ პირველ რიგში საჭიროა კარგად გავიგოთ და გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ მთელი საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება მიიჩნევს, რომ სააკაშვილი არის არა ძებნილი, არამედ უსამართლოდ პოლიტიკურად დევნილი პრეზიდენტი.
ამის ნათელი დასტურია, ის რომ სააკაშვილს არათუ არაფერს ერჩის საერთაშორისო პოლიტიკური თუ სხვადასხვა სამართალდამცავი ორგანიზაციები (მათ შორის ინტერპოლი), არამედ პირიქით მათ ის გმირად და სამაგალითო პოლიტიკოსად მიაჩნიათ. ამასვე ადასტურებს ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილს და მისი ხელისუფლების ყოფილ წევრებს იწვევენ რიგი განვითარებული ქვეყნების მთავრობები კონსულტანტებად და სერიოზულ სამთავრობო თანამდებობებზე, რათა გაიზიარონ მათი ცოდნა და გამოცდილება პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების საკითხებში და ა.შ.
ამ ფაქტის გათვალისწინებით, პირველ რიგში კითხვა ვფიქრობ ეკუთვნის არა თვითონ მიხეილ სააკაშვილს - თუ რატომ არ ჩამოდის ან როდის აპირებს ის ჩამოსვლას, არამედ კითხვა ეკუთვნის საქართველოს ხელისუფლებას და მთლიანად ქართულ საზოგადოებას (მათ შორის მთელ პოლიტიკურ სპექტრს), და ეს კითხვა ასეთია:
როგორ დავუშვით ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დევნაშია და რის გაკეთებას ვაპირებთ იმისთვის, რომ ეს უსამართლობა გამოვასწოროთ?
მეორეს მხრივ, ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც დღეს ივანიშვილის მოძალადე, არადემოკრატიული რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის პროდასავლური ვექტორისკენ დაბრუნება შეუძლია - ესაა მიხეილ სააკაშვილი! ამიტომ ივანიშვილისთვის და რუსეთისთვის მთავარი პრობლემა სააკაშვილია და არა ნებისმიერი სხვა საკითხი!
თავად მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელ ტელეინტერვიუში ნათლად და გასაგებად გვითხრა, რომ
ის მზად არის დაუყონებლივ ჩამოვიდეს, იტვირთოს მთელი ის პრობლემები რაც დავაგროვეთ ჩვენ ამ ბოლო რვა წლის განმავლობაში, ქვეყანა ამოიყვანოს იმ ჭაობიდან, რაშიც ჩაგვითრია ივანიშვილის პრორუსულმა, კორუმპირებულმა ხელისუფლებამ და კვლავ გაგვიყვანოს განვითარების და კეთილდღეობის ევრო-ატლანტურ გზაზე!
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის თარიღი პირველ რიგში რა თქმა უნდა დამოკიდებულია ჩვენზე, საზოგადოების მხარდაჭერაზე და არჩევნების გზით მისთვის ნდობის მანდატის მიცემაზე, რათა მას საშუალება (უფლება) მივცეთ ჩამოვიდეს, გამოასწოროს არსებული უმსგავსო და უპერსპექტივო სიტუაცია და კვლავ დაიწყოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის აქტიური პროცესი.
ის ვინც ელის სააკაშვილის ფიზიკურად დაბრუნებას არჩევნებამდე, ჩემი აზრით, კარგად არა აქვს გაცნობიერებული საკუთარი როლი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ამიტომ გარედან ელის შველას. საქმე კი ვფიქრობ პირიქითაა - პრეზიდენტი მზად არის დასაბრუნებლად, ჩვენ კი ალბათ სათანადოდ არ/ვერ ვართ მზად“, ამიტომ საზოგადოების მეტი კონსოლიდაცია და თითოეული ჩვენთაგანის პრინციპული, თავდაუზოგავი ბრძოლაა საჭირო საერთო გამარჯვების მისაღწევად.
მასალის გამოყენების პირობები






