15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ თვითმკვლელობის მომენტში ლუკა სირაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ადვოკატის მტკიცებით, გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურია.
„მე აქამდე თავს ვიკავებდი, არ მინდა მედიასაშუალებები ყოფილიყვნენ კვაზი სასამართლოს ფუნქციის შესრულების წინაპირობა, რაც სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ხდება. ლუკა სირაძე იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, რომელზეც არავინ არასდროს საუბრობდა, ეს უმნიშვნელოვანესი დასკვნა იქნება გასაჯაროვებული.
დედის პოზიცია გახლდათ ის, თითქოს მარიანა ჩოლოიანმა მიიყვანა ლუკა სირაძე იმ მდგომარეობამდე, რომ ის გადმოხტა კორპუსიდან. ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ლუკა სირაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მხოლოდ დედის განცხადება არ არის საკმარისი.
დედის ინტერესი იყო გარდაცვლილი შვილის მდგომარეობა. დედა სასამართლოზე აცხადებდა, რომ მას და მის შვილს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაც კი აუკრძალეს, თუმცა ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ისინი შედიან საპირფარეშოში, თუნდაც ეს ელემენტარული არის ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ დედის მიერ მიცემული ინფორმაცია არის სუბიექტური.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლიანობის ტესტი ვერ და არ ჩააბარა. ჩვენ ვაპირებთ
სამართლებრივ ბრძოლას და ეს ბრძოლა იქნება მარიანა ჩოლოიანის გამართლებამდე“, – ამბობს ადვოკატი.
15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ბავშვი მშობელთან ერთად გამოკითხეს და ფსიქოლოგიური ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მათ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს. გამოძიებას სწორედ ის განყოფილება აწარმოებს, სადაც არასრულწლოვანზე, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიურად იძალადეს.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცავს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.
ვინ არის მარიანა ჩოლოიანი?
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მარიანა ჩოლოიანი ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეში.
ორგანიზაციის განცხადებით, გოგუაძე 2011 წლის 26 მაისს, ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. როგორც საიაში ამბობენ, დასჯისა და აღიარებითი ჩვენების მოპოვებისთვის გოგუაძეზე იყო როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობა.
ორგანიზაციის განცხადებით, ჩოლოიანმა სასამართლოში ძალადობა უარყო. ამავე დროს, კი 2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასათანადო მოპყრობა დადგენილად მიიჩნია.
radiotavisupleba.ge
მასალის გამოყენების პირობები






